ლევან მაჭავარიანი: მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება
„მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება – დარწმუნებული ვართ, ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ამ გაერთიანებაში ვისწრაფვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ ევრობიუროკრატები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და „სანამ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, ურთიერთობები ამ რეჟიმში გაგრძელდება“.
„კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, ფაქტები ვერ მოჰყავთ. მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაც აღქმებით. დღემდე არ დამთავრებულა გარჩევა, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იყო პოზიტიური. ევრობიუროკრატებს ეს ანგარიში არ აწყობდათ, შესაბამისად, აღარ ითვალისწინებდნენ. კარგად გახსოვთ, რა კამპანიას ეწეოდნენ ევრობიუროკრატები ეუთო/ოდირის ჩარეცხვასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ეს არის კორუმპირებული ორგანიზაცია, მოსყიდული ორგანიზაცია ჩვენ მიერ და ა.შ. რა თქმა უნდა, სანამ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ არ აღიარებენ ჩვენს არჩევნებს, სანამ არ სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი. დარწმუნებული ვართ, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირშიც გაიმარჯვებს საღი აზრი და ევროპელები დაუბრუნდებიან იმ ღირებულებებს, რის გამოც მივისწრაფვით ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.