გუნდის მართვის ხელოვნება – ლიდერობა სადაც საჭიროა, ყველგან მარტივად უმკლავდება საქმეს
By

გუნდის მართვის ხელოვნება – ლიდერობა სადაც საჭიროა, ყველგან მარტივად უმკლავდება საქმეს

ჩვენი სტუმარია რესტორან „პანორამას“ გენერალური მენეჯერი დავით ლაკერბაია. დავითის პროფესიული გზა მიზანდასახულობისა და მუდმივი განვითარების მაგალითია. მან მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას შეისწავლა. ეს გამოცდილება საფუძვლად დაედო მის დღევანდელ საქმიანობას – რესტორან „პანორამას“ წარმატებულ მართვას. დავითის მიდგომა დისციპლინას, სუბორდინაციასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას ეფუძნება. მისთვის მენეჯერი, პირველ რიგში, ლიდერია – ადამიანი, რომელიც გუნდს სწორი მიმართულებით უძღვება. თანამშრომლებს მოტივაციას განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობით უმაღლებს, შეცდომებს კი სწავლების და პროფესიული ზრდის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს. მისი ხელმძღვანელობით „პანორამა“ მხოლოდ რესტორანი აღარ არის, ეს არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, გუნდური სული და ინოვაციური ხედვა ყოველდღიურად ქმნის წარმატების ისტორიას.

დავით, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა, გზა – რესტორან „პანორამამდე“…

– ჩემი კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მოსკოვში რესტორნების ბიზნესს უძღვებოდა და ბავშვობიდანვე მქონდა შეხება ამ სფეროსთან, თავიდან ამ საქმით არ დავინტერესებულვარ. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ჩემი ოჯახი ომის შემდეგ მოსკოვში გადასახლდა. მეც იქ დავიბადე. მოსკოვიდან რომ ჩემოვედი, თავდაპირველად, მაშინდელი „პრივატბანკის“ განვადების მენეჯერი ვიყავი, შემდეგ ბინების ყიდვა-გაყიდვის კომპანიაში – გაყიდვების მენეჯერი, ბევრი რომ არ ვისაუბრო, წლების განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში ვიმუშავე. 2018 წელს მე და ჩემმა ბიძაშვილმა საათების ონლაინმაღაზია გავხსენით, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. საკმაოდ კარგად წავიდა მუშაობა და შეიძლება ითქვას, სრულფასოვნად მანდ შევისწავლე მენეჯმენტი, სტაფთან მუშაობის სპეციფიკა და ა.შ. კურიერები გვყავდა, თუმცა იმდენად ბევრი შეკვეთა გვქონდა, მეც მიმქონდა ადგილზე. მალევე გავითქვით სახელი და ჩვენი ონლაინმაღაზია თბილისში ერთ-ერთი ცნობილი გახდა. შემდეგ კოვიდპანდემია დაიწყო და შეიძლება ითქვას, ჩვენი შემოსავალი გახუთმაგდა. არ ვიცი, რატომ, ალბათ, ყველა სახლში ასე იყო – ხელფასები ერიცხებოდათ და არ იცოდნენ, სად დაეხარჯათ. ყველა ონლაინმაღაზია ძალიან კარგად მუშაობდა. მაშინ საათების მაღაზიებიც არ იყო ბევრი და ამანაც თავისი როლი ითამაშა. შემდეგ თბილისში რესტორანი „ხედი“ გაიხსნა, სადაც გასაუბრებაზე მივედი. რაღაც პერიოდი ვიმუშავე, შემდეგ კი, როცა ბათუმში რესტორანი „პანორამა“ გაიხსნა, აქეთ წამოვედი. ცოტა ხნით ვაპირებდი გაჩერებას, თუმცა უკვე 4 წელია, აქ ვარ. როცა ჩამოვედი, ადგილზე საკმაოდ ძლიერი მენეჯმენტი და სტაფი დამხვდა. ამ სფეროში ჩემზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ლომებში რომ შეგაგდებენ, ისე შევვარდი ამ რესტორანში (იცინის). გახსნამდე პირველი 3-4 თვე საერთოდ არ დამისვენია, ყოველდღე რესტორანში ვიყავი. ავეჯის მოტანა იქნებოდა თუ სხვა რამ, დიდ მონაწილეობას ვიღებდი. რესტორანი რომ გავხსენით, მენეჯერებისგან ყოველდღე ვსწავლობდი რაღაცას. ვცდილობდი, ყველაფერში სიღრმისეულად გავრკვეულიყავი. თან, ცოტა სიამაყეც მძლევდა და არ ვიმჩნევდი, რაღაც თუ არ ვიცოდი (იცინის), თუმცა შეცდომებზე ვსწავლობდი, რაც ვფიქრობ კარგი თვისებაა. ნელ-ნელა სრულფასოვნად შევისწავლე ყველაფერი და სითამამეც მომემატა. გარდა მენეჯმენტისა, რესტორნის განვითარებაშიც მივიღე მონაწილეობა, იქნებოდა ეს რეკლამა, პიარი თუ სხვა.

– თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი მენეჯერი?

– კარგი მენეჯერი, პირველ რიგში, უნდა იყოს კარგი ლიდერი. გუნდის ლიდერი თუ ხარ, სტაფი უნდა გრძნობდეს, რომ ზურგს უკან ჰყავთ მმართველი, რომელიც ნებისმიერ მომენტში დაიცავს, გვერდით დაუდგება, ასწავლის და ა.შ. ვისაც ლიდერის თვისებები არ აქვს, შესაძლოა ლიდერობა ვერც ისწავლოს, თუმცა, როცა ლომებში შეგაგდებენ, სხვა გზა არ გაქვს (იცინის), ყველაფერს სწავლობ, რადგან ისინი ლიდერები არიან და შენც უნდა გახდე.

როგორია თქვენი ურთიერთობა სტაფთან, როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას – მკაცრ ხელმძღვანელობასა და მეგობრულ დამოკიდებულებას შორის?

– ჩემი ურთიერთობა სტაფთან მაქსიმალურად სუბორდინაციის დაცვით ხდება. სამსახურში გუნდის წევრებთან არ ვმეგობრობ, არც ერთად დავდივართ სადმე. შეიძლება დაბადების დღეზე, ან ქორწილში ცოტა ხნით მივიდე, მივულოცო და წამოვიდე. თუ ადამიანთან მეგობრობ, მაშინ მმართველობა არ გამოგივა. შენი ქვეშევრდომი ყოველთვის ცდილობს, დაგიმეგობრდეს, რადგან შემდეგ ნაკლები მოსთხოვო, ნაკლები შენიშვნა მისცე და ა.შ. შემდეგ გეტყვის: ძმები არა ვართ? როცა სტაფის აყვანა დავიწყეთ, თავიდანვე დავიცავი სუბორდინაცია. სხვა სამსახურებშიც მსგავსი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის. ჩემი ჩარჩოები მაქვს, სადაც ახლოს არავის ვუშვებ. ჩემს პირადულში არავის ვახედებ, რადგან სამსახური სამსახურია. რბილი არ ვარ, თუმცა სიმკაცრეც არ უნდა გიწევდეს, როცა მენეჯერი ხარ. უკვე იმ დონეზე აქვთ გამომუშავებული ყველაფერი და ისე მიცნობენ, იციან, როცა შევხედავ – რა მომწონს, რა – არა, რა როგორ უნდა იყოს და ა.შ. რესტორნის მუშაობაც უკვე ისეა დალაგებული, ყველამ იცის თავისი საქმე.

– როგორ მოტივაციას აძლევთ თანამშრომლებს, განსაკუთრებით რთულ დღეებში?

– ყველაზე დიდი მოტივაცია, ვფიქრობ, თანამშრომლისთვის დაწინაურება და ხელფასის მომატებაა. დამიწინაურებია კიდეც – ორი ჰოსტესი მენეჯერად გადამიყვანია. ვინც რესტორნის სფეროში ერკვევა, იცის, ჰოსტესიდან მენეჯერობამდე ასვლა რა დიდი ნახტომია. როცა სტაფის სხვა წევრები უყურებენ ამას, ეს, ჩემი აზრით ყველაზე დიდი მოტივაციაა. ერთ ადგილას არ ვაჩერებ არავის, თუ ვხედავ, რომ მეტი შეუძლია და იმსახურებს.

შეცდომები ახსენეთ, თუ დაგიშვიათ მენეჯმენტში ისეთი შეცდომა, რამაც რაღაც გასწავლათ?

– ბევრი შეცდომა დამიშვია და ყველა შეცდომაზე ვისწავლე, არცერთი უყურადღებოდ არ დამიტოვებია. ჩვენს ბიზნესში დიდი შეცდომა არ არსებობს, თუ ასეთი მოხდა, ამას რესტორნის დახურვა მოჰყვება. მადლობა ღმერთს, ჯერ მსგავსი არ დამიშვია (იცინის). რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს და ხარვეზებს, ბევრი ყოფილა, თუმცა მალევე მოგვიგვარებია. ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში მუშაობას, ყველას ვეუბნები, რომ შეცდომის დაშვება ზოგჯერ კარგიცაა, არ უნდა ინერვიულონ, რადგან ამაზე აუცილებლად ისწავლიან. მნიშვნელოვანია, შენს მმართველს, თუ დირექტორს შენს შეცდომებზე როგორი რეაგირება ექნება. თუ გადაირია და ერთი ამბავი დაათენა, აუცილებლად მოტივაციას კარგავ და შიშით მუშაობ, რაც ცუდია. თუ შენი შეცდომის განხილვა მიდის და რჩევას გაძლევენ – როგორ გამოასწორო, მაშინ უკვე ბევრად მარტივია ყველაფერი. გამიმართლა, რომ მყავდა ისეთი მმართველი, რომელთან ერთადაც ვისხედით და ჩემს შეცდომებს განვიხილავდით. ახლა ყველაფერი იდეალურად გვაქვს აწყობილი.

გუნდში რა კრიტერიუმებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– პირველ რიგში, დისციპლინა. ჩვენთან სამსახურს ვინც იწყებს, ყველას ვეუბნები, რომ მთავარია დისციპლინა, სუბორდინაცია მენეჯერებთან, გენერალურ მენეჯერთან. კომუნიკაცია უნდა იყოს აწყობილი პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე. დაახლოებთ 80-დან 100-მდე თანამშრომელი გვყავს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენთან არავის აყენებენ შეურაცხყოფას. თუ შევატყვე, რომ ვიღაცას ზედმეტი მოსდის, მარტივად ვემშვიდობები. ვინც დისციპლინას არ იცავს, მათთვის ჯარიმებიც გვაქვს.

როგორ ინარჩუნებთ ერთიან გუნდურ სულს ისეთ დინამიკურ სფეროში, როგორიცაა რესტორნის ბიზნესი?

– ეს ყველაფერი მმართველზეა დამოკიდებული. ბევრს არ შეუძლია ადამიანების კონტროლი. გვქონდა კიდეც შემთხვევა, როცა ამ მხრივ სუსტი მენეჯრი გვყოლია და მასთან დამშვიდობება მოგვიწია. მთავარია, ვინ არის ლიდერი. თუ გუნდს ჰყავს ლიდერი და მას ყველა მიჰყვება, შემდეგ ბევრად მარტივია ყველაფერი.

რა გამოწვევებია სეზონურ ქალაქში რესტორნის მართვისას?

– იცით, როგორი ბიზნესია? სულ კონკურენციაში ხარ. ახალი რესტორნები იხსნება, რაც კარგია, ჯანსაღი კონკურენციის გარეშე მოდუნებული ხარ. ჩვენი რესტორანი არ არის მხოლოდ ზაფხულის სეზონზე გათვლილი, თუმცა სულ ვცდილობთ, სიახლე შემოვიტანოთ. სამი წლის წინ, ივენთების მოწყობა რომ დავიწყეთ, ზამთარში მსგავსი ივენთები ბათუმში არ ტარდებოდა. მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ეწყობოდა. ვცდილობთ, ახალი სერვისები შევთავაზოთ სტუმრებს, რესტორანშიც სულ განახლებული მენიუ გვაქვს. მხოლოდ ტურისტებზე ორიენტირებულები არ ვართ, პირიქით, ჩვენთვის მთავარია სტაბილური სტუმარი, ვინც ყოველთვის გვყავს, ისინი შევინარჩუნოთ.

უკუკავშირს თუ იღებთ სტუმრებისგან და როგორ იყენებთ ამას სამუშაო პროცესში?

– რა თქმა უნდა, უკუკავშირს ყოველთვის ვიღებთ, სხვადასხვა საიტზეც გვიწერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. ისეთი სისტემა გვაქვს აწყობილი, როცა სტუმარი მიდის, დამშვიდობების დროს მიმტანიც და ჰოსტესებიც ეკითხებიან, როგორ ჩაიარა საღამომ, რა მოეწონათ, რა – არა. საერთო ჩატი გვაქვს, სადაც დღის ბოლოს თანამშრომლები სტუმრებისგან მიღებულ ინფორმაციას პლუსებისა და მინუსების სახით აგზავნიან. კვირაში ერთხელ მმართველი გუნდი ვიკრიბებით და განვიხილავთ – რა მინუსები გაჟღერდა, რომ სამომავლოდ გამოვასწოროთ. სეზონზე, რა თქმა უნდა, მინუსები ოდნავ მეტია – როცა ერთ მაგიდაზე 5 ჯავშანი მოდის, შეიძლება რაღაც გამოეპაროთ, ან რაიმე ხარვეზი მოხდეს. ეს ყველგან ასეა, მაგრამ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი ხარვეზები და ისე ვიმუშაოთ, ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. თუ ვინმე უკმაყოფილოა, გვაქვს შემუშავებული ისეთი მექანიზმი, რომ სახლში გავუგზავნოთ კერძები, პატარ-პატარა საჩუქრები გავუკეთოთ. თუ სტუმარს რამე არ მოეწონება, იქვე ადგილზე შეგვიძლია ანგარიში დავუხუროთ, მოკლედ, ვცდილობთ, არავინ დავტოვოთ უკმაყოფილო.

