,,ფოტოგრაფია ერთ წამში ჩერდება, კინო კი ამ წამს სიცოცხლეს აძლევს“
ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოგრაფი და დამწყები რეჟისორი ელენე კურტანიძე უკვე არაერთი ნამუშევრის ავტორია, მისმა ფილმმა ,,ჩემი მეგობარი“ სმარტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. წარმატებას მიაღწია ფოტოკონკურსებშიც, კერძოდ, „ევტიხი“ და „ილო 2025“-ის კონკურსებში მესამე და პირველი ადგილი დაიკავა. ელენე განიხილება იმ ახალ ტალანტად, რომელიც ფოტოსა და კინოს საინტერესოდ აერთიანებს.
– ელენე, ვიდრე თქვენს ბოლოდროინდელ მიღწევებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მკითხველს უამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი გზა ფოტოგრაფიასა და კინოში?
– ფოტოგრაფიით სკოლის პერიოდში დავინტერესდი და მას შემდეგ მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო კადრი შევქმნა. თავიდან ეს უფრო ჰობი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარი ხედვის ფორმად გადაიქცა. ფოტოგრაფია ჩემთვის დაკვირვებაა – როგორ დაინახო ყოველდღიურობაში რაღაც ახალი, რასაც სხვები ხშირად ვერ ამჩნევენ. რაც შეეხება კინოს, ეს სფერო შედარებით ახალია ჩემთვის. სულ რამდენიმე თვეა, რაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებამ დამაინტერესა. მიზიდავს სწორედ ის, რომ ამ ფორმატში საჭიროა მოკლე დროში და მცირე რესურსით გადმოსცე მთელი ამბავი. ეს ერთდროულად გამოწვევაცაა და ძალიან საინტერესო პროცესიც.
– ამასწინათ ცნობილ ფოტოგრაფ ევტიხი ჟვანიას სახელობის ფოტოკონკურსში და ასევე „ილო 2025“-ის ფოტოკონკურსში მესამე და პირველი ადგილები დაიკავეთ. გვიამბეთ ამის შესახებ…
– კონკურსებში მონაწილეობა ჩემთვის ყოველთვის მოტივაციაა როგორც საკუთარი თავის გამოცდისთვის, ისე ახალი გამოცდილების მისაღებად.
ევტიხი ჟვანიას სახელობის ფოტოკონკურსი „ევტიხი“ უკვე მესამე წელია ტარდება და ყოველ წელს უფრო მაღალი დონის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ წელს ჩემი ფოტოც აღიარებულებს შორის მოხვდა. რაც შეეხება „ილო 2025“-ს, ეს საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც ცნობილ ქართველ ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილს ეძღვნება და უკვე 19 წელია ტარდება ქუთაისში. სამი წელია ვმონაწილეობ – პირველ წელს გავიმარჯვე ნომინაციაში „ბავშვის საუკეთესო პორტრეტი ექსტერიერში“, მეორე წელს ჩემი ნამუშევარი მოხვდა გამოფენაზე ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ხოლო წელს პირველი ადგილი დავიკავე. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.
– არანაკლები წარმატება მოიპოვეთ კინოსფეროშიც – თქვენმა ფილმმა „ჩემი მეგობრები“ სმარტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?
– ამ ფილმის შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობრებს დიდი ხანია გვქონდა, თუმცა რაღაც ბიძგი გვჭირდებოდა, რომ გადაღება დაგვეწყო და სწორედ სმარტფილმების ფესტივალი გახდა ამის საბაბი. „ჩემი მეგობრები“ ძალიან პირადული ნამუშევარია – ის მარტოობაზე, წარმოსახვასა და ადამიანის შინაგან სამყაროზეა. არ მინდოდა უბრალოდ ისტორია შემექმნა მხატვარ გოგონაზე; ფილმი მეტაფორად იქცა იმის შესახებ, როგორ ვქმნით საკუთარ რეალობას, როცა მარტონი ვართ. აქვე დავამატებ, რომ ფილმი ტორონტოს გლობალური კინოფესტივალის პროგრამისთვის შეირჩა და 21 დეკემბერს ნაჩვენები იქნება ტორონტოში.
– სმარტფილმების გადაღება სპეციფიკური პროცესია. როგორ მოახერხეთ ტექნიკური სირთულეების გადალახვა და ემოციური სიღრმეების შენარჩუნება ერთდროულად?
– მობილურით გადაღება ნამდვილად თავისებურ სირთულეებს ქმნის, განსაკუთრებით შუქთან და ხარისხთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ტექნიკა კი არა, ხედვაა. როცა ზუსტად იცი, რა გინდა გადმოსცე, მაშინ ტექნიკური შეზღუდვები სირთულესთან ერთად, კრეატიულობის სტიმულს ქმნის. მთელი გუნდი ვცდილობდით, ემოცია ყოფილიყო ფილმის მთავარი ძალა. ამიტომაც ყველაფერი, განათებიდან მონტაჟამდე, ემოციაზე იყო აგებული.

– რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ ფოტოგრაფიასა და კინოში?
– ფოტოგრაფია ერთ წამში ჩერდება, კინო კი ამ წამს სიცოცხლეს აძლევს. ორივე ვიზუალურ ენას იყენებს, მაგრამ ფოტოს ერთი კადრი უნდა ყვებოდეს სრულფასოვან ამბავს, მაშინ, როცა კინო დროის შიგნით მოგზაურობს. ორივეს აერთიანებს სინათლისა და ემოციის ძალა.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ თემას ან ობიექტს ფოტოს გადასაღებად?
– ხშირად თემა თავად მოდის. ეს შეიძლება იყოს ერთი ემოცია, სახე, ან თუნდაც შემთხვევითი სინათლე ქუჩაში. ჩემთვის მთავარია, სურათში იყოს „სული“, რაღაც ისეთი, რაც სიტყვებით ვერ აიხსნება.
ხანდახან ერთი გამომეტყველება უფრო მეტს გიყვება, ვიდრე მთელი ამბავი. სწორედ ასეთ მომენტებს ვეძებ კამერით.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სოციალური თემების ან ადამიანური ემოციების ასახვა ფოტოში ან ფილმში?
– ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ხელოვნება მაშინ იძენს ღირებულებას, როცა რაღაცას ამბობს, როცა გეხება, გაჩერებს და გაფიქრებს. სოციალური თემები და ადამიანური ემოციები ჩემთვის სწორედ ის სარკეა, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ჩვენი რეალობა.
– როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება თანამედროვე ფოტოგრაფია – ესთეტიკას თუ მესიჯს?
– ორივე აუცილებელია. ვფიქრობ, ესთეტიკა არის ფორმა, მესიჯი კი შინაარსი. მაგრამ თუ ესთეტიკა არ ემსახურება აზრს, მაშინ სურათი, უბრალოდ, ლამაზი კადრია. მე უფრო იმ ფოტოს ვაფასებ, რომელიც ისტორიას ყვება, თუნდაც ნაკლებად სრულყოფილი იყოს ტექნიკურად.

– გაქვთ თუ არა კონკრეტული სტილი, რომელსაც იცავთ, თუ უფრო ექსპერიმენტებსა და მრავალფეროვნებაზე აკეთებთ აქცენტს?
– ჯერ ძიების პროცესში ვარ. ვფიქრობ, სტილი თავისით ჩამოყალიბდება, როცა აღარ ეძებ და უბრალოდ იღებ ისე, როგორც გრძნობ. ამიტომ ახლა უფრო ექსპერიმენტებზე ვარ ორიენტირებული: ვცდილობ, არ მქონდეს ჩარჩო და ყოველი ნამუშევარი იყოს რაღაც ახალი გამოცდილება.
– რომელი ქართველი ან უცხოელი ფოტოგრაფი და რეჟისორი არის თქვენთვის შთაგონების წყარო?
– ფოტოგრაფიაში განსაკუთრებით მიყვარს ჰენრი კარტიე-ბრესონის ხედვა, მისი უნარი, დაიჭიროს „გადამწყვეტი წამი“. ასევე, მომწონს ვივიენ მაიერი, თავისი გულწრფელი ქუჩის ისტორიებით.
რეჟისორებიდან შთაგონებას მანიჭებს სტენლი კუბრიკი თავისი ვიზუალური ორიგინალობით, სივრცის კომპოზიციითა და სცენარების გონიერებით, რაც მაფიქრებინებს ხელოვნების დეტალსა და სრულყოფილებაზე.

– დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის – მუშაობთ თუ არა ახალ ფილმზე ან ფოტოსესიაზე?
– ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას შეეხება, უფრო ემოციებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე იქნება. ვფიქრობ, საინტერესო ფილმი გამოგვივა.
ლაშა ხომერიკი