შალვა პაპუაშვილი :   ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში
By

შალვა პაპუაშვილი :   ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში

,,საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა’’, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.
„მესამე ბლოკი ეხება დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლებას. მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის, ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *