„შენი ნაფიქრალის წამღერებისაც კი არ უნდა შეგეშინდეს“
შალვა კვასხვაძე – ეს საინტერესო მწერალი ახლახან გამოჩდა ფართო ლიტერატურულ სარბიელზე და უმალვე მიიპყრო როგორც მკითხველის, ასევე ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღება. იგი დღესდღეობით ორი წიგნის ავტორია. პირველი წიგნის – მოთხრობათა კრებულის „ჩემი ხატიჯეს“ წინასიტყვაობაში მისი რედაქტორი, ცნობილი პოეტი სანდრო ბერიძე ხაზს უსვამს ავტორის ნიჭიერებას და მხატვრულ ოსტატობას: „მხატვრული მასალა მწერლის შინაგანი სამყაროს ორგანული ნაწილია, რაც უთუოდ მისაბაძი და მისასალმებელია მწერლობაში“. ვიზიარებთ ამ აზრს და ჩვენი მხრივ დავამატებდით – არა მარტო ამ წიგნში, საერთოდ, მის ტექსტებში, თემატიკის თვალსაზრისით, ტრადიციულთან ერთად, ნოვაციასაც შეხვდებით. . . ახლა კი გთავაზობთ მოგზაურობას მწერლის სამყაროში, სადაც თავად გახლავთ მეგზური და გულწრფელად პასუხობს კითხვებს.
– ახლახან მკითხველმა თქვენი პირველი წიგნი – მოთხრობების კრებული იხილა, ცოტა ხანში მეორე წიგნის გამოსვლაც გვამცნეთ. . . რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ წიგნებზე და რატომ უნდა დაინტერესდეს მკითხველი?
– თუ ჩემს თავს ნეიტრალური მკითხველის პოზიციიდან მოვიაზრებ, მაშინ გეტყვით, რომ ახალი ავტორის წიგნის მაღაზიის თაროებზე გამოჩენა, მინიმუმ, დამაინტერესებდა და მისი ნაწერების გაცნობის სურვილს გამიჩენდა. თუ მომეწონებოდა ან გარკვეულ ინტერესს აღმიძრავდა, მომდევნო წიგნებს და ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი ახალი ნაწარმოებების გამოჩენას მივადევნებდი თვალს. ვფიქრობ, დღეს არაა იოლი მკითხველის პოვნა, შენარჩუნება, ,,შენიანად“ გადაქცევა. მისი ინტერესი, გემოვნება, ინტელექტუალური დონე განუზომლად გაიზარდა და თუ მათი დაკმაყოფილება შეძელი, გასულხარ ფონს. მწერლურ წარმატებად ჩავთლიდი, თუ მკითხველს, როცა შენს წიგნს ხელში აიღებს, გადაფურცლავს და გაცნობას დაიწყებს, განშორება გაუჭირდება და კითხვისას დახარჯულ დროს წყალში გადაყრილად არ ჩათვლის. მე ჩემი მოთხრობების თუ ჩანაწერების მეგზურად ვერ გამოვდგები, ვერც წარმდგენლად. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმეა ვწერო, თუ როგორ ვახერხებ ამას, ეს ვისაც ხელეწიფება და სურვილი გაუჩნდება, იმან შეაფასოს. აქვე გეტყვით, რომ მოთხრობების პირველ კრებულს ,,ჩემი ხატიჯე“ – ჰქვია და შარშან გამოვიდა, მეორე – ,,ცხოვრება, როგორც ასეთი. . .“ კი ახლახან. ორივე წიგნზე მუშაობისას ძალიან გამიმართლა: დამკაბადონებელი, გარეკანის მხატვარი, რედაქტორები, კორექტორები, ამბის მომკითხველები და გამამხნევებლები, საოცრად გულიანი ხალხი აღმოჩნდა. დიდი მადლობა მათ. . .
– სალიტერატურო სარბიელზე გვიან გამოჩნდით, თუმცა ძალიან წარმატებულად. . .როგორი იყო თქვენი განვითარებისა და გაცნობიერების გზა?
