რა დგას 4 ოქტომბრის უკან?
მიმდინარე შიდა პროცესებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ ურთიერთშედეგობრივ დამოკიდებულებაზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
– რას გვეტყვით ამ ბოლოს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ვგულისხმობ 4 ოქტომბერს და მასობრივ დაპატიმრებებს. რისი იმედი ჰქონდათ აქციის მონაწილეებს ?
– მთელი ეს პროცესები, ცხადია, უნდა განვიხილოთ ისევ და ისევ იმ გეოპოლიტიკურ ჭრილში, რომელიც პირდაპირ საქართველოზე გადის. უკვე აღარ ფარავენ საკუთარ განზრახვებს და სხვადასხვა საბაბით ცდილობენ აქ არსებული მთავრობის შევიწროებას. გასაგებია, იყო და არის ნება, მოიშორონ არასასურველი ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოიყვანონ მათი მორჩილი პიროვნებები.
მთელი ამ პროცესების განხილვა იმ კონტექსტში, რომ „ევროპას გვაცილებენ“ ან „ბავშვები ევროპაში ვერ ისწავლიან, ვერ იცხოვრებენ“, „ქვეყნის იზოლაცია მიმდინარეობს და რკინის ფარდას გვაფარებენ“ და სხვა ასეთი სიგიჟეები. . . ეს არის ანტურაჟი გონებრივად განუვითარებლებისთვის, ანუ ჩლუნგებისთვის, ვისაც არ ესმის, რომ გეოპოლიტიკა არავითარ სენტიმენტებს არ ითვალისწინებს. როცა დიდ სახელმწიფოებს და სუპერგაერთიანებებს აქვთ გარკვეული მიზნები, ისინი არ დაგიდევენ არანაირ მორალს და ეთიკას, ყველაფერზე მიდიან საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული მეთოდებით. ათასობით მსგავსი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ არ მივაყენებ შეურაცხყოფას თქვენს მკითხველს, ყველამ იცის, რა ხდება და რატომ არიან დანასისხლად გადაკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.
– თუ შეიძლება, გავიხსენოთ, მაინც როდის გამძაფრდა დაპირისპირება?
– 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მაშინაც მიმდინარეობდა გეოპოლიტიკური ბრძოლა სუპერსახელმწიფოებს შორის, ნატო ფართოვდებოდა, რუსეთი 1991 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვდა მის საზღვრებში დაბრუნებას. როდესაც უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხმამაღლა დააყენეს დღის წესრიგში, მაშინ დაიწყო მოქმედება რუსეთმა . . . პრინციპში, ახლაც აქვს დასავლეთს ამის სურვილი, თუმცა ცალყბად აცხადებს, რომ უკრაინას და საქართველოს ვერ მიიღებენ ნატოში, რითაც ცდილობენ რუსეთის ამბიციების დროებით მაინც დაშოშმინებას.
შესაბამისად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გამოგლეჯა რუსეთის გავლენის ზონიდან და მათი რუსეთისავე დაშლის ინსტრუმენტად გადაქცევა ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური დღის წესრიგია. ეს პოზიცია უამრავ დასავლელ ანალიტიკოსს აქვს გაჟღერებული სტრატეგიული კვლევების ცენტრებში, ამას არავინ მალავს. მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების გეოპოლიტიკა ერთი და იგივე მიზნის ირგვლივ ტრიალებს. რუსეთს უკავია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უზარმაზარი ტერიტორია ჰარტლენდში ანუ აზიის ცენტრში, ეს რესურსების უზარმაზარი ზარდახშაა და ბუნებრივია, ყველას უჩნდება ისტორიული უსამართლობის შეგრძნება. ამბობენ, როგორ შეიძლება დავუშვათ, ევროპას არაფერი ჰქონდეს და რუსეთს – ყველაფერი. ეს მოსაზრება უკვე კარგა ხანია არსებობს. ამიტომაა რუსეთი მუდმივი სამიზნე და ვერც ერთ მხარეს გადაარწმუნებ, რომ არ არის მართალი.
– საქართველოც ბევრი უსამართლო თავდასხმის ცენტრი გახდა . . .
– იმიტომ, რომ მართლაც ცენტრში მდებარეობს ზემოთ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ განზრახვაში. პრაქტიკული სამხედრო-პოლიტიკური მიზნების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას. მოდით, გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები მაშინ. რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს. მანამდე იყო ყაზახეთის მოვლენები. რუსეთის არმიამ ალმათსა და სხვა ქალაქებში უზრუნველყო ყასიმ-ჟომართ თოკაევის ხელისუფლების გამყარება და იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დაარეგულირა. მაშინ მედიაშიც აქტიურად შუქდებოდა, რომ პუტინი აპირებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, რაც არა მხოლოდ დასავლეთისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მიუღებელია. შესაბამისად, მათ სჭირდებოდათ ამ სურათის დახატვა, ხოლო სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლად მიიჩნიეს საქართველოს ჩართვა ომში. აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი და სხვა დიპლომატები საქართველოს მაღალჩინოსნებისგან ითხოვდნენ, თავს დასხმოდნენ რუსეთის მიერ დაკავებულ ჩვენს ტერიტორიებს. იმ დღეს, როდესაც აქ მასობრივი მიტინგი იყო, პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა, დაწყებულიყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ბაზის სამხედრო შენაერთებთან. ეს თავისთავად გულისხმობდა კონფლიქტის ესკალაციას, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევდა რუსეთის არმიის რაღაც ნაწილების სწრაფ გადმოსროლას. ცხადია, ეს სიტუაცია რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა, დიახ, მხოლოდ დისკომფორტს, ჩვენ კი სრულ კატასტროფას გვიქადდა – საქართველო გადაიქცეოდა საბრძოლო არეალად. ვინაიდან ევროპა არ გვესაზღვრება, ვერავინ დაგვეხმარებოდა, ომში ვერც თურქეთი ჩაერთვებოდა ღიად. პერმანენტულად თუ გადმოისვრიდა აქეთ მუსლიმ მებრძოლებს, რასაც მოჰყვებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ბოევიკების კონფლიქტში მისი მომყოლი ესკალაციით ჩართვა და ა.შ, მაგრამ ეს რაც ჩამოვთვალე, ევროპას ნაკლებად შეაწუხებდა, მთავარი იყო, რომ ამ პროცესებს მოჰყოლოდა საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია მთელ მსოფლიოში. ამ პროცესებს გააფორმებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას და ამით სრულ პიარ-მედია უპირატესობას მოიპოვებდნენ კრემლის წინააღმდეგ.
– პრინციპში, უკრაინის ირგვლივაც სერიოზული მობილიზაცია მოხდა . . .
– კი, ეს ასეც იყო და არის, მაგრამ იქ არ იგრძნობოდა საბჭოეთის აღდგენის შიში, ხოლო საქართველო რომ ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში, უკვე სრულ მსოფლიო მობილიზაციას მიაღწევდნენ, გლობალურ პროცესებზე იქნებოდა ლაპარაკი, ანუ, როდესაც დაფიქსირდებოდა საქართველოსა და უკრაინაზე პუტინის ერთდროული თავდასხმა, ვერავის დაარწმუნებდი, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის მოვლენები, როგორ მუშაობდა მაშინ მსოფლიო მედია და მერე რა დადგინდა… მოკლედ რომ ვთქვათ, ანალოგიური სცენარის გამეორება უნდოდათ, რასაც „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.
– მთავრობას რატომ უნდა დაეჭირა მხარი ომისთვის?
– მათთვის მთავარი იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, თორემ საქართველოს რა მოუვიდოდა, არავის აწუხებდა, ისევე, როგორც არ აწუხებთ, რა რაოდენობის სისხლი დაიღვარა და ახლაც იღვრება უკრაინაში. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის მიზნით უარის თქმა ძვირი დაუჯდა ჩვენს ხელისუფლებას. ეს მაშინვე გაფორმდა როგორც პრორუსული აქტი, როგორც რუსეთის მხარდაჭერა. ის, რომ საქართველომ არ გადადგა თავისთვის დამღუპველი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, რითიც ხელს შეუწყობდა გეოპოლიტიკურ ბრძოლაში დასავლეთს (მათი მოსაზრებით, თორემ შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ცუდი ესკალაციით დამთავრებულიყო ევროპისთვისაც), ღალატად აღიქვეს და არ გვაპატიეს. აქედან გამომდინარე, დაიწყეს იმ ნარატივის აგორება, რომელმაც მთელი ერი დაგვაპირისპირა. ცხადია, „ოცნების“ დასასჯელად არ იშურებენ ფინანსებსაც, დიდ თანხებს რიცხავენ თავისი მომხრეების ანგარიშებზე, რათა ამ ხალხმა შეძლოს დასავლელი კოორდინატორების ყველა მითითების უნაკლოდ შესრულება.
ასე რომ, მომხრეების მობილიზაციის პროცესი დაიწყო სწორედ მაშინ . . . მოგეხსენებათ, ეს ბაიდენის პერიოდია. დასავლეთიდან ჩამოდიოდნენ რიგი პიროვნებები და ხვდებოდნენ აქაური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათგან ზოგიერთს მანამდე სულ სხვა პოზიცია ეკავა და უეცრად ტრანსფორმირდა, ცხადია, ფულის გადარიცხვის შედეგად… მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანის სასწაულებრივი გარდაქმნა ვიხილეთ.
– ასე ბრმად რატომ დათანხმდნენ?
– ძალიან მარტივი მიზეზით, ჯერ ერთი, აქ დიდ თანხებზეა საუბარი, მეორეც, დაარწმუნეს: ბაიდენის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილია, რომ საქართველოში მოხდება რეჟიმის ცვლა, დროზე შეახტით ამ მატარებელს, თორემ შემდეგ გვიან იქნება, ანუ შანსი გეძლევათ, ახალ მთავრობაში მოხვიდეთო. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მოვლენები, რომლებიც რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და 4 ოქტომბრის ე.წ. ხელისუფლების დამხობის მცდელობით თავის ბუნებრივ დასასრულს მიუახლოვდა.
– კორუფციული სქემების ამოტივტივებაზე რას გვეტყვით?
– ესეც ამავე კონტექსტშია განსახილველი და კორუფციული სქემებით ნაშოვნი ქონების დემონსტრირებაც, რომელმაც გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. კორუფცია ძალიან მძიმე მოვლენაა ყველა სახელმწიფოსთვის, მაგრამ მისი ექსკლუზივი ჩვენ არა გვაქვს ნამდვილად, რადგან მთელ მსოფლიოშია ეს სენი მოდებული. უკავშირდება ადამიანის ბუნებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დოვლათის განაწილების მანკიერ სისტემას, რომელიც დამახასიათებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. როდესაც გარკვეული პიროვნებები თავს იყრიან საზოგადო დოვლათის განაწილების სათავეებთან, ყალიბდებიან ჯგუფები, რომლებიც ამ დოვლათს ხელში იგდებენ და კანონებს სათავისოდ იყენებენ. მერე ეს პროცესი სისტემებად ყალიბდება და ავტომატურად უკუაგდებს ზნეობრივ ადამიანებს, რომლებიც გააპროტესტებენ ფულის შოვნის კორუფციულ გზას. სამწუხაროდ, ამ პროცესისგან არავინაა დაზღვეული, როგორც კიბო, ისე ედება სოციალურ ორგანიზმს. რაღაც მომენტში ხდება თვითგაჯანსაღებაც, ასე შევაფასებდი ახლა მიმდინარე მოვლენებს ანუ თვითგაჯანსაღების პერიოდი გვაქვს. მერე ხელახლა დაიწყება შემდეგი ტალღა და ასე იქნება მუდმივად . . . კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორუფცია დამახასიათებელია მსოფლიოსთვის, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია და, სამწუხაროდ, მისი ძირფესვიანად აღმოფხვრა ჯერ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.
– ბატონო სოსო, ამ გეოპოლიტიკური ბრძოლების ჭრილში, თუ შეიძლება ტრამპი, ზელენსკი და რუსეთიც განვიხილოთ, ზელენსკიმ ვერ მიიღო სასურველი „ტომაჰავკები“, ხოლო ტრამპმა ვერ შეძლო კრემლის ჩინეთისგან ჩამოშორება. ომი ისევ გრძელდება . . . მაინც როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი?
– თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ვერ შედგება ვერანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა ბუდაპეშტის შეხვედრაც ჩაიშალა . . . რუსეთ-უკრაინა ვერ მორიგდება, რადგან ორივე მხარე ერთმანეთისთვის მიუღებელ პირობებს აყენებს. ჩვენთან მხოლოდ ზოგიერთ ტვინგაცხელებულს შეუძლია დაიჯეროს, რომ კრემლი დათანხმდება იმ პირობებს, რომელსაც უკრაინა აყენებს. ეგ გამორიცხულია, ისევე, როგორც ზელენსკი არ დათანხმდება პუტინის ულტიმატუმებს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, რადგან ზამთარი ახლოვდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ყინვებმა შეიძლება გამოიწვიოს ფრონტის ჩამოშლა და პოლიტიკური ძვრები უკრაინაში, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მოწინააღმდეგე მხარე. აქედან გამომდინარე, ყველა საშუალებით, იგივე ტრამპით, ევროპელებიც ცდილობენ, რაღაცნაირად შეაჩერონ ეს პროცესი. მეორე მხარეს (კრემლს) ესმის, რომ „ცხენზეა“ და ცხადია, არ სურს ამ ეტაპზე ომის შეჩერება.
– პეკინში გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე, სი ძინპინმა მსოფლიოს ახალი სტილით მმართველობის დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკა, რასაც მის გვერდით მდგომი პუტინი თავის დაკვრით ეთახმებოდა. აშშ–ის პრეზიდენტი სი ძინპინზე მეტად პუტინზე გაბრაზდა, რომლის „გადაბირებასაც“ ორი კვირით ადრე ალასკაზე ცდილობდა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ამას მიაღწია. ამიტომაც იყო, რომ ტრამპმა 180 გრადუსით შეცვალა რიტორიკა და პუტინის მიმართ ძალზე კრიტიკული გახდა, რაც მსოფლიოს ნაწილში და უპირველესად კი უკრაინაში შვებად აღიქვეს. ამიტომ გაბედა ზელენსკიმ ტრამპისთვის „ტომაჰავკების“ თხოვნა, თუმცა ვერ მიიღო . . . როგორ ფიქრობთ, ტრამპი ისევ იჭერს პუტინთან მორიგების იმედს თუ მსოფლიო ისევ ატომური ომის საფრთხის წინაშეა, მაინც რა აკავშირებს ამ ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერებს?
– ცხადია, მიმდინარეობს ატომური კომბლის ქნევა და ახალ-ახალი, საშინელი, დამანგრეველი ძალის იარაღის დემონსტრირება. ვგულისხმობ იგივე „ბურევესტნიკს“ და ახალი ფიზიკური კანონებით შექმნილ პლაზმურ იარაღს, რომლითაც თავს იწონებენ. რადიკალურად განწყობილ ქორებს ამერიკაში, ტრამპი სწორედ ამ არგუმენტით აჩერებს, ეუბნება, რომ ვართ ატომური ომის საფრთხის წინაშე და სიფრთხილე, თავშეკავება გვმართებს, თუ კრემლში არ იქნება პუტინი, მასზე გაცილებით რადიკალური სხვა ძალა მოვაო. ანალოგიურად აშოშმინებს პუტინიც რუს ნაციონალისტებს, იქაურ იმპერიულ ელიტას, რომელიც კრემლს მოუწოდებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ და ხელთ არსებული სამხედრო პოტენციალის გამოყენებისკენ. პუტინი აშოშმინებს, რომ თუ ახლა ესკალაციაზე წავალთ თუნდაც არაატომური იარაღის გამოყენებით, ისინი „ტომაჰავკებს“ გამოუშვებენ და ჩვენ იძულებული გავხდებით, ატომი გამოვიყენოთო. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ რასთან გვაქვს საქმე, გეტყვით, რას წარმოადგენს ეს იარაღი – თითქმის ორი ათას კმ-მდე მფრენი ფრთოსანი რაკეტები, “ტომაჰავკები” კრემლისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ყოველთვის ასოცირდებოდა სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებასთან, რომლის საშუალებითაც უნდა მიეყენებინათ პირველი ბირთვული დარტყმები საბჭოთა კავშირის უმნიშვნელოვანესი ობიექტებისთვის მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე წუთებში. ასე რომ, მართლაც არსებობს რეალური საფრთხე. მსოფლიო განადგურების პირასაა და ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი, შესაძლოა, კატასტროფად იქცეს კაცობრიობისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი ხელჩასაჭიდი არ ჩანს. ორივე მხარის რადიკალური განწყობები ძალიან სერიოზულია და პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ევროპას, რომელიც უეცრად მოექცა საოცარ წნეხში და ერთი მხრივ, იბრძვის თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის დრამატული შემსუბუქებისთვის ყველა მიმართულებით, მეორე მხრივ – ვერც წარმოუდგენია და არც უშვებს რუსეთის გამარჯვებას . . . მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთი მოქცეულია მრავალგვარ წინააღმდეგობაში, რომელიც ხელს უშლის, ჰქონდეს საღი აზრი და დროზე გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დამღუპველი გზიდან გადაიყვანს.
ირმა ცეცხლაძე