ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ა.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.