„პროექტის იდეა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური რეალობიდან“
By

„პროექტის იდეა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური რეალობიდან“

ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში, დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სამოქალაქო ცნობერების ამაღლებაში – ამ საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ბსუ-ის ლექტორი გიგა ფარტენაძე.
გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ რა მიზნით და როდის შეიქმნა თქვენი ორგანიზაცია?
– ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების მიმართულებით სამოქალაქო აქტივიზმისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე, ახალი შესაძლებლობების გაჩენა. ჩვენი საქმიანობა იმ იდეაზე დაფუძნდა, რომ ახალგაზრდობა უნდა გახდეს საზოგადოების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
რა აქტივობები განახორციელეთ ამ პერიოდში და რა გამოწვევებს გადააწყდით?
– ორგანიზაციის დაარსების დღიდან ჩვენ ათობით პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, მათ შორის, საგანმანათლებლო ტრენინგებს, ახალგაზრდულ ფორუმებს, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და რეგიონულ ინიციატივებს, თუმცა დღეს ყველაზე სერიოზული გამოწვევა დაკავშირებულია ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო სექტორის საქმიანობის სივრცეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალგაზრდების განათლებისა და მოქალაქეობრივი ჩართულობის გასაძლიერებლად.
რას ისახავს მიზნად თქვენი მიმდინარე პროექტი არჩევნების მნიშვნელობა და ახალგაზრდების ჩართულობა?
– არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს – ლეგიტიმურობის განმამტკიცებელ და ცვლილებების განხორციელების ყველაზე კონსტრუქციულ ფორმას. პროექტის მიზანია 17–25 წლის ახალგაზრდებისთვის საარჩევნო პროცესის სრულად გაცნობა თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გააზრებით. მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს დემოკრატიის, არჩევნების სტრუქტურისა და სადამკვირვებლო პროცესების შესახებ, რათა მომავალში შეძლონ როგორც არჩევნების დაკვირვება, ისე საკუთარი თანამოქალაქეების მოტივირება მონაწილეობისთვის.
როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა?
– პროექტის იდეა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეალობიდან. ნათელია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ ახალგაზრდების ხმა არ ისმის არჩევნებში, ცვლილებები ან არ ხდება, ან ხდება მტკივნეულად და პოლარიზაციის გაღრმავებას გზით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც ისინი უკეთ გაეცნობიან საარჩევნო კულტურას და საკუთარ როლს დემოკრატიული მმართველობის ფორმირებაში.
თუ შევადარებთ საქართველოს დამახასიათებელ სამოქალაქო ცნობიერებას სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისას, რა სურათს დავინახავთ?
– საქართველო რეგიონში გამორჩეულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით – ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციებით, აქტიური მოქალაქეებითა და გამოკვეთილი დემოკრატიული იდეალებით. სომხეთშიც სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით, გარდამავალი პოლიტიკური პერიოდების ფონზე. რაც შეეხება აზერბაიჯანს, სამოქალაქო სივრცე იქ შედარებით შეზღუდულია, თუმცა მაინც არსებობს ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანდათანობით აძლიერებს საზოგადოებრივ ჩართულობას. საერთო ჯამში, რეგიონი დემოკრატიული განვითარების გზაზეა, სადაც საქართველოს გამოცდილება ხშირად მაგალითია.
ისმის მოსაზრებებ, თითქოს დასავლეთმა ხელი ჩაიქნია საქართველოზე. როგორ უპასუხებდით ასეთ შეფასებ?
– ეს შეფასება ნამდვილად მცდარია. საქართველოს ევროპული მისწრაფება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი – ეს არის ქვეყნის იდენტობისა და ისტორიული ცნობიერების განუყოფელი ნაწილი. რაც უნდა რთული იყოს დღევანდელი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოს მთავრობასა და დასავლეთის ინსტიტუტებს შორის, ეს არ ცვლის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ევროპულ არსს და დასავლეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. ევროპა კვლავ ხედავს საქართველოს ბუნებრივ პარტნიორად და დემოკრატიული სივრცის ორგანულ ნაწილად.
ხშირად საუბრობენ ოპოზიციის განახლებაზე. თქვენი აზრით, ახერხებს თუ ვერა ოპოზიცია თანამედროვე რეალობაზე მორგებულ კომუნიკაციას?
– განახლება პოლიტიკაში ყოველთვის პოზიტიური პროცესია, თუმცა ის მხოლოდ ახალი სახეების გამოჩენას არ ნიშნავს. რეალური განახლება მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე თანხმდება და მკაფიო ხედვას აყალიბებს ქვეყნის მომავლის შესახებ. დღევანდელ რეალობაში საქართველოს ბევრად უფრო სჭირდება საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის განახლება, პოლიტიკურ პარტიებს კი – მათ შორის თანამშრომლობის კულტურის აღდგენა.
ზოგი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორი იყოფა პროდასავლურ და პროსახელისუფლებო ორგანიზაციებად. როგორ აფასებთ ამ მიდგომას?
– ეს მიდგომა, გარკვეულწილად, არასწორი და დამაზიანებელიც არის. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დეოკუპაციას, ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვას, ანუ იმას, რაც, საბოლოოდ, თავად სახელმწიფოს აძლიერებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ამ მიზნებისადმი მხარდაჭერა ხშირად არასაკმარისია და კანონმდებლობის დონეზეც კი გვხვდება შემზღუდავი ბარიერები. რაც შეეხება პროსახელისუფლებო ორგანიზაციებს, ისინი ვერ ახერხებენ იმავე ხარისხის დამოუკიდებლობისა და ნდობის შენარჩუნებას, რაც სამოქალაქო სექტორის ბუნებრივი ძალაა.
გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში ახალ ინიციატივებს?
– დიახ, ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს ორ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივაზე, რომლებიც წლის ბოლომდე ამოქმედდება. ორივე პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარების განვითარებას -ლიდერობის, კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული კულტურის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლება და ახალგაზრდების აქტიურობა საქართველოს განვითარების ყველაზე მყარი საფუძველია.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *