გიორგობა – სხალთის ეპარქიაში
სხალთის ეპარქიაში, ზვარესა და გამონათლევის ტაძრები წმინდა გიორგის სახელობისაა. პირველი ქედის რაიონის ტერიტორიაზეა, მეორე – შუახევის. წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ეპარქიის მღვდელმსახურებმა წირვა-ლოცვა აღავლინეს.
– მეუღლესთან, მარინა შაშიაშვილთან ერთად, ახმეტიდან სხალთის ტაძარში მოსალოცად ჩამოვედი, – გვითხრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფილაშვილმა, – სხალთის ტაძარი ჩვენი სახე და სახელია. მისასალმებელია, რომ მან ძირძველ ქართულ მიწაზე თავისი დანიშნულება დაიბრუნა. პირველად მერგო პატივი, მართლმადიდებელ მრევლს გიორგობა აქედან მივულოცო. უფალმა დალოცოს სხალთა, აჭარა და ის მეგობრები, რომლებიც ლევან მჟავანაძესთან ერთად, აჭარაში შევიძინე.

სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა წირვა- ლოცვა ზვარეს ტაძარში აღავლინა, გამონათლევის ტაძარში – დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე). წირვის დასრულების შემდეგ ნათლობა ჩატარდა.
მზია დავითაძე ორი შვილის დედაა. მან წინაპრების ძირძველ მრწამსთან დაბრუნება გიორგობის დღეს გადაწყვიტა. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი მოინათლა.
– ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია, – თქვა მზიამ, – ყველა ქართველის ოჯახს ფარავდეს წმინდა გიორგის მადლი და ძალა. პირველად მაქვს პატივი, გიორგობა ნათელღებულმა მოგილოცოთ.
ოთარ ცინარიძე