ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დაიწყო
By

 ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დაიწყო

ბათუმი თოჯინების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს დღეიდან 5 დღის განმავლობაში უმასპინძლებს, საფესტივალო დღეები თოჯინების სპექტაკლების პარალელურად ვორქშოფებსაც მოიცავს. ექვსი სხვადასხვა ქვეყნის დასი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე საფესტივალო პიესებითა და ინსცენირებით წარსდგება, რის შემდეგაც ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენენ. მასპინძელი თეატრი ფესტივალს სპექტაკლით „პლატონი“ გახსნის, რომელიც, ასევე, საკონკურსო ნამუშევარია.
ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ სსიპ „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ და სსიპ „საქართველოს თოჯინების“ პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ირაკლი კიკვაძე და ნიკოლოზ საბაშვილი, ფესტივალის დირექტორები – იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მარეხ ტუღუში, კოორდინატორი კი ნელი ვაშალომიძეა. ფესტივალს, ტრადიციულად, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს. სპექტაკლების გარდა, ფესტივალი მონაწილეებს მასტერკლასების სერიას სთავაზობს, რომელსაც მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ჩაატარებენ.
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ხელს უწყობს საქართველოში თოჯინური თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას.
ფესტივალის მესამე სეზონში მონაწილეობენ: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (საქართველო), Teatro Saco De Huesos (საფრანგეთი), ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (საქართველო), თეატრი Tempo (თურქეთი), თოჯინების თეატრი „Izvorașul Vessel“ (მოლდოვა), ფერგანას რეგიონალური თოჯინების თეატრი (უზბეკეთი), Teatrum Genesius – Art et Schola (ჩეხეთი), მოხეტიალე მთვარის თეატრი (საქართველო), საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება – თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
სულ წარმოდგენილი იქნება 10 სპექტაკლი, აქედან 2 სპექტაკლი და 1 სპექტაკლი-მასტერკლასი არასაკონკურსო ფორმატით.

მასტერკლასებს გამართავენ: ,,როგორ გავაკეთოთ პენოპლასტის ბურთებით მარტივი თოჯინა“ – საქართველო – ვახტანგ ქორიძე, ,,მეტყველების სავარჯიშოები“ – საქართველო – მანანა ბერიკაშვილი, ,,მარიონეტებით მანიპულაციის პრინციპების შესავალი“ – ანხელ ნავარო, საფრანგეთი – სპექტაკლი-მასტერკლასი – ,,ლეგენდა ბედნიერების შესახებ“ – ჩეხეთი ევგენი ობრაგიმოვი.
ფესტივალი 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიწყება და 10 ნოემბერს, 18:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

გამარჯვებული შვიდ ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, კრიტიკის სპეციალური პრიზი (გამოავლენს ქართველ კრიტიკოსთა კოლეგია), საუკეთესო რეჟისურა, გრან პრი.

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იწყება ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრების ფესტივალი, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდება. გვყავს საკმაოდ კვალიფიციური ჟიური – ქართული შემადგენლობით და ეს ძალიან მახარებს. მაქვს დიდი იმედი და სურვილი, რომ ფესტივალი ამჯერადაც ისევე კარგად ჩაივლის, როგორც წინა წლებში. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს და ეს დღეები არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, არამედ მთელი ბათუმისთვის იქნება ძალიან საინტერესო და ლამაზი. ნომინაციები წელსაც იგივეა, რაც იყო შარშან და შარშანწინ, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირეტორმა ირაკლი კიკვაძემ.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები: აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო; ფესტივალის მხარდამჭერები: ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი; ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო, ბათუმი TV, გაზეთი „აჭარა“, ქართული თეატრის ელექტრონული არქივი – Theatre Life, OK საქართველო, OK ბათუმი.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *