3 ბიზნესიდეა დააფინანსეს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამა „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი გააქტიურება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა. დადებითი შედეგები სახეზეა. სამოლეთელმა ლია ბერიძემ ამ პროგრამის ფარგლებში ჟოლო გააშენა და მოსავალსაც იღებს. საოჯახო სასტუმრო მოაწყო გომარდულელმა ნანი ტარიელაძემ. 7 წლის განმავლობაში 23 ქალბატონის ბიზნესიდეა დაფინანსდა.
წელს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა და 55 000 ლარი შეადგინა. წარმოდგენილი რამდენიმე ბიზნესიდეიდან 3 შეარჩიეს. დარჩიძეებელი მზევინარ ბერიძე საოჯახო სასტუმროს გამართვაზე იზრუნებს, გომარდულელი ფატი ნაკაშიძე სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისთვის სპორტულ ინვენტარს შეიძენს, დაბაძველელი თამარ ზოიძე სათბურის მოწყობას აპირებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიზნობრივი პროგრამის „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში 3 გამარჯვებულთან ხელშეკრულებები გააფორმეს.
ცოტნე ცაბაძე