„შემოდგომა ქედაში – 2025“
ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სახალხო დღესასწაული „შემოდგმა ქედაში“ გაიმართა.
– 1976 წლიდან მოყოლებული, ყველა ზეიმის მონაწილე ვარ, – გვითხრა ზესოფლელმა შიო ბერიძემ – ხანდაზმულთა კლუბის წევრები ზეიმს არ ვტოვებთ. წელსაც 30-მდე ვეტერანი მოვედით. ასე გალამაზებული კულტურისა და დასვენების პარკი პირველად ვნახეთ.
ზეიმზე 10 კუთხე ჰქონდათ დათმობილი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს. წარსული და დღევანდელობა, ეთნოგრაფია და ადგილობრივი კულინარია, შემოდგომის ნობათი წარმოადგინეს ზეიმზე მერისის, მახუნცეთის, წონიარისის, ცხმორისის, დანდალოს, დაბა ქედის, ოქტომბრის, პირველი მაისის, დოლოგნის, ზვარეს ადმინისტრაციული ერთეულების მკვიდრებმა.
ბადალი არ მოეძებნება ქედაში დაკრეფილ-დაწურული ცოლიკაურის, ჩხავერის, საწურის, ვაიოს საფერავის, ქისის ღვინოს.
– აჭარაში 42 ჯიშია იდენტიფიცირებული, რომლებიც მხოლოდ ზემო იმერეთში, გურიაში იძლევა უხვ მოსავალს, მაგრამ აქაურ მადლიან მიწაზეც მშვენივრად ხარობს, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, წონიარისელმა ლევან ბოლქვაძემ.

რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ზეიმს პირველად ესწრებოდა დენის სალუქვაძე. ის კუთხეები დაათვალიერა, სადაც ღვინის ფესტივალის მონაწილეებს თავიანთი ნაწარმი ჰქონდათ წარმოდგენილი. აქ წაიკითხავდით: „ნური სირაბიძის მარანი“, „აჭარული ღვინის სახლი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „მირიან პაპუნიძე“, „ბალა ვილიჯი“, „ძმები ავალიანების საოჯახო მარანი“, „ნოდარ შერვაშიძის მარანი“, „ჯუმბერ ნაკაშიძე“, „ვაზის სახლი“, „ვაჟა დავითაძის სასტუმრო „მარანი“, „თამაზური“, „მარითელი“, „ხიმშიაშვილის მარანი“, „ზედაშელი“, „შატო კვირიკე“, „მასპინძელი“. სტუმრები არყის გამოხდის იმიტირებულ პროცესსაც დაესწრნენ.
– აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილის ინიციატივაა, რომ ზეიმს „შემოდგომა ქედაში“, ამიერიდან „ღვინის ფესტივალიც“ შევუერთოთ, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს ის ტრადიციები, რაც ღვინის კულტურას ქედაში აქვს,- გვითხრა დენის სალუქვაძემ.
ამინდმაც გაუმართლათ ქედელებსა და მათ სტუმრებს. სტუმარი კი მრავლად იყო როგორც ქვეყნის სხვა კუთხეებიდან, ისე მეზობელი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის რესპუბლიკებიდან.

პარკის სცენა თავდაპირველად ქედის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ „ელესას“ წევრებს დაეთმოთ. „მრავალჟამიერმა“ აახმიანა იქაურობა. ზეიმის წამყვანებმა, კომპანია „იმედის“ ღამის შოუს პროდიუსერმა გიორგი გაბუნიამ და მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ მოკლედ მიმოიხილეს დღესასწაულის ისტორია. „შემოდგომა ქედაში“ უკვე 95 წელია იმართება. წელიწადის ამ დროს ქედელები ყველას წელგამართულად მასპინძლობენ. ის არის სტუმარმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის დღე. დღესასწაული სათავეს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. ზეიმმა ბევრჯერ იცვალა იერ-სახე და სახელწოდებაც, ბოლო წლებში „შემოდგომა ქედაში“ ეწოდა.
შეკრებილებებს დღესასწაული მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.

დღესასწაულზე, 1985 წლიდან ირჩევენ ,,საპატიო ქედელს“ და იმართება დაჯილდოების ცერემონია. 2025 წლის ,,საპატიო ქედელის წოდება“ მიენიჭათ სსიპ „დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლის“ პედაგოგს, პოეტს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ ნათელა დუმბაძეს. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ელესას“ წევრ ნოდარ გორგაძეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე, არის ქედის სახელოვნებო სკოლის პედაგოგი; ქედის ხანდაზმულთა კლუბ ,,ღირსეული სიბერის“ წევრ მარო შავლიძეს – წლების განმავლობაში ქედის რაიონული საავადმყოფოს უფროს მედდას, არაერთი სიგელითა და დიპლომით დაჯილდოებულს პროფესიულ საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის; ემელიანე ნაკაშიძეს, რომელიც 35 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქედის არქივში; მისი დამსახურებით, არაერთმა საარქივო მასალამ იხილა დღის სინათლე, მან ამ პოსტზე კეთილსინდისიერი მუშაობისათვის არაერთი მადლობა დაიმსახურა; რევაზ ბოლქვაძეს – პროფესიით ექიმს, ქირურგს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ქედის, ხელვაჩაურისა და ქალაქ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში მთავარ ექიმად, დაჯილდოებულია ჯანდაცვის ფრიადოსნის მედლით, ღირსების ორდენითა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით; ალი მახარაძეს – იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქედის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე და მიღებული აქვს მრავალი პროფესიული ჯილდო. დაჯილდოებულთა სახელით მადლობა გადაიხადა ნათელა დუმბაძემ.

საზეიმო კონცერტი გააგრძელეს სალოტბარო სახელოვნებო სკოლების, ქედისა და მერისის კულტურის სახლებთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ტრიო „გოგლაურას“, ბენდის წევრებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ლევან შენგელიამ, ზაალ დევაძემ, ლიზი შარაძემ და ნინი ჩხიკვაძემ, ლექსები წაიკითხეს პოეტებმა მიხეილ გელაძემ და მადონა არძენაძემ.
ზეიმი „ღამის შოუს ბენდის“ გამოსვლითა და ფოიერვერკებით დასრულდა.
– შრომა, ზეიმი, სტუმრის სათანადოდ დახვედრა და ადგილობრივი კულინარიით გამასპინძლება ქედელი კაცის ცხოვრების წესია, მაგრამ წლევანდელი ზეიმი თავისი შინაარსითა და მასშტაბურობით მაინც გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ ზეიმს, ხოლო მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ ხელმძღვანელებს ნაყოფიერ და შემოქმედებით მუშაობას ვუსურვებ, – გვითხრა ბატონმა დავით გაბაიძემ.
ოთარ ცინარიძე