კაია კალასი: უკრაინაში კორუფციის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ახლა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უკიდურესად სამწუხაროს უწოდებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციულ სკანდალს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, კიევი ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეს.
„ისინი ძალიან მტკიცედ მოქმედებენ. კორუფციის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ახლა. ეს არის ხალხის ფული, რომელიც ფრონტის ხაზზე უნდა მიდიოდეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იმოქმედონ და ამას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ“, – განაცხადა კაია კალასმა კანადაში „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში.
ენერგეტიკის სექტორში, კორუფციული სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი მათი გადაყენების მოწოდებით გამოვიდა.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელ ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს საუბარიცაა.
უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „ენერგოატომის“ უსაფრთხოების საკითხებში აღმასრულებელ დირექტორ დიმიტრი ბასოვს, რომელსაც მასშტაბურ კორუფციულ სქემაში მონაწილეობა ედება ბრალად. ასევე, პატიმრობა 126 მილიონი გრივნის გირაოს ალტერნატივით შეეფარდა ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მრჩეველ იგორ მირონიუკს.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.