ვიქტორ ორბანი: უკრაინა არ იცავს უნგრეთს არავისგან და არაფრისგან, ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვია და არასოდეს მოვითხოვთ
უკრაინა არ იცავს უნგრეთს არავისგან და არაფრისგან, ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვია და არასოდეს მოვითხოვთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ორბანი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა: „არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო, თავად ორბანმა უნდა შესთავაზოს რაღაც უკრაინას, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს“.
ორბანი ზელენსკის ახსენებს დახმარებებს, რაც უნგრეთმა უკრაინას გაუწია.
„დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაესხა თავს უნგრეთს და უნგრეთის მთავრობას სხვადასხვა ბრალდებით. მოდით, ფაქტებს შევხედოთ. უნგრეთმა მიიღო ლტოლვილები უკრაინიდან; მოხდა 14 მილიონზე მეტი საზღვრის გადაკვეთა ომის დაწყებიდან; ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს სამი უკრაინული სკოლა; ვუვლიდით დაჭრილ ჯარისკაცებსა და ბავშვებს; ვუმასპინძლეთ ათი ათასზე მეტ უკრაინელ ბავშვს უნგრეთის ბანაკებში; ვამზადებდით სამედიცინო პერსონალს; აღვადგინეთ სკოლები და საბავშვო ბაღები უკრაინაში; გასულ წელს ვიყავით ელექტროენერგიის უდიდესი მიმწოდებელი უკრაინისთვის. ჩვენ დღემდე სულ დავხარჯეთ 200 მილიონი ევრო უკრაინელების ჰუმანიტარულ დახმარებაზე. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს“, – წერს ვიქტორ ორბანი.
უნგრეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს ასევე ახსენებს, რომ თანხები, რასაც უკრაინა ევროკავშირისგან იღებს, უნგრულ ფულსაც შეიცავს.
„ჩვენ არ ვართ მოხარულები ამით, მაგრამ ეს ფაქტია“, – აღნიშნავს იგი.
ამასთან, ორბანი უარყოფს მინიშნებას, თითქოს უნგრეთს უკრაინის ვალი აქვს.
„უკრაინა არ იცავს უნგრეთს არავისგან და არაფრისგან, ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვია და არასოდეს მოვითხოვთ. უნგრეთის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ჩვენი ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებითა და ნატოთი, რომლის წევრიც უკრაინა (საბედნიეროდ) არ არის.
დაბოლოს, მინდა შევახსენო უკრაინის პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთსულოვნად იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგი წავიდეს ახალი წევრის მიღებაზე. უნგრეთი არ უჭერს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში წევრობას, რადგან ეს ომს შემოიტანს ევროპაში და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე უნდა დაამყაროს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი წინადადება. ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ, რისი სრული უფლებაც გვაქვს“, – წერს ორბანი.