„ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო ბრძოლას იწყებს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოება დაიწყოს. პარტიის წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
„პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვიწყებთ სამართალწარმოებას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მათ მიერ მიტაცებული ხელისუფლება ქმნის კანონებს, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს ავიწროებს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლიანობის იმედი ნაკლები გვაქვს, პროცესს ვიწყებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით“, – ამბობს ბეჟაშვილი.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე უკვე გასაჩივრებულია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც ბეჟაშვილი „ფაქტების გაფუჭებულ კრებულად“ მიიჩნევს.
შემდეგი ნაბიჯი იქნება „ექსტრემისტული ქმედებების“ შესახებ მიღებული კანონების გასაჩივრება, რომლებიც, როგორც იგი ამბობს, პარტიების გაუქმებას ემსახურება.
მესამე ეტაპი კი შეეხება საკუთრივ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, საკონსტიტუციო დავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სტრასბურგისთვის.
„ეს ნაბიჯი გარდამტეხია ევროსასამართლოში შემდგომი პროცესებისთვის. „ქართული ოცნება“ ქმნის რუსულ რეჟიმს და ბრძოლა ყველა ეტაპზე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა მან.

ამ პროცესს მწვავე რეაქცია მოჰყვა მმართველ გუნდთან დაკავშირებული პარტიიდან „ხალხის ძალა“. მისი აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს: „სარჩელში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. თუ სასამართლოში მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ცივილურ გზას მიუბრუნდნენ.“
მაჭარაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა „საზოგადოებრივი მოთხოვნა“ იყო და დასძენს: „ნაცმოძრაობამ თავად აიკრძალა ყველაფერი, მათ შორის, პარლამენტში მუშაობა. ახლა კი ამბობენ, მონაწილეობას გვიკრძალავენო.“
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასაც ეხმიანება.
„ორი ადამიანიც ვერ დადგა ერთად. მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, ველი ჯანსაღი ოპოზიციით შეივსება. სახელმწიფო არ არსებობს, სადაც პოლიტიკური ველი შეუვსებელი დარჩება. ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ველი აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.