ბათუმში იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ჯგუფურად შეიძინეს და ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ აღნიშნული იარაღი და ტყვია-წამალი 4320 ლარად მიჰყიდეს ერთ პირს.
ოპერაციის შედეგად პოლიციამ ამოიღო როგორც უკანონოდ გასაღებული იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, ფულადი თანხა, რომელიც ბრალდებულებმა ერთმანეთში გაინაწილეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ჯგუფურად ჩადენილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარება და გასაღება, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას განაგრძობს.