
,,ტრამპი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო ბრუტალური იარაღი მიაწოდოს“
საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კვლავ რუსეთ-უკრაინის ომია, რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და, გარკვეულწილად, არსებული მსოფლიო წესრიგი შეცვლა. ეს ომი რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებადაც შეიძლება განვიხილოთ.
უდავოა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მისი მსხვერპლი შესაძლოა რომელიმე ევროპული (აღარაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე) სახელმწიფო გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია აშშ-ის მკაფიო გზავნილები რუსეთის მიმართ. ამ მხრივ, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა გაეროში და უკრაინის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს პოზიცია და უსაფრთხოების სტრატეგია მრავალპოლუსიან სამყაროში. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე.
– როგორ აფასებთ აშშ–ის პრეზიდენტის გამოსვლას გაეროში, რა გზავნილები იკითხებოდა ამ მიმართებით?
– ტრამპის გაეროში გამოსვლა თავისი პოლიტიკური მანერისგან განსხვავებული თითქმის არაფრით ყოფილა. მან არაერთი ისეთი საკითხი წამოჭრა, რომელსაც აქამდეც ბევრჯერ შეხებია, როგორებიც არის ომების დასრულება, რითაც ძალიან ამაყობს, ენერგოპოლიტიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. გზავნილებმა, ჩემი აზრით, აჩვენა, რომ ტრამპი არც ისე დადებითად არის განწყობილი გაეროს ბიუროკრატიის მიმართ და, პრინციპში, მას უკვე არც ისე ქმედით ორგანიზაციად განიხილავს.
– გაეროში ტრამპი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს, რა ცხადყო ამ შეხვედრამ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით?
– ვფიქრობ, შეხვედრამ ცხადყო, რომ ტრამპი მეტად უკმაყოფილოა რუსეთის მიერ ომის გაგრძელებით და დაზავებაზე უარით, რის გამოც მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო ბრუტალური იარაღი მიაწოდოს. ტრამპის მიერ 6 ოქტომბრის განცხადებით ირკვევა, რომ შემდეგი ნაბიჯი უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემაა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის ომის მიმდინარეობას რუსეთის დასუსტების მიმართულებით.
– აშშ–ის პრეზიდენტმა რუსეთს ,,ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, ეს რისი მანიშნებელია?
– ვფიქრობ, ამერიკელებისთვის ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო, რომ რუსეთი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებდა ფრონტზე რაიმე ხელშესახები გარდატეხის შეტანას. მეტიც, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დიდი ტერიტორიები, რომლებიც რუსებმა ომის დაწყების შემდეგ საერთოდაც დატოვეს. ცხადია, უკრაინის, როგორც ომში მყოფი ქვეყნის, მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ, ალბათ ბევრისთვის გაოცებასაც იწვევს რუსეთის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ბირთვული სახელმწიფოს მიერ უკრაინაში წლების განმავლობაში უძრავად ჩარჩენა, თანაც უკრაინის მასშტაბებისთვის არც ისე დიდ ტერიტორიაზე. ამდენად, ტრამპმა თქვა ისეთი რამ, რისი თქმაც აქამდე პუტინისთვის ბევრს სურდა, მაგრამ დიპლომატიური ეტიკეტი არ აძლევდა საშუალებას. როგორც ვიცით, ტრამპისთვის ეს მაინც და მაინც არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი.
– სხვათა შორის, ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინას, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერით, შეუძლია იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც ამ ომის დაწყებამდე აკონტროლებდა, რას ფიქრობთ?
– ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის მორალისა და განწყობის ამაღლებას ემსახურება, თუმცა, მეორე მხრივ, თუ უკრაინა მართლაც მიიღებს საკმარისი რაოდენობით „ტომაჰავკებს“ და უფლებას, თავს დაესხას რუსეთის ენერგობაზებს, მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნაა შესაძლებელი. ეს უკვე აისახა კიდეც საწვავზე დაწესებულ შეზღუდვებში რუსეთის არაერთ რეგიონში.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაეროში, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას არაფრით მიუქცევია ყურადღება, მას არ დაუყენებია არცერთი ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისთვის კრიტიკული საკითხი, როგორებიცაა ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული შესაძლებლობები, საქართველოს როლი შუა დერეფნისა და ტრამპის ახალი მარშრუტის მიმართულებით. გაეროს რაიმე ფუნქცია თუკი შერჩა, ერთ-ერთი იშვიათთაგანი ალბათ კრიტიკული პრობლემების გახმოვანება და ყურადღების მიქცევაა, ჩვენ კი, ძირითადად, მმართველი პარტიის და საქართველოს ვითომდა ჯანსაღი ეკონომიკის შექება მოვისმინეთ.
– ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო ქრება საერთაშორისო რადარებიდან, რამდენად საფუძველიანია ასეთი მოსაზრება?
– სამწუხაროდ, ასეა. საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ყურადღების მიპყრობა და ფუნქციის ერთგვარი აღდგენა, ეს რეგიონულ პროექტებში მონაწილეობაა. ასეთმა პროექტებმა საქართველოსთვის უსაფრთხოებაც შეიძლება მოიტანოს, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტიის მიერ მათში მონაწილეობის სურვილი ნამდვილად არ შეინიშნება.
– თქვენ ამას წინათ ამერიკაში ,,კონსერვატორების ” შეხვედრაზე იყავით, გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– მადლობა ამ კითხვისთვის. სექტემბრის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში გაიმართა „ეროვნულ-კონსერვატიული“ კონფერენცია, სადაც ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ სენატორები და კონგრესმენები, ასევე ტრამპის გუნდის მოკავშირე მრავალი ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ საქართველოდან ამ, ვიტყოდი, გრანდიოზულ ღონისძიებას არავინ დასწრებია და, ფაქტობრივად, მარტოს მომიწია ყოფნა. სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტა მუდმივად ტოვებს მსგავს ღონისძიებებს და არ ცდილობს ამ ახალ, ეროვნულ იდეალებზე აწყობილ მოძრაობებს გამოეხმაუროს, რასაც დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში ვხედავთ. ღონისძიებაზე დიდი დრო დაეთმო საშინაო გამოწვევების განხილვას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საგარეო მიმართულებაც ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირების კონტექსტში, ასევე, ირანისა და რუსეთის საკითხი. მინდა ყურადღება გავამახვილო ყბადაღებული იზოლაციონისტების თემაზე. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მათი გამოკვეთილ უმცირესობაში ყოფნა და მათ წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული არგუმენტირებული დაპირისპირება, რაც ამერიკელი „კონსერვატორების“ და MAGA-ს ბაზის აქტიური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებაზე მიუთითებს. ცხადია, ვისურვებდი, საქართველოს ჰქონდეს შანსი, ხშირად ჰყავდეს წარმომადგენელი მსგავს ღონისძიებებზე.
– გვერდს ვერ ავუვლით უკრაინას, მან, გარკვეულწილად, შეძლო ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა, იბომბება ნავთობსადენი და გაზსადენი ობიექტები. . .
– რაც პირდაპირ არის „რესპუბლიკელების“ და ტრამპის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური ვექტორის შედეგი. ბევრს მიაჩნია, რომ თავისით ხდება, როდესაც უკრაინა ნავთობის ბაზებს ბომბავს. რეალურად, უკრაინას ამის საშუალება სწორედ ამერიკელების მიერ ნავთობმოპოვების რეგულაციების მოხსნამ მისცა, რამაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაწია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგალითისთვის, ბაიდენის დროს, მაღალი ფასის გამო, მკაცრად აკონტროლებდნენ უკრაინის მიერ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის საკითხს. ამდენად, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ, ჩვენთვის სასიამოვნო სიახლეს უნდა ველოდოთ.
– სხვათა შორის, ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსკოვზე ზემოქმედებისთვის მთავარი ნავთობის ფასის დაწევაა, როგორც თავის დროზე რეიგანმა გააკეთა. . .
– ცხადია. რუსეთი არ არის ინდუსტრიული ეკონომიკა, არამედ მისი შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ ნედლეულის გაყიდვაზე მოდის. ამდენად, თუ ნავთობისგან მიღებული შემოსავლები რუსეთს გადაეკეტება, მას ომის დაფინანსების პრობლემები შეექმნება.
– დაბოლოს, აშკარაა რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა, ამ მხრივ საქართველოს უსაფრთხოების პლატფორმა რა არის?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, რთული საკითხების წამოჭრის მიუხედავად, რაც სწორედ მრავალპოლუსიანობას მოჰყვა, აქაც გამოჩნდა საქართველოსთვის უსაფრთხოების შესაძლებლობა, ისევე, როგორც 90-იანი წლების ბოლოს – შევარდნაძის მიერ განხორციელებული ნავთობსადენის პროექტი. ეს არის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო ამ ორი დერეფნის არასაიმედოობა და ჩვენი, როგორც აზიიდან ევროპაში საქონლის გამტარის ფუნქციის აღდგენა. ეს ეხება არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ ენერგოუსაფრთხოებასაც. საინტერესოა, რომ ეს არის რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტია, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაზე გამავალი გზა ჩინეთის ინტერესში შედის და მას რუსეთი ვერ დაუპირისპირდება, ვინაიდან ვალშია უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე. ამდენად, სწორი მუშაობის და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ გარანტიების მოპოვება, მით უმეტეს, რომ შუა დერეფნით აშშ-იც არის დაინტერესებული, უფრო მეტად – ინდოეთის როლიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენი მმართველი პარტიის მხრიდან, ჯერჯერობით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.
ლაშა ხომერიკი