საერთაშორისო ტურნირი – კრივში
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე ორ დღეს მასპინძლობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების, აჭარაში კრივის დამფუძნებლის რევაზ ბასილიას და მისი მწვრთნელის შაქრო ხუდოიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს კრივში.
შეჯიბრება 2009-2010 და 2012-2013 დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა, რომელშიც 120 მოკრივე მონაწილეობდა. აჭარის ნაკრებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობდნენ მოკრივეები ფოთიდან, სენაკიდან და ისრაელიდან. აღნიშნული ტურნირი პირველად ტარდება და როგორც აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა აბაშიძემ გვითხრა, ის ტრადიციული გახდება.
საპრიზო ადგილებზე გასული მოკრივეები შესაბამისი სინჯის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
– სამი ბრძოლა ჩავატარე, ერთი წავაგე და ორი მოვიგე, ფინალშიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან ვიბრძოლე. მიხარია, რომ მისი დამარცხება შევძელი, – გვითხრა ტურნირის გამარჯვებულმა ანდრია ამაღლობელმა.
– ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური ტურნირი და თავდაპირველად ვნერვიულობდი. მერე შინაგანადაც კარგად მოვემზადე და მიხარია, რომ წარმატებით ვიასპარეზე. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელს, – თქვა ანდრია ცეკვაშვილმა.
– ეს, ამავდროულად, შესარჩევი ტურნირი იყო – საპრიზო ადგილებზე გასული მოკრივეებისგან აჭარის ნაკრები დაკომპლექდება. იგი 4-7 დეკემბერს აჭარის ჩემპიონატზე იასპარეზებს, აქ წარმატებულები კი საქართველოს ჩემპიონატზე გამოვლენ, – გვითხრა აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა აბაშიძემ.
მანანა ძიძიშვილი