
ნატალი სტიუარტ ფოქსი – ჩემი მთავარი მიზანია, შვილი ქართული სულისკვეთებით გავზარდო
პროდიუსერი, ტალანტ-მენეჯერი, საერთაშორისო ბიზნეს და მარკეტინგის სპეციალისტი, საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის და საერთაშორისო დიასპორული ფესტივალის, საერთაშორისო ტალანტ-კონკურსების დამფუძნებელი ესპანეთსა და საქართველოში, სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის ,,აჭარული კინო-ამბების“ ჟიურის წევრი ნატალი მ. სტიუარტ ფოქსი „აჭარასთან“ საუბრობს:
– ქალბატონო ნატალი, თუ საიდუმლო არაა, თქვენს ქართულ წარმომავლობასა და ქართულ გვარზე რას ბრძანებთ?
– რა და რის საიდუმლო, სტიუარტ ფოქსი მეუღლის გვარია. ჩემი ქართული გვარი მიქავაა. გავიხსენოთ საქართველოს ისტორია, გლეხთა დიდი აჯანყება და მისი ხელმძღვანელი უტუ მიქავა. კიდეც ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანიას შთამომავალი ვარ, რომ შესანიშნავი წინაპარი მყავდა.
-საერთაშორისო ტალანტ-კონკურსების დამფუძნებელი ბრძანდებით ესპანეთსა და საქართველოში. . .
– ესპანეთში კარგა ხანია ვცხოვრობ. სტუდენტი ვიყავი, როცა მშობლიური საქართველოდან ინგლისში სასწავლებლად წავედი. ოქსფორდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსი გავიარე. აქ გავიცანი მომავალი მეუღლე რიჩარდ ალესანდერ მ. სტიუარტ ფოქსი. გარემოებათა კარნახის გამო, საცხოვრებლად და ბიზნესის უკეთ მოწყობის მიზნით, ესპანეთში საცხოვრებლად გადავედით. ვზრდით ვაჟს – ჩარლზ ნიკოლოზ სტიუარტ ფოქსს.
– ამ ეტაპზე, გარდა ბიზნესისა, ოჯახი რა საქმიანობითაა დაკავებული?
– 2009 წელს ესპანეთში ქართული კულტურის ცენტრი „ევრო- ჯორჯია“ დავაფუძნეთ, ქალაქ მარბელაში. აქ მსოფლიოში ცნობილი კინოს, ხელოვნების, სპორტის ვარსკვლავები ცხოვრობენ. გარდა ამისა, წელიწადის ნებისმიერ დროს, მარბელას სახელგანთქმული ადამიანები სტუმრობენ.
– რამ განაპირობა თქვენი შუახევში გამართული სმარტ-ფილმების საერთაშორისი ფესტივალის ჟიურის წევრობა?
– ესპანეთში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით, 2010 წელს ბათუმი და მარბელა დავამეგობრეთ. ამის შემდეგ, ჩემი ყველა პროექტი ბათუმში ხორციელდება, უკვე მრავალი პროექტი განხორციელდა, ფესტივალიც გაიმართა, რომელზეც მოწვეული გვყავდა დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში მეორე საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი გავმართეთ. აქ გავიცანი სმარტ-ფილმების ორგანიზატორი, მწერალი ვახტანგ გოგრაჭაძე, რომელმაც მომიწვია და ამ შესანიშნავი ფესტივალის ჟიურის წევრობა მანდო, რასაც დიდ პატივად მივიჩნევ, თანაც აჭარის მთიანეთის გაცნობის შესაძლებლობა მომეცა.
– რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– ბედნიერებაა, შუაგულ შემოდგომაზე, რამდენიმე დღე გაატარო აჭარის მთიანეთის ბუნებაში, მოინახულო ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობანი, გაეცნო, დაუახლოვდე, ოჯახებში ესტუმრო კუთხისა და ქვეყნის პატრიოტ ადამიანებს, განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებლებს. მარტო გეოგრაფიულ მდებარეობაზე არ გადავიტან აქცენტს, საოცრებაა, რომ ბუნება და ადამიანი აქ ერთმანეთს ავსებენ. აქ ვნახე ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანები. მიხარია, რომ ბათუმთან ერთად, მთიანეთსაც გავეცანი. გამოგიტყდებით, რომ სულ მქონდა ბათუმში ბინის შეძენის სურვილი, რაც 14 წლის წინ რეალობად ვაქციე. საქართველოში რომ ჩამოვდივარ მეტწილ დროს აქ ვატარებ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მთიანეთში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭი თუ ადამიანური თვისებები. საქმე უყვართ და მის საკეთებლად ძალასა და შესაძლებლობებს არ იშურებენ. ვამჩნევ, რომ მიზანსწრაფვას ხელს უწყობს ხელისუფალიც. არც ახალგაზრდები რჩებიან ვალში. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მერცხალმა“. მე მაქვს ცალკეული რეგალიები საერთაშორისო მასშტაბით და მრავალ საქმესაც ვაკეთებ. ამ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. მაქვს სურვილი, მიზანი, მათი ნიჭი საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნო. გზა უნდა გავუხსნათ სხვადასხვა ქვეყნაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
– ფესტივალზე 10-მდე ქვეყნის 75-მა ახალგაზრდამ წარმოადგინა ფილმები. რა კრიტერიუმებით გამოავლინეთ გამარჯვებულები?
