საკრებულოში ვაკანტურ თანამდებობებზე ხელახალი არჩევნები ჩატარდა
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობის პირთა გადადგომას უყარეს კენჭი. ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ოჯახური მიზეზის გამო სხდომას არ ესწრებოდა და დავით მიქელაძემ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძის განცხადებით, 7 ნოემბერს საკრებულოში შევიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით მიქელაძის, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ლევან დავითაძის და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გოჩა მგელაძის განცხადებები. მათ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს. როგორც მან აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანამდებობის პირს, პირადი განცხადების გაკეთების შემთხვევაში, უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების რეგისტრაციის დღეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ თანამდებობის პირებს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ 8 ნოემბერს. როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, საკუთარი სურვილით თანამდებობები ასევე დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეებმა ნერიმან ცინცაძემ და ჯაბა ჭანტურიამ.
10 დღის წინ არჩეული თანამდებობის პირების საკუთარი განცხადებით გადადგომასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს და კოლეგებისგან განმარტებები მოითხოვეს პარტია „ლელოსა“ და „გირჩის“ დეპუტატებმა ვაჟა დარჩიამ და გიორგი მასალკინმა.

დავით მიქელაძემ მათ განუმარტა, რომ არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი და რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. როგორც მან აღნიშნა, თუ სად და რა პოზიციაზე იქნება მომავალში, ამას თავის დროზე ყველა შეიტყობს. უმრავლესობამ, საკრებულოს ვაკანტურ პოზიციებზე თანამდებობის პირთა არჩევნებში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, 21 ხმით, ლევან დავითაძე აირჩია. ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

– თანამდებობის პირთა გადადგომას რაც შეეხება, ისინი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგნენ და კვლავაც რჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად. ამის შესახებ ბატონი დავით მიქელაძისგან თავად მოისმინეთ განმარტება. შემდგომში თუ რა პოზიციებზე იქნებიან ისინი წარმოდგენილი, უახლოეს დღეებში ნახავთ. ირაკლი თავდგირიძეს რაც შეეხება, ის ამჟამად, ოჯახური პირობების გამო, არ იმყოფება საქართველოში. როცა დაბრუნდება, ამის შესახებ პასუხი პირადად მისგან შეგიძლიათ მიიღოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, გუნდი რჩება პრინციპების ერთგული და ყველა თანმდებობის პირი არის ამ გუნდის წევრი. მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს არის პროცედურული ნაწილი და კომისიებში მოხდა გადანაცვლება, – განაცხადა ლევან დავითაძემ. საკრებულოს ხელახალი არჩევნებით, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ჯაბა ჭანტურია, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გოჩა მგელაძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას კი ნერიმან ცინცაძე უხელმძღვანელებენ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3125,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.
მანანა ტაკიძე
გალერეა



