ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა კრიტიკულ მომენტში იმყოფება. მისივე თქმით, მჭიდროდ თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რის შემდეგაც განსაზღვრავენ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„პუტინს სურს იმის სამართლებრივი აღიარება, რაც მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი ტყვის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე, რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებას.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.