„თოფუზი“ დაიწყო
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„თოფუზი“ აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალია და მისი მიზანი ახალგაზრდებში ანიმაციის პოპულარიზაცია, კინემატოგრაფიის ამ დარგის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მსოფლიო მასშტაბით ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციაა.

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, მასტერკლასები და ვორქშოფები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ჩვენება. საგანმანათლებლო შეხვედრები უკვე გაიმართა ხულოსა და ქედაში.
წელს ფესტივალში 30-ზე მეტი ქვეყანა და 70-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მონაწილეობს. პროექტში ჩართული არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები და ანიმაციით დაინტერესებული ახალგაზრდები.

საკონკურსო და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.
ფესტივალი 15 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.