სამი დღე – ტაო-კლარჯეთში
შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტაო-კლარჯეთში 3-დღიანი შემეცნებითი ტური შედგა. მის მიზანი ახალგაზრდებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ადგილების გაცნობა და პოპულარიზაციაა.
ტურის მონაწილეებმა პირველ დღეს მოინახულეს დოლისყანა, არტანუჯის ციხე, ახალი რაბათი, ჯოჯოხეთის კანიონი, ქალაქი შავშეთი, სათლელი ციხე, ტბეთის ტაძარი, მეორე დღეს – ბანა, ოლთისის ციხე, იშხანი, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი, მესამე დღეს – ქალაქი იუსუფელი, ოთხთას მონასტერი, პარხალის ტაძარი.
– საინტერესო და მნიშვნელოვანი ტური შედგა, ახალგაზრდებმა სამი დღის განმავლობაში მოვინახულეთ საქართველოს ძირძველი მხარე, იქ არსებული ისტორიული, კულტურული და საკულტო ძეგლები. მეგზურობას გვიწევდა ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე. მან ჩვენს კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და ახალი ცნობები მოგვაწოდა ტაო-კლარჯეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ, – გვითხრა მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ამირან ხიმშიაშვილმა.
ოთარ ცინარიძე