საქველმოქმედო აქცია
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გუგული ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკის, ასევე, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკით, მთიან აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებითვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
კლინიკა „ევექსში“ ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები სამსახურის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა აქცია. იგი მოიცავდა კარდიოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ და ზოგადი პროფილის უფასო გამოკვლევებს: კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, დერმატოლოგის, ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციებს, ელექტროკარდიოგრაფიას, გულის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ექოსკოპიას, კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს.
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილური კლინიკის მეშვეობით, რომელიც ჰოსპიტალს საჩუქრად თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „თიკამ“ გადასცა, ჰოსპიტლის ექიმები, გართულებული ჯანმრთელობის მქონე ბენეფიციარებს ოჯახებში ეწვივნენ და ადგილზე გაუწიეს სამედიცინო მომსახურება.
ამ ერთობლივი საქველმოქმედო-სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია 200-მეტ პირს, მათ შორის, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. ულტრასონოგრაფიული კვლევა 177 ბენეფიციარს ჩაუტარდა, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარა 65-მა, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 100 ბენეფიციარს.

გუგული ჩაფიძის გულის ცენტრმა მომსახურება 60-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია. ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ბენეფიციარებს უფასოდ დაურიგა 33 გლუკომეტრის აპარატი და 390 ოპტიკური სათვალე.
აქციის მიმდინარეობას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი ამურ რევიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები ომარ ტაკიძე და მამუკა თურმანიძე.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
– ასეთი მასშტაბური და მრავლისმომცველი აქცია აჭარის მთიანეთში პირველად ჩატარდა. იგი მარტო ვეტერანებზე არ იყო გათვლილი, სხვებსაც გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. მათი სახელით მადლობას ვუხდით აქციის ორგანიზატორებს, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე