„ბიუჯეტი ორიენტირებულია რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაზე“
By

„ბიუჯეტი ორიენტირებულია რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაზე“

აჭარის უმარლესი საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2026–2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. შესაბამისი მოხსენებით კანონმდებლების წინაშე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარდგა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს. რაც შეეხება შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელს, 800 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო გაზრდილი ბიუჯეტი ყველა მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. მომავალი წლის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მხარდაჭერა.
საერთო ჯამში, მომხსენებლის განცხადებით, ბიუჯეტი ორიენტირებულია რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაზე. კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.
ფინანსათა და ეკონომიკის მინისტრმა სხდომაზე, ასევე წარმოადგინა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში. ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება 109%, 543 524 100 ლარია, ბიუჯეტის შემოსულობები კი 548 024 300 ლარით განისაზღვრა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, III კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი – საერთო შემოსავლების 98,0 პროცენტი, გადასახადებზე მოდის, რაც საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 480 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება კი 532 475 000 ლარია, რაც გეგმის 110,9%-ია.
ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებითაც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *