კონსტანტინე პევზნერისა და შოთა მილორავას შემოქმედებითი საღამო
By

კონსტანტინე პევზნერისა და შოთა მილორავას შემოქმედებითი საღამო

ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ საღამოზე (პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი – დავით მაზანაშვილი, წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე) ის კომპოზიტორები გაიხსენეს, ვისი შემოქმედებაც კარგადაა ცნობილი საქართველოში, თუმცა უფრო შედარებით ასაკოვან ადამიანებშია პოპულარული. ამიტომ, როცა ნიკა წულუკიძემ დარბაზს ამცნო, რომ ქართული ქალაქური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საღამოზე აჭარის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ მიწვეულები, ამ ინიციატივას დარბაზი კმაყოფილებით შეხვდა.
კონცერტში როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სოლო შემსრულებლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: გია დავითიანი, სოფო ხალვაში, ანრი გუჩმანიძე, ნეკა სებისკვერაძე, ანდრია ფუტკარაძე, „რერო“, რუსა თავართქილაძე, „ ალილო“, ნიკო ბერიძე, თათია კობალაძე, თათული კილაძე, აჩიკო ბერიძე, ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. საღამოზე კონსტანტინე პევზნერისა და შოთა მილორავას ცნობილი და პოპულარული სიმღერები შესრულდა. გაჟღერდა არაერთი ლამაზი სიმღერა, რომელიც დავიწყებას არასოდეს უნდა მიეცეს.
წამყვანმა საინტერესო დეტალები გააცნო დამსწრეთ კომპოზიტორების ცხოვრებიდან. როგორც ცნობილია, კონსტანტინე პევზნერმა არაერთი სიმღერა სპეციალურად ანსამბლ „რეროსთვის“ დაწერა. ის რეფორმატორი იყო – სრულიად ახალი ჟღერადობით, ახალი ხელწერით ქმნიდა არაჩვეულებრივ სიმღერებს. არაერთმა ცნობილმა მომღერალმა დაიწყო თავისი შემოქმედებითი კარიერა ანსამბლ „რეროში“, კერძოდ, ნანი ბრეგვაძემ, ნანული აბესაძემ, მანანა მენაბდემ და სხვებმა, რომლებიც მის სიმღერებს საუკეთესოდ ასრულებდნენ. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც დღესაც პოპულარულია – „გაზაფხულის ბრალია“, დავით მაზანაშვილმა ფორტეპიანოზე საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზა მსმენელს.კონცერტის მეორე ნაწილი შოთა მილორავას მიეძღვნა, რომელიც ასევე გასაოცარ მუსიკას ქმნიდა და აქაც კომპოზიტორის ცხოვრებისეული ამბები გაგვაცნო ნიკა წულუკიძემ. მუსკომედიის თეატრისთვის არაერთი ოპერეტა აქვს დაწერილი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით უსმენენ და მღერიან, გასაოცარია მისი საცირკო ხელოვნებისთვის დაწერილი მუსიკაც. . . საოცარი პიროვნება გახლდათ – გულით უხაროდა სხვისი წარმატება.


– ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა… ბატონი შოთა მილორავა პლეხანოვზე ცხოვრობდა. მის პირდაპირ ვცხოვრობდი მე და კომპოზიტორის ნახვის ბედნიერება ყოველდღე მქონდა. ღია ფერებში ჩაცმული, ძალიან ლამაზი, შუახნის მამაკაცი, ნოტების საქაღალდით ხელში – ასე დამამახსოვრდა იგი. ეს ისეთი თაობაა, რომლის მსგავსიც, ალბათ, აღარ განმეორდება. მათ შექმნეს ქართული კულტურა, ქართული მუსიკა, განძი, რომელიც ყოველთვის პოპულარული, ყველა თაობისთვის მისაღები იქნება. მაშინ ხომ ის საქართველო იყო, სადაც უნიჭიერესი კომპოზიტორები ლაღიძე, ცაბაძე, კვერნაძე, კერესელიძე, კახიძე, სხვები ცხოვრობდნენ. ეს „ოქროს ხანა“ იყო. დღეს თუ ვინმე რამეს წარმოვადგენთ სცენაზე, სწორედ იმ თაობის დამსახურებაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მათ ხსოვნას. მადლობა ორგანიზატორებს. ასეთი საღამოები ხშირად უნდა გაიმართოს, რომ უმცროსმა თაობამ იცოდეს, რა შედევრები იქმნებოდა ქვეყანაში. ამაში დღეს ძალიან ცოტა მოზარდია გარკვეული. ასეთი საღამო მასტერკლასია, რომელზეც მშობელმა უნდა მოიყვანოს შვილი, გააცნოს ქართული კულტურა და ის არაჩვეულებრივი კომპოზიტორები, რომლებიც გვყავდნენ, – გვითხრა გია დავითიანმა.
– მილორავა, პევზნერი არაჩვეულებრივი კომპოზიტორებია. მათი სიმღერები, შესაძლოა, ამ პერიოდში ისე აღარ ისმის, როგორც საჭიროა, რაც დასანანია. ეს ღონისძიებები ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მათი სიმღერები არასდროს უნდა დავივიწყოთ, – აღნიშნა მომღერალმა სოფო ხალვაშმა.


– ძალიან გვიხარია, რომ ამ ორი დიდი კომპოზიტორის საღამოში ანსამბლი „რეროც“ მონაწილეობს. საუკეთესო სიმღერებია, ისეთი, ყოველთვის რომ გულს გითბობს, – გვითხრა „რეროს“ სოლისტმა ზურაბ კახიძემ.
– შოთა მილორავა და კონსტანტინე პევზნერი ძველი თაობის კომპოზიტორებია, რომლებმაც ქართულ ესტრადაში შემოიტანეს დასავლური მუსიკა, ჯაზური ელემენტები. მინდოდა, რომ ერთი საღამო ამ საოცარ კომპოზიტორებს დათმობოდა. მიხარია, რომ მონაწილეთა უმრავლესობა ბათუმელია. დარბაზში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან, რაც ძალიან კარგია – მინდა, რომ ამ კომპოზიტორების მუსიკას რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ისმენდეს, ასევე, უფროსი თაობაც, რომელსაც ეს სიმღერები დავიწყებული აქვს. მადლობა მაესტრო დავით მაზანაშვილს და მის ბენდს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის, -აღნიშნა  აჩიკო ბერიძემ.


– ძალიან კმაყოფილები ვართ როგორც უფროსები, ისე ბავშვები. მათ არ იცოდნენ ამ კომპოზიტორების შესახებ, ძალიან ვისიამოვნეთ, – გვითხრა თხილნარის მეორე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა სალომე პატარიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარულები და მოწვეული სტუმრები.
„არის ასეთი ქვეყანა“ – ამ შესანიშნავი სიმღერით დასრულდა შემოქმედებითი საღამო, რომელიც ,,ბათუმი – კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *