კობა კაკალაძის ტრადიციული ტურნირი
დასრულდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, აჭარიდან თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ევროპის ვიცე-ჩემპიონ კობა კაკალაძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონთან ერთად, სომხეთის ხუთი გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონობისთვის 380 ახალგაზრდა ფალავანი იბრძოდა.
ტურნირი ტრადიციულია და მას ბათუმმა უკვე მეათედ უმასპინძლა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციისა და ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
– რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, როცა შენი სახელობის ტურნირი ტარდება, თანაც უკვე მეათე წელია. სასიხარულოა ისიც, რომ შენს რეგიონში ასე აფასებენ იმას, რაც გამიკეთებია ჭიდაობაში ჩემი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მიხარია, რომ ტურნირის მონაწილეთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო – ორგანიზატორებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, ჩამობრძანებულ სტუმრებს, – გვითხრა ვეტერანმა მოჭიდავე კობა კაკალაძემ.
მანანა ძიძიშვილი