„აუცილებლად დავწერ ძვირფას აჭარლებზე“
By

„აუცილებლად დავწერ ძვირფას აჭარლებზე“

შორენა თალაკვაძე თავის სიტყვას ამბობს თანამედროვე ქართულ მწერლობაში. მისი მონაწილეობა საერთაშორისი ლიტერატურულ ფესტივალში „ზე-კართან“ შემთხვევითი არ იყო. იგი „აჭარასთან“ ფესტივალის მნიშვნელობასა და სხვა თემებზე საუბრობს

– ქალბატონო შორენა, გაეცანით ჩვენი გაზეთის მკითხველს.

– მე გახლავართ შორენა თალაკვაძე, პოეზიაში ფსევდონიმით – ოშო. ლექსების კრებულის „ზურგის ქარი“ ავტორი. თადარიგს ვიჭერ ლექსების ახალ კრებულზე. პროფესიით ვარ ჟურნალისტი.

– ფესტივალის „ზე-კართან“ ორგანიზატორმა პირველ დღეს საზოგადოების წინაშე ოშო თალაკვაძედ წარგადგინათ, რასაც თქვენი მხრიდან რეაქცია მოჰყვა. . .

– „ოშო“ ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავია, მამა სიყვარულითა და მოფერებით მეძახდა, მერე დედაც და ძმაც, მთელი ოჯახი. იმ დროიდან ჩემი სახელის ინტერპრეტაციაა ერთგვარად, არაფერ შუაში არაა სხვა ფაქტორები, მით უმეტეს ინდოელი გურუ?! მამა ცოცხალი აღარაა და ჩემი კრებულები ვერ ნახა, მაგრამ ჩემი წარმატების გულწრფელად სჯეროდა. მასაც ძალიან კარგად ესმოდა პოეზია, უყვარდა, მოსწონდა ღირებული ლექსი, ჩემი ლექსის პირველი მსმენელი იყო. მოკლედ, ასეა და როცა ოშოს მეძახიან, ძალიან მსიამოვნებს, მგონი, სახელზე მეტადაც .. .

– გეგელიძეები, შუბანი, საფუტკრეთი, ჩაო და ბოლოს ხულო – ყველგან საკუთარი ლექსებით წარსდექით აუდიტორიის წინაშე. ახალი ლექსიც ხომ არ მოგძალებიათ?

– კი, ყველგან საკუთარი ლექსით წარვსდექი და მინდა გითხრათ, მომავალშიც გამყვება ეს შთაბეჭდილება, სხალთის ტაძრის ფოტოებიც მაქვს. . . უეჭველად დავბრუნდები აქ, ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად დავწერ მთიან აჭარაზე და ძვირფას აჭარლებზე. ჩემთვის არ ძველდება ნამდვილი და ძლიერი ემოცია. მინდა მოგითხროთ ერთი ისტორია. დიდი პოეტის ფრიდონ ხალვაშის სოფელში სტუმრობისას, სადაც მასზე ძალიან საინტერესო ფილმიც ვნახე, გავიცანი ფრიდონის რძალი, ზაზა ხალვაშის მეუღლე, ქალბატონი ნინო პაპუნიძე. ვისაუბრეთ ბატონი ზაზას წიგნზე, რომლის შეძენაც შესაძლებელი იყო ადგილზე. საუბარია სცენარებზე, რომელიც ვერ განახორციელა ბატონმა ზაზამ. მოვინდომე შეძენა ჩემი შვილისთვის, რომელმაც შარშან დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი. ქალბატონმა ნინომ ამის გამო ბატონი ზაზას მეორე წიგნიც მაჩუქა, ლევანს (ჩემი შვილია) წაუღე ზაზასგან საჩუქრადო, ეს ისეთი ამაღელვებელი ამბავი იყო, არასდროს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, ლევანსაც ძალიან გაუხარდა საჩუქარი და მადლიერია.

– სპეციალობით ჟურნალისტი, წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოემშვიდობეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იმ წლებში გალაკტიონ ტაბიძის ნათესავი იყო ფაკულტეტის მდივანი. ბატონ ნოდარ ტაბიძესთან ურთიერთობის რა ეპიზოდებს გაიხსენებთ?

