შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს არმიწვევას ბრიუსელის მხრიდან „ევროპულ ღირებულებებთან აცდენილ ნაბიჯად“ აფასებს. მისი თქმით, ევროპული ღირებულებები დიალოგსა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, ხოლო ბრიუსელის ბოლო გადაწყვეტილება ამ პრინციპების საპირისპირო გზაზე მიუთითებს.
„ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც კიდევ ერთი ნიშანია ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება არის საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გაფართოების პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საბოლოოდ თავად ბრიუსელის წარმომადგენლების განცხადებებმა გააბათილა.
„პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. შესაბამისად, მათ საკუთარი სიტყვებითვე აღიარეს, რომ გავრცელებული ნარატივი, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, სიცრუე იყო,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ კონფრონტაციული ტონი და საჯარო კრიტიკა მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგის ფორმატის ნაცვლად, რჩება დაპირისპირების გზა.
„ბრიუსელი დღეს აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლებზეც თავად ევროპა დგას – დიალოგს, თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობასა და ურთიერთგაგებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო 18 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ოფიციალური ურთიერთობების გამწვავებაზე თბილისსა და ბრიუსელს შორის.