„გრანდ ტალანტი“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს
By

„გრანდ ტალანტი“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს

სულ მალე, 22 ნოემბერს, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები კიდევ ერთი ახალი ფესტივალის გახსნის მოწმენი გახდებიან. პროექტის ავტორს და მის გუნდს არცთუ უსაფუძვლო ამბიცია აქვთ, რომ ეს ფესტივალი სრულიად გამორჩეული გახდეს კლასიკური მუსიკის სხვა საბავშვო ფესტივალებისაგან. სხვათა შორის ამაზე პროექტის სახელწოდებაც – „გრანდ ტალანტი“  მიუთითებს. რა გარემოება გამოარჩევს ამ ახლაშობილ ფესტივალს სხვა მუსიკალური ფორუმებისგან?  პასუხი ასეთია: მასში მონაწილეობა მხოლოდ იმ მუსიკოსშემსრულებლებს შეუძლიათ, ვისაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუსიკალურ ფესტივალებზე მიღებული აქვთ საპრიზო (პირველი, მეორე, მესამე) ადგილები. ეს კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა.

საუკეთესო მუსიკოსშემსრულებელთა პირველი კონკურსფესტივალის „გრანდ ტალანტის“ მიზანია ერთ სივრცეში მოუყაროს თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ნიჭისა და ზემოთ ხსენებული წარმატების მქონე მოზარდებს (8 წლიდან 17 წლის ჩათვლით). ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან შემდეგ სპეციალობებში: საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი), ფორტეპიანო და საფორტეპიანო დუეტი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს, უდავოდ, ღირსშესანიშნავი  მუსიკალური სიახლე 22 ნოემბერს გაიხსნება და მას ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.  მესამე დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართება გამარჯვებულთა, უფრო სწორად გამარჯვებულებს შორის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალაკონცერტი.

„გრანდ ტალანტს“ სწორედ ისეთი ჟიური ჰყავს, როგორიც  ამ ფორმატის კონკურსფესტივალს შეეფერება. მათი ვინაობა ჯერჯერობით კონფიდენციალურია, მაგრამ თამამად ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის შემადგენლობაში შედიან საქართველოში ცნობილი თბილისელი და ბათუმელი მუსიკოსები, ასევე, საგანგებოდ  გერმანიიდან მოწვეული, სახელგანთქმული ქართველი პიანისტი. იგი ქართველი პატარა და ყმაწვილი მუსიკოსებისთვის მასტერკლასსაც გამართავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟიურის არცერთი წევრის აღსაზრდელი არ მონაწილეობს ამ კონკურსფესტივალში, რაც ასევე აუცილებელი პირობაა მონაწილეთათვის. „გრანდ ტალანტის“ გამარჯვებულის წოდებისთვის საქართველოს 14 სამუსიკო სკოლის 52 მოსწავლე იბრძოლებს.

რატომ ჩათვალა საჭიროდ იდეის ავტორმა ამ ფორმატის კონკურსფესტივალის დაარსება? ამ კითხვაზე პროექტის ავტორი, არაერთი საინტერესო წამოწყების ინიციატორი,  ხელოვნების სხვადასხვა სკოლა-სტუდიის დამაარსებელი, პროფესიით მუსიკოსი ლეილა სეფერთელაძე გვიპასუხებს:

– ბოლო პერიოდში საქართველოში, და არამარტო, მომრავლდა კონკურსფესტივალები, რამაც შექმნა მეტი მოტივაცია წარმატებისთვის, გაზარდა დაინტერესება ამ სფეროსადმი და გამოავლინა ძალიან ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი. ჩემი მიზანია, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვების ერთ სივრცეში თავმოყრა და მათ შორის გამარჯვებულის, ანუ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა. გარდა ამისა, მინდა ასეთი წარმატებული ბავშვების პედაგოგებიც წარმოვაჩინოთ, რადგან ყველა ნიჭიერი ბავშვის უკან დგას დიდი მასწავლებელი. მოგეხსენებათ, ნიჭიერება ღვთის საჩუქარია და მის გამოვლენა-განვითარებასაც სჭირდება ნიჭიერება. მათი ღვაწლის დაფასებაცაა ჩვენი მიზანი, რათა სხვებსაც სტიმული მივცეთ ასეთი ფასდაუდებელი შრომისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხანებში აჭარის კულტურის სამინისტროს მხრიდან (მინისტრი – ელისო ბოლქვაძე) შესამჩნევია განსაკუთრებული ხელშეწყობა მოზარდ მუსიკოსშემსრულებელთათვის, მათთის პერსპექტივის შექმნაზე ზრუნვა და ეს ძალიან მახარებს. კონკურსფესტივალის 52-ვე მონაწილე უკვე გარკვეული წარმატების მქონეა და არ ვისურვებდი ჟიურის ადგილზე ყოფნას, რადგან ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, მუსიკის მოყვარულებს კი არაჩვეულებრივი დღეები გელით, არ გაუშვათ ეს შანსი. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია თავისი საკუთარი პრიზის დაწესება, – გვითხრა ქალბატონმა ლეილამ.

ჟიურიმ უნდა გამოავლინოს გამარჯვებულები პოლიფონიური ნაწარმოების, ვირტუოზული ნაწარმოების, კანტილენის და საუკეთესო საფორტეპიანო დუეტის შემსრულებელთა შორის. პირველი, მეორე მესამე ადგილების რაოდენობას გადაწყვეტს ჟიური, ანუ შესაძლებელია, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თითოეული საპრიზო ადგილი ერთზე მეტ  კონკურსანტს მიაკუთვნოს.

ეს პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსების გამარჯვებულია. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *