პაატა აროშიძე: ემიგრანტმა წლიურად თუნდაც 40 ათასზე მეტი გამოაგზავნოს, ეს საჩუქარია და არ იბეგრება
საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს 40 000-ს აღემატებოდა და რამე სახის ქონებას ფლობენ, 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. განაკვეთი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო თუ შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება 2024 წლის 12 თვის განმავლობაში, მაშინ გვიწევს 0.8-დან 1%-მდე განაკვეთი. ქონების გადასახდის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ პირს ფინანსური სანქცია ეკისრება. ცნობისთვის, ემიგრაციიდან გზავნილი თანხა 40-ათასლარიან ზღვარში არ გაითვალისწინება.
ამ საკითხში უკეთ გასარკვევად „აჭარა“ ესაუბრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს პაატა აროშიძეს.
– ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი შეიქნა საქართველოში, ხალხი შეშინებულია. . .
– მოდით, თავიდან დავიწყოთ, ამ გადასახდს სრულად ეწოდება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, რომელიც მოქმედებს მას შემდეგ, რაც მიიღეს საგადასახდო კოდექსი. კერძოდ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და გადახდის რიგითი პერიოდის მოსვლამ რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი, ძალიან გაუგებარია. ვეჭვობ, ამას გააჩნია პოლიტიკური საფუძველი, სხვაგვარად ვერ ვხსნი. პირადად მე გადასახადს ვიხდი უკვე დაახლოებით 7 წელია. ყოველი კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე ვავსებ დეკლარაციას და 15 ნოემბერს – ვიხდი. არანაირი პროტესტის გრძნობა არ გამჩენია. მიკვირს, რა მოხდა ასეთი, რომ ყველა ამაზე საუბრობს. დღეს, როდესაც შიდა პოლიტიკური ვითარება გართულებულია, ცდილობენ ყველაფერში, მათ შორის რიგით პროცედურებშიც რაღაც ნეგატივი ამოიკითხონ, შემდეგ გააბუქებენ და ატყდება მთელი ამბავი. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, არ ვიცი, ხალხი ხომ ნერვიულობს და იძაბება დაპირისპირებების ისედაც მძიმე პერიოდში.
– შარშანაც იყო მსგავსი რამ?
– დეკლარაციების შევსებაზე – არა, მაგრამ ასეთივე აჟიოტაჟი ატყდა და ძალიან მძიმე ვითარებაში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. თავადაც გემახსოვრებათ, რას არ ამბობდნენ და წერდნენ. ხალხი მაშინაც დაიძაბა. მოკლედ რომ ვთქვათ, სარგებლობენ ნებისმიერი რიგითი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენით, ყველაფერში ეძებენ ხარვეზს და თუ არ არის, მაშინ ხელოვნურად ქმნიან მოსახლეობისთვის არასასურველ პრიზმაში გასატარებლად. ყველაფერს გარკვეულ პოლიტიკურ სარჩულს უძებნიან და იმის მიუხედავად, რომ თავადაც კარგად იციან, არაფერი სერიოზული და საგანგაშო არ ხდება, ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ ხელისუფლებაა დამნაშავე,
– თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რა შემთხვევაში იხდის პირი ქონების გადასახდს?
– თუ ოჯახი (არა ცალკეული ფიზიკური პირი) წლის განმავლობაში ფულადი სახით იღებდა 40 ათას ლარს და ზემოთ, მაშინ ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი, 1 ნოემბერს უნდა შეავსოს დეკლარაცია, ხოლო 15-ში – გადაიხადოს. ახლა უქმე დღეები ემთხვევა და უკვე 17 ნოემბერს გადაიწია გადახდის ბოლო თარიღმა.
– ვინ იხდის და ოჯახის რომელი წევრის შემოსავალი აღირიცხება?
– თუ ოჯახი რამდენიმე წევრისგან შედგება: მშობლები, შვილი, პენსიონერი დედ-მამა და სხვ. იღებდნენ ხელფასს, პენსიას, სტიპენდიას, ჰონორარს და ა.შ. ანუ მხოლოდ ფულადი შემოსავალი აღირიცხება, პირველ რიგში.