– ერთი დღის დაძაბული და ენერგიული მუშაობით, ჟიურიმ, რომელიც აფრიკის, ევროპის, აზიის კონტინენტების წარმომადგენლებს აერთიანებდა, ყველაფერი გააკეთა, რომ შეფასებები ობიექტური და მიუკერძოებელი ყოფილიყო. ფესტივალზე მობილური ტელეფონით გადაღებული ფილმები იყო წარმოდგენილი. ყველამ ვაღიარეთ, რომ დიდი საქმეები იყო გაკეთებული. აქ ჩანდა ახალგაზრდების ემოციები, მათი ხედვა. ვნახეთ ისეთი ფილმებიც, რომლებიც დიდ შრომას, ნიჭის გამოვლენას ითხოვდა. ბევრ ფილმში ყველაფერი პროფესიონალიზმის დონეზე იყო – რეჟისურა, დრამატურგია, ჩაცმულობა. . . არადა, ეს ბავშვები 15-16 წლისანი არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი დაიმკვიდრა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მეტ დატვირთვას შეიძენს.
– ეროვნული მუხტი თუ იგრძნობოდა?
– გამოვყოფ საბა გოგრაჭაძის ფილმს ,,იანვარის რვა“. ჟიური მოხიბლული დარჩა. თემატურადაც კარგად იყო გადაწყვეტილი. გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი. ახალგაზრდები ამ სფეროს თუ გაჰყვებიან, სერიოზულ შედეგებსაც მიიღებენ. რაც მთავარია ფესტივალს მხარდაჭერა აქვს უკვე და განვითარება. იდეამაც გაამართლა. ვისურვებდი კიდევ მეტ მხარდაჭერას. გაძლევთ გარანტიას, რომ მომავალში ქვეყნებისა და მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება. ესპანეთში, ნოემბერში, საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი გაიმართება, რაც ჩემი მხრიდან, ფესტივალისადმი დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ეს მარბელასა და ბათუმს შორის მეგობრობის ზეიმი იქნება. უკვე ფილმიც შევარჩიეთ, ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს. მეც საამაყო მაქვს, რომ ორი ქვეყნის, ორი ქალაქის ურთიერთობებში შემაქვს წვლილი.
– ცხოვრობთ ესპანეთში, მეუღლე გყავთ ბრიტანელი. საქართველოსთან ურთიერთობას არ წყვეტთ. . .
– ბუნებით, პატრიოტი ადამიანი ვარ. დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გვიყვარს საქართველო. ეს სიყვარული მუდამ მონატრებაში, მიზიდულობაში გადადის. ჩემი ოჯახი ბრიტანულია, შვილიც ნახევრად ბრიტანელია. ჩემი მთავარი მიზანია, შვილი ქართული სულისკვეთებით გავზარდო. ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევ კიდეც. შვილი წამოიზარდა თუ არა, საქართველოსადმი მეტი ლტოლვა გაუჩნდა. საყოველთაოდ ცნობილია ინგლისელების დამოკიდებულება ფეხბურთისადმი. ჩვენი ოჯახი, ტრადიციულად, ,,ლივერპულის“ ფანია. შვილმა და მეუღლემ ქართული ფეხბურთი, ქართველი ფეხბურთელები შეიყვარეს. მეც სიამაყით ვაცხადებ, რომ გიორგი მამარდაშვილი, ,,ლივერპულის“ მეკარე, ჩემი ქვეყნიდანაა. ჩემმა ვაჟმა უკვე მეგობრებსაც მიაწვდინა სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილის სამშობლოზე. იმითაც ამაყობს, რომ მისი დედა წალენჯიხელია და ხვიჩაც იქაურია. შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას. კარგად სწავლობს, კარგი სამეგობრო წრე ჰყავს. რაც შეეხება მეუღლის საქმიანობას, იგი სპეციალობით ფინანსისტია. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კომპანია, მეც ხომ საერთაშორისო ბიზნეს-ადმინისტრაციის სპეციალისტი ვარ.
– ქალები ხშირად მეუღლეებს ,,იტაცებენ“. იდეაში ხომ არ გაქვთ საქართველოში დამკვიდრება?
– მადლობა ამ კითხვისთვის. იდეა კი არა, ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია საქართველოში დაბრუნება. შვილი როცა დავაჟკაცდება, ოჯახს შექმნის, ჩემს თავს საქართველოში ვხედავ. შევიძინე მამული წალენჯიხაში, წელს ბარაქიანი რთველიც გვქონდა, ღვინოც დავწურეთ, არაყიც გამოვხადეთ. თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ და მამულში ყველას ვეპატიჟები. ჩვენი სამეფო გვარია და ჩვენი ბრენდის ღვინოც გვაქვს. მიხარია, რომ წალენჯიხაში, მამულში დაწურულ ღვინოს იმ ბოთლებში ჩამოვასხამთ. მინდა ჟურნალისტებიც მოვიპატიჟო ქართულ-ბრიტანულ- ესპანურ ღონისძიებაზე. მადლობა გაზეთის რედაქციას, რომ თქვენი რესპონდენტი ვარ.
ოთარ ცინარიძე