მე 90-იანელი ვარ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც მაგ დროს დავამთავრე. დეკანი გახლდათ ბატონი ნოდარ ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი, მაგრამ მე ტელე-ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და არ მქონდა მასთან აქტიური შეხება. სამაგიეროდ, დიდი გიორგი ლეონიძის ვაჟთან, ნიკო ლეონიძესთან ვმეგობრობდი როგორც ყველა ჩემი ჯგუფელი. ის გახლდათ ჩვენი ფაკულტეტის დეკანი. მრავალი გასახსენებელი ისტორიაა, მაგრამ ერთს გამოვარჩევ: ჩვენი ჯგუფისთვის ბატონმა ნიკომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საეთერო დრო მოითხოვა და მისცეს, გადაცემას ვაკეთებდით, „საწინდარი“ – ასე ერქვა. ჰოდა, მე გიორგი ჭანტურიასთან და ირინა სარიშვილთან მქონდა პირველი ინტერვიუ – როგორც იტყვიან, ნათლობა ტელეჟურნალისტიკაში. ბატონმა ნიკომ ძალიან მოიწონ ჩემი ნამუშევარი და დიდი მომავალი მიწინასწარმეტყველა. მეც ასეთს ვხედავდი ჩემს კარიერას ჟურნალისტიკაში, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის ისე ვერ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა.

– ბატონმა ნიკომ თუ იცოდა, ლექსებს რომ წერდით?

– არა, მაშინ არ ვწერდი ასე აქტიურად, ვერც ეცოდინებოდა.

– გაიხსენეთ პირველი ლექსი, რომელიც მაშინდელ პერიოდულ პრესაში დაიბეჭდა. . .

– ხომ გეუბნებით, არ ვწერდი მაშინ ასე აქტიურად, პერიოდულ პრესაშიც არ ვიბეჭდებოდი, მხოლოდ თანაკურსელების ინიციატივით გამოცემულ პატარა ბროშურაში „ბჭე“ დაიბეჭდა პირველად ჩემი ლექსი.

– ბათუმსა და აჭარაში თალაკვაძეების გვარის წარმომადგენლებს კარგად იცნობენ. მათ შორის თქვენი ახლობლებიც იქნებიან. . .

– ჩემი ძალიან ახლობელი იყო პაპუნა თალაკვაძე, რომელიც ბათუმის კოლორიტი ბრძანდებოდა, დიდი იუმორის და ინტელექტის კაცი.

– ჭყონიების გვარს ერეკლესა და ლევანის სახით ადათ-წესების გამგრძელებლები შემატეთ. თქვენი დამოკიდებულება როგორია ოჯახის სიწმინდისა და ღირებულებებისადმი?

– ნამდვილად, ორი მაგარი ბიჭით გავამდიდრე ჭყონიების გვარი. ლევანი რეჟისორია, შარშან დაამთავრა სასწავლებელი, მაგრამ პირველ ნაბიჯებს წარმატებით დგამს ამ დიდ და საინტერესო გზაზე. მეორესაც თავისი საქმე აქვს, ბიზნესს უძღვება, ისიც – წარმატებით. ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი და სიმდიდრეა ცხოვრებაში, საერთოდ, სხვა საკითხია, განყენებული ყველაფრისგან. რაც თავი მახსოვს, სულ ოჯახს ვეკუთვნი, ძალიან პატარას უკვე მყავდა პირველი შვილი – ერეკლე (17 წლისას). ჩემი შვილები ყველაფერია ჩემთვის, კარიერაც, შემოქმედებაც, იდეებიც, მუზაც და ცხოვრებაც თავიდან ბოლომდე!

– გულწრფელად აღიარეთ, რომ პირველად მოხვდით ჯერ აჭარის მთიანეთში, შემდეგ – ფესტივალზე. შთაბეჭდილებები, უდავოდ, მიგყვებათ. . .
– პირველად ვიყავი ხულოსა და შუახევშიც. ქედაში ადრეც ვარ ნამყოფი და იმთავითვე მხიბლავდა, დღესაც ასეა. აჭარის მთიანეთი ულამაზესია, შთამბეჭდავი, დიდ სიყვარულს, ენერგიას და მონატრებას გატანს საგზლად. ბევრჯერ, კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა. მიყვარს აჭარა. . . მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე სკოლის ასაკამდე. გურული ვარ, მაგრამ ბათუმი ჩემი დიდი სიყვარულია, არასდროს გასულა ზაფხული მის გარეშე, ბათუმი და ზღვა ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ფესტივალზე პირველად მოვხვდი, მეცამეტე წრეზე შევუერთდი ამ არაჩვეულებრივ პროექტს. ქალბატონ ნანა ცინცაძის ლომის წილია ამაში და ბატონი ვახტანგის დამსახურება, თავისთავად. ძალან მაღალი თამასაა „ზე-კართან“, პატივია მისი ნაწილი რომ გავხდი, ყველაფერი ფანტასტიკურად დაიწყო, მერე კი ზუსტად ასე გაგრძელდა და დასრულდა.

– აღნიშნეთ, რომ სამომავლოდ სხალთის ხეობის (სხალთის ტაძარი, ხიხანის ციხე) ისტორიული ძეგლებისა და საკულტო ნაგებობების მონახულებას აპირებთ. ვისთან ერთად ჩამოხვალთ?

– შვილებისა და ახლობლების თანხლებით.

– ფესტივალმა რამდენიმე პიროვნებასთან დაგაახლოვათ, ვის გამოარჩევდით?

გავიცანი ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ადამიანები. კი არ გავიცანი, დავიმეგობრე! როგორ გავუშვებდი ამ შანსს! ჩემთვის, ზოგადად, ურთიერთობები ძალიან ფასეულია და ბედნიერ ვარ, რომ ასეთი ხალხი შევიძინე. ჩემი ოთახის გოგოებს გამორჩეულად აღვნიშნავ – ნინო ვახანიას და ნატალია ბეიტრიშვილს. არნახული გოგოები არიან ყველა ასპექტით. პატარა ლინა უნიჭიერესია, მგრძნობიარე და სუფთა სულით; გიორგი ხორბალაძე – კაცი ენერგია და სიკეთე, რა საკითხზეც უნდა საუბრობდეს, მისგან უდიდესი პოზიტივი და სიკეთე მოდის; დათო ლორია – ადამიანი სიყვარული, დიდი, კეთილი გულით და ნიჭიერებით; გიორგი ბალახაშვილი – ძალიან კარგი კაცი, კეთილსინდისიერი და ნიჭიერი, სულ მატირებს. . . ერთი ლექსი აქვს, ვეხვეწებოდი, ნუ კითხულობ, როცა მაკიაჟი მაქვს-მეთქი, ავიწყდებოდა მაინც და კითხულობდა ისევ. . . თავად ვახტანგ ბერიძე და მისი მეუღლე ია – შესანიშნავი ადამიანები; თუნდაც ბატონი ოთარ ცინარიძე – ყველა ფესტივალის მონაწილე და ყველას თანამდგომი. არ ვიცი, რაღა გავაგრძელო, ვინმე არ მინდა გამომრჩეს. მინდა იცოდნენ, რომ სულ მეგობრებად დავიტოვებ ყოველი მათგანს. . .

– ღონისძიება კურიოზების გარეშე არ არსებობს. . .

კურიოზი ის იყო, რომ მე, რომელიც დილით ძლივს ვახერხებ ხოლმე, თავის აწევას და ცხოვრების გააზრებას, ვიძინებდი დილის 4 საათზე და 9 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. დაუჯერებელია, ახლა, რომ ვიხსენებ, მენანებოდა ყველა წუთი ძილისთვის. დიდი კურიოზი კიდევ გზად შემემთხვა. ეს მხოლოდ ნინო ვახანიამ უწყის. სხვას ვერ ვეტყვი, მაინც თავს შევიკავებ, ნინო არ გამყიდის, ვიცი . . . იყო კი ყველაფერი იყო. . . რაღაც ზღაპარივით, ყველაფერი საუკეთესო და ძვირფასი. . .

– მომავალ საქმიანობაზე შეკითხვით მსურს დავასრულოთ – რა სახელწოდებით გამოვა თქვენი ლექსების მესამე კრებული?

– ახალ კრებულზე ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რას დავარქმევ – „ბროწეულები“. ლექსი მაქვს ამ სათაურით, თუმცა არა მარტო ამისთვის, რაღაც ისე მშვიდად და ლაღად მიდის ჩემი ცხოვრება და შემოქმედებაც, ღაჟღაჟა ბროწეულებივით. ადამიანის ბუნება ბროწეულივითაა. გარეგნულად მშვენიერია, მაგრამ შიგნით რაა, სანამ არ გახლეჩ, ვერ გაიგებ. გახლეჩ და სასიამოვნოდ გემრიელია…

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *