შეჯიბრება ბადმინტონში
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა ბადმინტონში. შეჯიბრება 13 და 15 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ჩატარდა. მასში 30-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. შედარებით პატარა სპორტსმენებისთვის, რომლებსაც თამაში ახალი დაწყებული აქვთ, ცალკე ტურნირი გაიმართა.
ღონისძიება აჭარის ბადმინტონის ფედერაციისა და ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
– ძლიერი კონკურენცია იყო, ფინალში ალინა შავაძეს შევხვდი, მოვინდომე და დავამარცხე. მომწონს ბადმინტონი და ვფიქრობ, ამ სპორტს გავყვები, – გვითხრა ტურნირის გამარჯვებულმა ლიკა საგინაძემ.
– სამი პარტია ვითამაშე, კარგი მოთამაშეები შემხვდნენ, მაგრამ ტურნირისთვის მეც კარგად მოვემზადე და მიხარია, რომ მოვიგე, – აღნიშნა რაფაელ ოვანესიანმა.

აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბადმინტონში მალხაზ მჟავიას გავესაუბრეთ.
– ბადმინტონი საქართველოში გასულ საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე ძალიან პოპულარული იყო, – გვითხრა მან, – აჭარას არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებიც იყვნენ. სპორტის ოსტატები, ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები გვყავდნენ გუნდურ შემადგენლობაში. 90-იან წლებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ბადმინტონის გუნდი დაიშალა, მოთამაშეები სხვაგან გადავიდნენ და იქ თამაშობდნენ. თითქმის 25 წლის შემდეგ, 2016 წლის მიწურულს, სპორტის ეს სახეობა და ფედერაციაც აღვადგინეთ, ამჟამად მას მალხაზ მურვანიძე ხელმძღვანელობს (ვიცე-პრეზიდენტი – მაია ვერშანიძე). სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ბავშვებში ამ სპორტით დაინტერესება გაიზარდა, თუმცა, ჯერჯერობით, სათანადოდ – არა. ვარჯიშის ძალიან კარგი პირობები გვაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო სამი წელია, ხულოს რაიონშიც საკმაოდ ბევრმა მოზარდმა დაიწყო ვარჯიში. ბავშვებისთის მეცადინეობა უფასოა. დავდივართ შეჯიბრებებზე და ხშირად უცხოეთშიც დაგვყავს. გვყავს საქართველოს ჩემპიონები, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებასაც იღებენ ხელფასის სახით, აქვთ შეღავათები. ყველას ვიწვევთ სავარჯიშოდ. სპორტის ეს სახეობა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. სხვათა შორის, ბადმინტონი სპორტის ოლიმპიური სახეობაა. სამი დღის წინ ბათუმის სასკოლო ოლიმპიადა ჩავატარეთ, ახლა აჭარის მასშტაბით გვინდა ჩავატაროთ და საპრიზო ადგილებზე გასულები საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ, აქ გამარჯვებულები კი – მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბადმინტონი მსოფლიოში ძალიან განვითარებული, ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობაა. მეშვიდე წელია, რაც აჭარაში აღვადგინეთ და მისი პოპულარიზაციისთვის ყველაფერი კეთდება, – აღნიშნა მალხაზ მჟავიამ.
მანანა ძიძიშვილი