ჩრდილოვანი ეკონომიკა, ასტრონომიული ფასები და ინფლაცია…
By

 ჩრდილოვანი ეკონომიკა, ასტრონომიული ფასები და ინფლაცია…

იმდენად გართულდა ოჯახის გამოკვება, რომ სასოწარკვეთილმა ადამიანებმა არ იციან, რას და როგორ ამყოფინონ ოჯახური ბიუჯეტი. შედიხარ მაღაზიაში და დაბნეული აფიქსირებ ფასებს, ასტრონომიული სისწრაფით რომ მატულობს თითქმის ყოველდღიურად. ხილის და ბოსტნეულის ფასები ლამის ხორცის ფასს დაეწია, ეს უკანასკნელი კი ზუსტად ევროპული სუპერმარკეტების ფასებს გაუტოლდა, მაგრამ „იქ“ ხელფასებია აბსოლუტურად განსხვავებული, ფასები კი ყველაზე დაბალხელფასიან მომხმარებელზე გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც თვეში 1100-1250 ევროს (ხელფასის მინიმუმი) იღებს, 300 ევრო ჰყოფნის საკვებით უზრუნველსაყოფად. ამ თანხით ევროპაში მცხოვრები, ხელგაშლილად ყიდულობს ოჯახისთვის (ორ-სამ კაცზე) ხორცს, ბოსტნეულს, მარცვლეულს თუ ხილს და ტკბილეულს. დანარჩენი ფულით შეუძლია შეიმოსოს და სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯები დაფაროს. აქვე შეგახსენებთ, რომ კომუნალურებს ევროპელები სამ-ოთხ თვეში ერთხელ იხდიან და თუ არ აქვთ გადახდის საშუალება, სახელმწიფო ეხმარება. იგივე სახელმწიფო ეხმარება უმუშევრად დარჩენილთ და ზემოთ ხსენებული ხელფასის ოდენობით უხდის უმუშევრობის კომპენსაციას, სხვადასხვა სამუშაოს შეთავაზების პარალელურად. თუკი წლის განმავლობაში ბენეფიციარის მოსაწონი სამუშაო ვერ შეირჩა, თანხა ნახევრდება, მაგრამ მაინც ეძლევა. აქვე გათვლილია ბავშვების და მოხუცების მოვლის ხარჯები, რაც შეეხება მედიცინას და წამლებს, თითქმის უფასოა. ცხადია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სხვადასხვაა სოციალურად დაუცველთა მიმართ გატარებული პოლიტიკა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – იქ არ ეშინიათ ხვალინდელი დღის და არ იტანჯებიან იმაზე ფიქრით, რა აჭამონ ბავშვებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპა ევროპაა (აშშ, კანადა თუ ავსტრალია -იაპონიაზე აღარაფერს ვამბობ), მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც დონეზე მაინც გადაიჭრას ფასების მატების პრობლემა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი სტატუსის სახელმწიფოსთვის კიდევ კარგად ვახერხებთ ეკონომიკის მართვას, თან ყველაფერ ამას თუ პოლიტიკურად არეულ ვითარებას დავუმატებთ, გასაგები იქნება რატომ ვერ ამოვედით ზედაპირზე.

გადავხედოთ სტატისტიკას: საქსტატის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა, რის ფორმირებაზეც ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.9%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.1%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.2%-იანი ზრდა); განათლება (2.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); კავშირგაბმულობა (4.7%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.4%), ზეთი და ცხიმი (2.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%), პური და პურპროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3%).

სპეციალისტები თვლიან, რომ ყველაფერ ამაზე გავლენას ახდენს ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც ისევ ყვავის ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ აწყობს ამ ფენომენის აღმოფხვრა, რადან მცირე ბიზნესის ზოგიერთი მიმართულება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას უწყობს ხელს. ეკონომისტ აკაკი ცომაიას განცხადებით: „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ რაღაც ნაწილი ეკონომიკაში ყოველთვის იქნება როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში“.

ეკონომისტმა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მიმდინარე მაჩვენებლებზე ისაუბრა: „შეგახსენებთ, 2024 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში 12.9%-ს შეადგენდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 91.9 მლრდ ლარი იყო, სადაც არაფორმალურ ეკონომიკაზე დაახლოებით 11.8 მლრდ ლარი მოდიოდა. ეს მაჩვენებელი მოიცავს ყველა იმ არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის მიღმაა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ყველაზე მაღალი განთავსებისა და კვების დარგებში იყო და 49.9%-ს შეადგენდა“.

როგორც აკაკი ცომაია განმარტავს, სავარაუდოა, რომ კვებისა და განთავსების დარგებიდან ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მაღალი განთავსების სექტორშია. მისი თქმით, ამ დარგში იგულისხმება ის მომსახურებები, რომლებიც დაბეგვრადი ეკონომიკის მიღმაა, მაგალითად, ასეთია კერძო ბინების გაქირავება ხელშეკრულების გარეშე.

„ჩრდილოვანი ეკონომიკა“ ეკონომიკურ ჭრილში, მაინც და მაინც, არალეგალურ ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობას არ ნიშნავს. მაგალითად, ასეთი ეკონომიკის ნაწილი არიან რეპეტიტორები, რომლებიც ამზადებენ აბიტურიენტებს და საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიან; ასევე ტაქსისტები, გარემოვაჭრეები და სხვა, თუმცა ეს არ არის კრიმინალი. კვების სექტორში, ალბათ, უფრო ნაკლებია „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ წილი. განთავსების სექტორს რაც შეეხება, აქ იგულისხმება ხალხი, რომელიც აქირავებს ბინებს. მაგალითად, ამ ნაწილში არის ბევრი უძრავი ქონება, რომელიც ქირავდება ხელშეკრულების გარეშე და არ იხდიან გადასახადებს“, – ამბობს აკაკი ცომაია.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზოგიერთი დარგის დაბეგვრა არამომგებიანია ხელისუფლებისთვის როგორც პოლიტიკურ, ასევე მორალურ კონტექსტში.

„ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ვერცერთი სექტორი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი დარგი, რომ მშპ გაზარდოს. მეორე მხრივ, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ დაბეგვრით ძალიან ბევრმა ისეთმა ადამიანმა უნდა იზარალოს, რომელიც მოკრძალებულ შემოსავალს იღებს დაუბეგრავ ეკონომიკაში საქმიანობით. ამასთანავე, პოპულისტური მიზნებითაც არ აწყობს არცერთ ქვეყანას, რომ ებრძოლოს „ჩრდილოვან ეკონომიკას“. გარდა ამისა, საბიუჯეტო შემოსავლებს დიდად ვერ გაზრდის და არ ღირს ეს ამად – უფრო მეტი უნდა დახარჯოს ხელისუფლებამ „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ რომელიმე დარგის დაბეგვრით, ვიდრე შემოსავალს მიიღებს და თან პოლიტიკურადაც დამაზიანებელია.

მეტიც, განვითარებულ სამყაროში, „ჩრდილოვან ეკონომიკას“ ბევრი ფაქტორი ემატება. მაგალითად, ემიგრაციის დიდი ნაწილი თანხმდება სამუშაოს, სადაც მინიმალურ ხელფასზე ნაკლებს გადაუხდიან. ესეც „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ნაწილია, მაგრამ არცერთ მთავრობას არ მოუვა აზრად, რომ ცეცხლით და მახვილით დაუწყოს ბრძოლა „ჩრდილოვან ეკონომიკას“, რადგან ხარჯიანია და გარდა ამისა, არამორალურად გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც ებრძვის ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მინიმალურზე დაბალ ხელფასზე“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

 

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *