საკადრო ცვლილებები მერიის ორგანიზაციებში
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით მჭედლიძე დაინიშნა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების მენეჯერულ პოზიციებზე.
არჩილ კონცელიძე, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის პოზიციაზე პროფესიით ტრანსპორტის ინჟინერი სულხან დუმბაძე დაინიშნა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სულხან დუმბაძე ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
გიორგი ცინცაძემ ყოფილ ხელმძღვანელებს ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ახალ მენეჯერებს კი შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გალერეა

