ქედის არქივის უფროსი სიახლეს გვთავაზობს
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ქედის არქივი, 60 წელზე მეტია თავის დანიშნულებას ზედმიწევნით ასრულებს. 15 წელია, მას პროფესიონალი საჯარო მოხელე ბადრი შერვაშიძე ხელმძღვანელობს. დღეს იგი „აჭარასთან“ საუბრობს.
– 60 წელი ისტორიისთვის მცირეა, მაგრამ ისეთი ტერიტორიული ორგანოსთვის და სპეციფიკური რაიონისთვის როგორიც ქედაა, მრავლისმთქმელია. ბევრმა თუ არა, მე მაინც ვიცი, როგორ დაეხმარა ჩვენი ორგანიზაცია აწ გარდაცვლილ პუბლიცისტ შალვა აბაშიძეს, როცა იგი ქედის რაიონის ისტორიაზე წიგნის გამოსაცემად მუშაობდა. 15 წელია, ამ სამსახურში ვარ, დღე ისე არ გაივლის, რომ მკვლევრები, სხვა დაინტერესებული პირები ცნობისა და სხვა დოკუმენტებისთვის არ გვსტუმრობდნენ. მოთხოვნები წელს საგრძნობლად მომატებულია. ისინი მომსახურებით კმაყოფილნი რჩებიან. შორეული სოფლებიდან მოსულებისთვის არც მე და არც ჩემს სამ თანამშრომელს სამუშაო საათების დამთავრება არასდროს შეგვიხსენებია.
– ალბათ საქმიანობა მარტო მოქალაქეების მიღება-გასტუმრებით, მკვლევრებზე დახმარებით არ შემოიფარგლება, არა?
– გეთანხმებით. დაარსების წლიდან არქივი ახალი საქმეებით ივსება. წელს უკვე 100-მდე საქმეა დამუშავებული და მათმა რაოდენობამ 42, 1 ათასს მიაღწია. წინა საუკუნის 90-იანი წლების განუკითხაობამ, ცალკეული ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელთა საარქივო მასალებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ მრავალი დოკუმენტი არქივს მიღმა დატოვა. აჭარის საარქივო სამმართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენც ვზრუნავთ, რომ ყველა საქმეს ადგილი მივუჩინოთ.
– ამ საქმისადმი ორგანიზაცია-დაწესებულებების, საჯარო სამსახურების, კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელთა ახლანდელი დამოკიდებულება როგორია?
– საქმიანი და ოპერატიული. მათმა გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ჩვენს მუშაობაზეც დადებითად იმოქმედა. ყოველგვარი ხმაურისა და ზედმეტობის გარეშე სავალდებულო საქმეები მუშავდება. უმრავლესობა მადლობას იმსახურებს, მაგრამ სკოლების დირექტორების გულისხმიერი მიდგომა, უდავოდ, აღსანიშნავია. უკვე საკრებულოს კომისიების სხდომების მასალების დაარქივებაზეც ჯერი მიდგა, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივაა.
– ერთობ მისასალმებელი და კარგი წამოწყებაა, რომ აჭარის საარქივო სამმართველოში რეგიონში მცხოვრები წარმატებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი არქივი იქმნება. ეს წამოწყება ტერიტორიულმა ორგანომაც რომ გადმოიღოს, ამაზე რა აზრისა ხართ?
– ეს სასიკეთოდ წაადგება იმ მკვლევრებს, რომლებიც ცალკეული პიროვნებების ცხოვრების გზით ინტერესდებიან, მით უმეტეს, რომ გახშირდა ღირსეული პიროვნებების შესახებ წიგნების გამოცემა. მხოლოდ გაზეთმა „აჭარამ“ გაახმიანა მერისისხეობელი ღვთისმსახურის ახმედ ხალიფაშვილის ეროვნული მიდგომა მუჰაჯირობისადმი. მან, ფაქტობრივად, აჭარის მთიანეთის მოსახლეოება მშობლიური ადგილებიდან აყრას გადაარჩინა. მასზე, იგივე ყადირ შერვაშიძეზე, სხვა ქედელ მამულიშვილებზე ჩვენთანაც რომ ინახებოდეს მასალები, უკეთესზე უკეთესი იქნებოდა. კარგია, რომ გეგელიძეებში – გამოჩენილი მწერლის, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, დაბა ქედაში კი მისი სახელობის პარკი გვაქვს, მაგრამ არქივში – არაფერი. ყველა ვიცნობთ ხარაულელ პირველ მენტორ მასწავლებელს, 10-მდე წიგნის ავტორ თამაზ აბულაძეს. ქედის არქივში მის შესახებ მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდილი პუბლიკაციების მოპოვებაა შესაძლებელი. სასურველია, მის სიცოცხლეშივე გვქონდეს საჭირო მასალები დაარქივებული. იგივე ითქმის ბატონების – ვანო და გურამ პაპუნიძეების, კიდევ არაერთი გამოჩენილი ადამიანის მისამართით.
ოთარ ცინარიძე