– პირველი მოთხრობები ალმანახ ,,ცისარტყელაში“ დაიბეჭდა ნახევარი საუკუნის წინათ, მაშინ მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი. შემდეგ იყო ,,ჭოროხი“, თსუ-ის სალიტერატურო ჟურნალი ,,პირველი სხივი“, სხვადასხვა გაზეთი. . . მოთხრობებს, პატარ-პატარა ჩანახატებს და იუმორესკებს ყოველთვის ვწერდი. ჟურნალისტობა სტუდენტობაში დავიწყე. ეს კარის მეზობლის რუბენ ბურჭულაძის დამსახურებით მოხერხდა. რუბენი აჭარის ტელერადიო კომიტეტში საინფორმაციო გამოშვების რედაქტორად მუშაობდა. მაღალი, ხმელი, ოდნავ თმაშემელოტებული კაცი გახლდათ, ბუბუნა და სასიამოვნოდ მოსასმენი ხმა ჰქონდა. მისი დახმარებით, თანდათან დავუახლოვდი რადიოჟურნალისტიკას, პარალელურად, საოლქო გაზეთსაც. სტუდენტობისას, რადიოს შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი. პედინსტიტუტში, მთავარი იყო რამე გაფაჩუნებულიყო, უმალ ინფორმაციად ვაქცევდი და რადიოსა და გაზეთში მივარბენინებდი. ორთავე მედიაში საოცრად თბილ და მზრუნველ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. რადიოსა და გაზეთს თვის დასაწყისში ენით გადმოუცემი ზეიმი და სიხარული მოჰქონდა, ჰონორარებს ვიღებდი, ამას ფრიადოსნობის სტიპენდიაც ემატებოდა და ფულიანი ყაძახი ვიყავი. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონის ახალშენის საშუალო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. დედაც ქართულის მასწავლებელი მყავდა და მის გზას გავყევი. მაშინ ავღანეთის ომი მიმდინარეობდა და ვისაც როგორ შეეძლო, ისე შველოდა თავს. ჯარიდან თავის დაღწევის რამდენიმე გზა არსებობდა – ან ,,თეთრი ბილეთი“ უნდა გქონოდა (სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და მაგ ცნობას ვინ მომაშავებდა), ან, მინიმუმ, ერთი შვილი უნდა გყოლოდა (რაც თავი მახსოვს, სულ წიგნი, წიგნიო, ჩამჩიჩინებდნენ სახლში თუ კარში, გვერდზე გახედვას ყოველთვის მოესწრებიო და ა, ბატონო, დაგვიანებული დავრჩი. . .), ან მაღალმთიანი რაიონის რომელიმე სოფლის მოთხოვნის საფუძველზე, დეფიციტური საგნის მასწავლებლად უნდა ვყოფილიყავი შესაბამისი რაიონის განათლების განყოფილების მიერ გაგზავნილი (ამაგს ვერ დავუკარგავ, რაც ამაზე ჩემიანებმა მაგრად იწვალეს და იბრძოლეს. . .). თუ არ ვცდები, სკოლაში ქართულის მეცხრე მასწავლებელი ვიყავი, მეორე თუ მესამე პოტენციური წვევამდელი, საბჭოთა ჯარში წასვლის სურვილი რომ არ ხიბლავდა მაინდამაინც. რა დამავიწყებს, წელიწადში ორჯერ, სამხედრო კომისარიატში სკოლიდან მიმქონდა ცნობა, რომელშიც დაახლოებით შემდეგი ეწერა: ჩვენი სკოლა ქართულის მასწავლებლების გამოკვეთილ დეფიციტს განიცდის და სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში ჩემი გაწვევა სკოლაში კატასტროფას თუ არა, საგანში განათლების დონის მკვეთრ დაცემას გამოიწვევდა უსათუოდ. ასე შეუცვლელის სტატუსით გავატარე უბედნიერესი ექვსი წელი ახალშენის საშუალო სკოლაში. პარალელურად, გარკვეული ხანი, ხელვაჩაურის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად ვიმუშავე შეთავსებით, რომელსაც მაშინ ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გენრიეტა ქუთათელაძე რედაქტორობდა. გაზეთი კვირაში სამჯერ გამოდიოდა და ყველა ნომერში ჩემი რამდენიმე პუბლიკაცია იბეჭდებოდა. აქაც მქონდა ხელფასი და მოკრძალებული ჰონორარი, მეტად თბილი, დასამახსოვრებელი და მეგობრული გარემო. გზადაგზა ვსწავლობდი შრომას, ადამიანებთან ურთიერთობას, მათ ხასიათებს, მსგავსებასა და განსხვავებას, წლების განმავლობაში უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა და ახლა ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მოთხრობებში გადმოვცე ნანახი და განცდილი. ვნახოთ, რა გამომივა, გურული კი ვარ, მაგრამ არ ვჩქარობ, კისრის მოტეხვას ისევ ნელი ნაბიჯებით სიარული მირჩევნია.

– ვინ ვარ მე? – ამ შეკითხვას თუ უსვამთ თავს და როგორ პასუხობთ?
– როცა მარტო დავრჩები, ამაზე ხშირად ვფიქრობ და ჩემს თავს უამრავ შეკითხვას ვუსვამ. ზოგჯერ პასუხით კმაყოფილი ვრჩები, ზოგჯერ – არა. მე ასე მგონია, ერთი ჩვეულებრივი, პრინციპული, უშუალო, ალალი, სიყვარულის შემძლე და მომფერებელი ადამიანი ვარ. ვერ ვიტან ცივ, მატყუარა, ორპირ, ქლესა, უზნეო და გაბოროტებულ ხალხს. ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, იმაზე უფრო მეტი დაფიქრება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ერთურთის მოფერება და სითბოს გულწრფელი გამეტება გვმართებს და იმის გაცნობიერება, რომ სამშობლო ერთი გვაქვს და მას სიცოცხლის ბოლომდე გაფრთხილება სჭირდება. დილით, ერთმა გაღიმებულმა და გულიანმა მისალმებამ შეიძლება მთელი დღე სასიამოვნოდ გაგილამაზოს და ეს, სრულებითაც არაა ძნელი და მიუღწეველი. ვერ ვიტან რადიკალებს. . .
– თავისუფალი ადამიანი როგორი არის? თავად თქვენ?
– თავისუფალი ადამიანის სამშობლო თავისუფალი სამყაროა. ის გარემო, სადაც ცხოვრობს, მუშაობს, მოქმედებს, საკუთარ ოცნებებს ფრთებს ასხამს, აღწევს წარმატებებს და ხარობს მიღწეულით. თავისუფალ ადამიანს არ ეშინია თამამი ფიქრის, ნაფიქრალის თქმის, დაწერის და თუნდაც წამღერების, საკუთარი ემოციების, განცდების და შინაგანი ბუნების წარმოჩენის, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფებმა შესაძლოა, ვერ გაუგონ, გააკრიტიკონ, ჯვარს აცვან. მართალია, ადამიანის თავისუფლება ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონითაა დაცული, მაინც უნდა ითქვას, რომ „…თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი რომ შენი ნაფიქრალის წამღერებისაც კი არ უნდა შეგეშინდეს. აი, მაშინ ხარ ლომი, თავისუფალი, უფრო ზუსტად, შენი თავის უფალი.
აქვე მინდა დავსძინო, რომ თავისუფლება ჩემთვის შთამომავლობით არავის გადმოუცია ან უჩუქებია. განათლებით, შრომით, პატიოსნებითა და პრინციპულობით მოვიპოვე, ახლა კი ვტკბები ჩემი ნაფიქრალის წიგნში გადმოცემის პროცესით. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ თავს ზუსტად იმ ტიპის თავისუფალ ადამიანად მივიჩნევ, საკუთარი ნაფიქრალის თქმა და დაწერა რომ არ უჭირს ან ეშინია. აი, წამღერებისა რა მოგახსენოთ, სიმღერის ნიჭი ნამდვილად არ მარგუნა ღმერთმა, მაგრამ ამ უნიჭობასაც მოეძებნა ბავშვობაში პრაქტიკული გამოყენება. რომელიმე აბეზარი სტუმარი დროულად თუ ვერ გაიკვლევდა სახლისკენ მიმავალ გზას, მანიშნებდნენ და მეც, ჩვეული რუდუნებითა და მონდომებით დავიწყებდი სიმღერას. დამიჯერეთ, წამომღერებაც მყოფნიდა, მარტო ოჯახის წევრები რომ დავრჩენილიყავით.
– გარემო, რომელშიც ცხოვრობთ და საქმიანობთ?
– საკმაოდ რთულია და არაერთფეროვანი, ანუ ჭრელი, მაგრამ ძალიან საინტერესო, საკუთარი თავის გამოცდის მრავალმხრივი შესაძლებლობებით. ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას – რაც უნდა უიმედო იყო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მთავარია, იცოდე, რისი მიღწევა გსურს და რის ფასად! არ ვარ ფათერაკების მოყვარული, მაგრამ, როგორც გარდუვალობა, იგი ყოველთვის მპოულობს. . .

– თუ გიყვართ მოგზაურობა და სხვა ქვეყანაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– მიყვარს, მაგრამ ახალგაზრდობაში ვერ შევძელი, უცხოეთი კი არა, ჩემი სამშობლოს ბევრი კუთხე ვერ მოვინახულე, რაზეც გული ძალიან მწყდება. კიდევ კარგი, არსებობს ინტერნეტი და არიან ვლოგერები. . . ისე, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და სტამბულის დათვალიერებას ვაპირებ. იმდენმა შინაურმა მოინახულა, რომ ახლა უხერხულობის შეგრძნება მაწუხებს.
– თქვენ და ოჯახი. . . რამდენად ემპათიური ხართ?
– ჩემი ოჯახი, ჩემი სიძლიერე და სიამაყეა. მყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. შვილებს მშობლები ბებია-ბაბუობისთვის ჯერ არ ვემეტებით და ვართ ასე, ბადიშებს მონატრებულები. ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ. საოცრად მომწონს, ახალგაზრდა წყვილი რომ ჩამივლის გვერდით და პატარა და უმანკო სიცოცხლეს ასეირნებენ.
– როცა ქუჩაში მათხოვრებს ხედავთ. . .
– არ მემეტებიან სამათხოვროდ. არ განვიკითხავ და განვსჯი. თუ ფული მაქვს, აუცილებლად ვაძლევ, გულდამძიმებული და ხასიათწამხდარი ვშორდები იმ იმედით, შინაურები გამოუჩნდებიან და შემდეგ გამოვლაზე იქ დამსხდარი აღარ დამხვდებიან.
– წიგნი, რომელმაც შეგძრათ, ახლა რას კითხულობთ?
– წიგნის ყიდვა და კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. ასე ვარ ახლაც. ოღონდ ამაზე ლაპარაკს ყოველთვის ვერიდები. მიყვარს კლასიკაც და თანამედროვე მწერლები. ამ ბოლო დროს იაპონურმა პროზამ გამიტაცა და სიამოვნებით ვეცნობი. აზიური კულტურა ჩემს თვალსაწიერში ახალი და თვალწარმტაცი სამყაროა.
– ციფრული სამყაროს ამ რეალობაში როგორ ადაპტირებთ და სხვებს რას ურჩევთ?
– ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან რთულად და ნელა ვეჩვევი. არადა, მაინტერესებს. . .
– როცა ხვალინდელ დღეზე ფიქრობთ. . .
– იმედიანად ვარ. ორ შვილს, დისშვილებს, ძმისშვილებსა და მათ ნაგრამს ვუტოვებ ხვალინდელ დღეს. მე მათი მჯერა. მჯერა იმისაც, რომ ისინი ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად მოღონიერებულ საქართველოში იცხოვრებენ.
ლაშა ხომერიკი