– ანუ პენსიაც აღირიცხება?
– კი, ნებისმიერი წლიური შემოსავალი აღირცხება. ამის შემდეგ ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი ავსებს ოჯახურ დეკლარაციას, აღრიცხავს მათ წლიურ შემოსავალს და არსებულ ქონებას. აქ უკვე ფული აღარ მონაწილეობს, მიმდინარეობს ოჯახის სახელზე არსებული ქონების აღწერა. მაგალითად აქვთ ბინა ქალაქში, სოფლად აგარაკი, ავტომაქანა, ფარეხი და სხვ.
– ქონების ღირებულებას ვინ ადგენს?
– ამ ქონების საბაზრო ფასს თავადვე ადგენს ანუ რამდენიც სურს. ამ პროცესში სახელმწიფო არ მონაწილეობს.
– შეუძლია, არარსებული მინიმუმიც ჩაწეროს?
– არა, გონივრულ ფარგლებში. . . მაგალითად, ქალაქის ცენტრში სახლის ფასს თუ დაბალს მიუთითებ, უხერხულობაში ჩავარდები.
– . . . და რა მოხდება?
– შეიძლება არც არაფერი გითხრან ამ შემთხვევაშიც კი. . . გადასახადი იანგარიშება ავტომატურად, კოეფიციენტების მიხედვით, არა უმეტეს 1%-ისა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის 0,6%; 0,3%; 0,2% და ა.შ. გააჩნია ქონების ადგილმდებარეობას.
– ბატონო პაატა, ე.ი. თუ წლიურად 40 ათას ლარს ან მეტ ფულად შემოსავალს ვიღებთ ოჯახი, მხოლოდ ამის შედეგ აღვწერთ არსებულ ქონებას?
– რა თქმა უნდა, თუ ოჯახის და არა ერთი პიროვნების შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, მხოლოდ მაშინ შედიხართ ქონების გადამხდელთა ბაზაში.
– ქონების გადასახადი, რომელიც 20 წლის წინ იყო მიღებული, არ შეეხებოდა ჩვენი მოქალაქეების 99%-ს. მას შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა, ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატა. დღევანდელი 900 ლარი დაახლოებით, მაშინდელ 300 ლარს უდრის და თუ ადრე ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ, ანუ გადამხდელთა სიაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც, რეალურად, მათ მიერ მიღებული თანხები ითვლება საშუალოზე დაბალ შემოსავლად, არსებული ფასების ფონზე. არის თუ არა საჭირო, გადახედონ ზღვარს?
– ამის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. წინა ხელისუფლების დროსაც ამბობდნენ, რომ 40 ათასი ძალიან დაბალი ზღვარია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გადასახადი არ არის მხოლოდ ფისკალური დანიშნულების, ანუ ბიუჯეტის შესავსებად გამიზნული. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ქონების გადასახადის გადახდა აუცილებელია, რათა მოქალაქეებს გამოუმუშავდეს მოქალაქეობრივი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების ჩვევა, ისევე, როგორც ეს არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. მოდით რა, გულახდილად ვილაპარაკოთ, თუკი ოჯახს 40 ათასი და მეტი აქვს ფულადი შემოსავალი, ანუ თვეში სადღაც, 3300 ლარს იღებს, მაშინ წელიწადში, მაქსიმუმ, 300 ლარის გადახდა არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად . . . ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს აურზაური მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩულით აიხსნება . . . აქ კიდევ ერთი პასაჟია – შეიძლება ოჯახს ჰქონდეს ფულადი შემოსავალი, მაგრამ არ გააჩნდეს რეგისტრირებული ქონება, მაგალითად, ნაქირავებში ცხოვრობდეს, ამ შემთხვევაშიც ის არ იხდის ქონების გადასახდს.
– ეხება თუ არა ეს ემიგრაციიდან გამოგზავნილ თანხებს, რომელიც ანგარიშზე აისახება? ემიგრანტებმა უკვე ატეხეს განგაში . . .
– სულ ტყუილად ნერვიულობენ, არაფერი მსგავსი არ ხდება. ქონების გადასახდში არ ითვლება მემკვიდრეობით მიღებული ფული ან საჩუქარი. ემიგრანტმა წლიურად თუნდაც 40 ათასზე მეტი გამოგზავნოს, ეს საჩუქარია და არ იბეგრება. თანაც, ემიგრანტი არარეზიდენტი პირია. ის იმყოფება საზღვარგარეთ და იქ დასაქმებით იღებს შემოსავალს. პირის შემოსავლები დაითვლება მხოლოდ საქართველოში მიღებული შემოსავლებიდან.
– როგორ უნდა განისაზღვროს ოჯახის შემადგენლობა, ხომ შეიძლება შვილმა თავი აარიდოს, თქვას, რომ იქ არ ცხოვრობს და ვერავინ დაუმტკიცებს საპირისპიროს.
– ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები ბებია, პაპა, შვილიშვილი და სხვ. რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან, თუმცა თუკი ოჯახის წევრს ცალკე ოჯახი აქვს, მაგალითად, ძმას, ის არ აღირიცხება. რაც შეეხება დამტკიცება – არ დამტკიცებას, ოჯახი თავადვე განსაზღვრავს ოჯახის წრეს. შეიძლება ჩემი ბიძაშვილი ჩემთან ცხოვრობდეს, მაგრამ მე ჩემს დეკლარაციაში არ შევიტანო. არავინ არაფერს გიმტკიცებს და არ გზღუდავს, თავადვე ადგენ წევრებს. მაგალითად, მე ერთ მისამართზე ვცხოვრობ, ჩემი ძმა – სხვა მისამართზე. მე ჩემს დეკლარაციას ვავსებ, ჩემი ძმა – თავისას.
– ბინაში ჩაწერილი პირები თუ შედიან ამ წრეში?
– არა, ჩაწერას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რეგისტრაციის გამო ბევრი ეწერება სხვის მისამართზე, რაც არ არის საგანგაშო. ქონებრივ დეკლარაციას ეს ფაქტი არანაირად არ ეხება.
– თუ არ მაქვს კოდექსით გათვალისწინებული შემოსავალი ხელფასის ან პენსიის სახით, მაგრამ მაქვს კომერციული ფართი, გაქირავებული ავტოფარეხი, ავტომანქანა – მაინც ვავსებ დეკლარაციას?
– თუ ხელშეკრულებები რეგისტრირებული გაქვთ და ხართ ინდმეწარმე, მაშინ ჩვეულებრივად იხდით გადასახადს. აქ იგულისხმება, რომ კეთილსინდისიერ მოქალაქეს აღრიცხული აქვს ყველა ტიპის შემოსავალი და იხდის, რაც ევალება. თუკი ვიღაცა ხელზე იღებს თანხას, მაშინ არსად დაუფიქსირდება და შესაბამისად, არც გადაიხდის არაფერს. მაგალითად, მოხელე, რომელიც კერძო შეკვეთებზე მუშაობს, შეიძლება 40 ათასზე მეტ შემოსავალს იღებს, მაგრამ აღურიცხავს ვერ მოსთხოვენ.
– როგორც გაცხადდა, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება. მაგალითად, თუ სწორად, საბაზრო ღირებულების შესაბამისად, არ შევაფასე საკუთარი ქონების ღირებულება – დავა მომიწევს საგადასახადოსთან. ქონების შეფასება ხომ ინდივიდუალურია და ამაზე ნებისმიერ დროს შეიძლება მოგედავონ . . .
– თუ პირი გადასახადის გადამხდელთა ბაზაში აღირიცხა და არ შეავსო დეკლარაცია, ამ შემთხვევაში ის დაჯარიმდება გადასახდელი თანხის გარკვეული პროცენტებით. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ კოდექსი ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებასაც იძლევა.
– ანუ არ მომედავებიან?
– არა, არავინ მოგედავებათ. მფლობელი თავად ადგენს საკუთარი ქონების საბაზრო ღირებულებას, პირდაპირ ასე წერია კოდექსში . . . მაგრამ თუ ქალაქის ცენტრში გაქვს ორსართულიანი სახლი და იტყვი, რომ მისი ღირებულება 10 ათასი ლარია, საგადასახადოს თანამშრომელი ეჭვით შემოგხედავს, მეტის უფლება მას არ აქვს . . .
– ჯერ არ აქვს, მაგრამ თანდათან ხომ მიეცემა ეს უფლება, რამე რომ შეგვეშალოს დეკლარაციის შევსების დროს და ამის გამო დავჯარიმდეთ?
– თუ სირღმისეული განხილვა გსურთ, გეტყვით: თანამდებობის პირები, ვისაც პირდაპირ ეხება ქონებრივი დეკლარაციის შევსება, დაქირავებული ადვოკატის და ფინანსისტის დახმარებით ავსებენ ამ დეკლარაციას, ანუ ითვალისწინებენ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა შეცდომა გამორიცხონ. ეს რიგით მოქალაქეებს არ ეხება . . .
– გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 40-ათასიანი ზღვარი მომავალი წლის ივლისში 120 ათასამდე უნდა აიწიოს, თორემ ლამის სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებსაც კი უწვეთ ამ გადასახადის გადახდა . . .
– საგადასახდო ზღვარის გაზრდის მცდელობა იყო და ახლაც არის, მაგრამ მე კონკრეტულად არაფერი ვიცი, ეს პარლამენტის პრეროგატივაა. ჯერ პროექტი უნდა დაინიცირდეს პარლამენტში. საგადასახდო კოდექსში ყოველგვარი ცვლილება შედის პარლამენტში მიღებული კანონის საფუძველზე.
– ეს ორმოცი ათასი გამოდის იმ თანხიდან, რაც გვერიცხება და არა იქიდან, რასაც ხელზე ვიღებთ?
– დიახ, აუცილებლად უნდა გაითვალიწინოთ, რომ პირველ რიგში, იგულისხმება დარიცხული ხელფასი და არა ხელზე მიღებული, ანუ ეკონომიკური საქმიანობიდან დასაბეგრი შემოსავალი და ასევე, არაეკონომიკური შემოსავლიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი.
– თქვენთან საუბრის შემდეგ ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ 40-ათასიანი ზღვარით არ უნდა განისაზღვროს ქონების გადასახადი . . .
– არაფერი საშიში არ არის, ხალხს არავინ ძარცვავს. მიკვირს, სულ იყო ეს გაუდასახადი და ახლა რატომ გამწვავდა საკითხი, რომან გოცირიძე რომ გამოდის და ისეთ კომენტარებს აკეთებს, თითქოსდა გაუკვირდა . . . რა გუკვირდა, მის დროსაც იყო და თავადაც იხდიდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას, ქონების გადასახადს. ახლა ალბათ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად მიიჩნია . . . ვისაც არ აქვს ამდენი შემოსავალი, ის რატომ უნდა შეშინდეს, ან რა არის შესაშინებელი, თუ გექნება ამდენი ფული, იმ 300 ლარსაც გადაიხდი წელიწადში, რა პრობლემაა. მხოლოდ ფულად შემოსავალზეა საუბარი და არა ნაჩუქარ მანქანაზე, ბინაზე ან სხვა რამეზე.
– მიწის გადასახადს რაც შეეხება?
– მიწის მფლობელობა უკვე ნიშნავს, რომ ხარ ქონების მფლობელი და გადამხდელი, მაგრამ თუ 5 ჰექტრამდე მიწა რეგისტრირებულია 2004 წლის 1 მარტამდე, მაშინ აღარ იხდი არაფერს. ვგულისხმობ, სასოფლო-სამეურნეო მიწას, ხოლო არასასოფლოზე – სულ სხვა ტარიფია. კანონის მიხედვით, თუ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, დეკლარაცია დასაბეგრი მიწის შესახებ საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან. ელექტრონულ პორტალზე შესვლა, რეგისტრაცია და მომხმარებელის/პაროლის აღდგენა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx
ირმა ცეცხლაძე