სკვერი – დაბა ხულოში, სკოლა- შუასოფელში, ბაგა-ბაღი- წაბლანაში
ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაბის ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საზოგადოებრივი სკვერი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ სივრცედ იქცევა.
სამუშაოები შესრულდა 3900 ტერიტორიაზე. სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათება, გაკეთდა ბილიკები, აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა. ახლა აბუსერისძე ტბელის ძეგლის დასადგამი ადგილის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

სოფელ შუასოფელში სკოლა-ფილიალის შენობა აიგო, ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაფერის შენობაში ისწავლიან.
სოფელ წაბლანაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი შენობა. მოეწყობა ეზო, საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, მერის მოადგილეები ნადიმ ვასაძე და ნური გორგაძე გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე