ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა აუცილებელია, რათა ახალგაზრდებმა მომავალი საქართველოში დაინახონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემის განახლებას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების საქართველოში დარჩენის საკითხს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს ამოცანაა, ახალგაზრდებს ქვეყანაში მისცეს განვითარების, სწავლისა და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა: „ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას. ეს აუცილებელია მიგრაციის ჭრილში – ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და ემსახურონ მისი განვითარების ინტერესებს. ეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა“.
მისი თქმით, შემდეგი წელი იქნება გადამწყვეტი რეფორმის საფუძვლების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. პრემიერმა ასევე, გააკრიტიკა რეფორმის ოპონენტები, რომლებიც, მისი შეფასებით, არგუმენტების გარეშე საუბრობენ: „ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებითა და ციფრებით, იქიდან კი მხოლოდ ცარიელი განცხადებები ისმის. თუ ვინმე არ ეთანხმება ჩვენ მიერ დადგენილ შვიდ გამოწვევას, თქვან, რომ საქართველოში დღეს იდეალური განათლების სისტემა გვაქვს. ეს შეუძლებელია. თვითონვე ამბობდნენ, რომ განათლების პრობლემები ახალგაზრდების ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ახლა კი პირიქით ამტკიცებენ. ეს უსაფუძვლო კრიტიკაა“.
კობახიძის თქმით, განათლების არსებული გამოწვევები იმდენად ნათლადაა განსაზღვრული, რომ მათი არგუმენტირებული უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო კი რეფორმას ბოლომდე მიიყვანს, რადგან სწორედ ამის გარეშე ვერ შემცირდება ახალგაზრდების საზღვარგარეთ დარჩენის მაღალი მაჩვენებელი.
„მომდევნო სამი წელი გვაძლევს შესაძლებლობას, მთლიანად განვითარებაზე ვიყოთ კონცენტრირებულები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი განცხადებით, ქვეყანა შედის პერიოდში, როდესაც მთავრობას ექნება სრული შესაძლებლობა, სტაბილურად და თანმიმდევრულად იმუშაოს სახელმწიფო განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.
„წელს მოგვიწია ბევრი ხარვეზის გამოსწორება, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ შეცდომებთან დაკავშირებით. მომავალი წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება მართვის ეფექტიანობა და ხარჯეფექტიანობა. პროექტების განხორციელება უფრო სწრაფი, გამართული და შედეგზე ორიენტირებული გახდება“.