– ივენთების ორგანიზების ისტორია როგორ დაიწყო?
34-ე სართულზე „რუფტოფ 34-ის“ ვერანდა თავიდან გადახურული გვქონდა და ხელის მოწერის, ან საქორწინო ცერემონიალების მოწყობა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა პოპულარობით სარგებლობდა-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. შემდეგ სალი ბეთლისთან ერთად, რომელიც ჩვენი რესტორნის არტდირექტორია, ივენთების მოწყობა მოვიფიქრეთ. სალის ჰყავდა მეგობარი სააგენტო, რომელიც მოიყვანა და ივენთების კეთება დავიწყეთ. ხალხმა აიტაცა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „რუფტოფ 34“ საქართველოში საუკეთესო ადგილია გასართობად. სალის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მინდა მადლობა გადავუხადო მას.

– რა ტიპის ივენთების ორგანიზება გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?

– ჩვენთან არ არის მძიმე მუსიკა, უფრო კლუბურ ივენთებს ვაწყობთ. გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა (23+) და ჩვენი ივენთები, ძირითადად, მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენთან ბავშვები არ დადიან და ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა შემოსვლა. ივენთების ღამეს ტელეფონი არ ჩერდება, ხანდახან გათიშვაც მიწევს იმიტომ, რომ ისეთი ხალხი მირეკავს და შემოსვლას მთხოვს, არც კი ვიცნობ. ეს, ერთი მხრივ, დამღლელია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, ანუ ჩვენი ივენთები პოპულარული და მოთხოვნადია. როცა ცნობილი დიჯეები და არტისტები ჩამოგვყავს, სტუმრები სპეციალურად თბილისიდან და უცხოეთიდანაც კი ჩამოდიან. ამ ტიპის ივენთების ორგანიზება ყველაზე კომფორტულია ჩემთვის, მაგრამ რაც გარეთ ხდება, საკმაოდ რთული და შრომატევადიცაა.
– რომელ ივენთს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე დასამახსოვრებელს?

– ივენთებს ვაწყობთ როგორც რესტორან „რუფტოფ 34“-ში, ასევე, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ და რესტორან „ჯი17“-ში. გამიკეთებია თბილისში და გუდაურშიც. აქედან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ 31 მაისს „რუფტოფ 34“-ის სეზონის გახსნა იყო, როცა დიჯეი ემანუელ ჯალი გვყავდა მოწვული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული დიჯეია. „ლე მერიდიენის“ ყველა ივენთი გამორჩეულია, განსაკუთრებით ტერასაზე, თუმცა გამოვყოფდი 16 აგვისტოს დიმასელის ივენთს. „ჯი17“- ში გამოვყოფდი 25 ივლისის ივენთს, როცა დიჯეი ბუნ ხაფა გვყავდა. ეს რესტორანი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, განსაკუთრებით, ბოლო ივენთმა, სადაც 600-700 ადამიანი მოვიდა.

დამღლელი დღის შემდეგ როგორ ისვენებთ, გაქვთ ჰობი, რომელიც გეხმარებათ ენერგიის აღდგენაში?

– ვარჯიში. სტაბილურად მე-4 წელია ვვარჯიშობ. ბევრ ნეგატიურ ენერგიას ვტოვებ დარბაზში და შემდეგ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. თუ დრო მაქვს, იშვიათად, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ.
მენეჯერი რომ არ ყოფილიყავით, რომელ პროფესიას აირჩევდით სიამოვნებით?

– ალბათ ფეხბურთის სფეროში წავიდოდი, თუნდაც მწვრთნელად. სიმართლე გითხრათ, ლიდერობა სადაც საჭიროა, ყველგან მარტივად გავუმკლავდებოდი საქმეს. მომწონს მართვა, როცა გუნდს მიზანს უსახავ და მოგყვებიან.
რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენს კომპანიას დიდი გეგმები აქვს. მალე თბილისში „ორბი ჯგუფთან“ ერთად ვხსნით „პანორამა თბილისს“, კორპუსი უკვე აშენებული და დასრულებულია, მალე შიდა სამუშაოები დაიწყება. ძალიან კარგი პროექტი იქნება. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე პროექტზე მუშაობს ჩვენი კომპანია, რის შესახებაც ნელ-ნელა გაიგებთ.

 

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *