მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე
„ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე, ეს ორმხრივი პროცესია და ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნად, რომელიც თავსებადი იქნება ევროსივრცისთვის და გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც ევროკავშირშია”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, წინ წავიდეს.
„რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი იქნება და გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც ევროკავშირში არსებობს. ამას, პირველ რიგში, სჭირდება ეკონომიკურად მომზადება, ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკის გაზრდა. საქართველო ყველაფერს აკეთებს სტანდარტების წინ წასაწევად. ევროკავშირი მსოფლიოში მოწინავე ქვეყნების გაერთიანებაა. იმიტომ არის ევროკავშირი მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროპა, თანამედროვე მსოფლიოში, საუკეთესოდ მოწყობილი ადგილია ადამიანებისთვის საცხოვრებლად, სამუშაოდ, გასავითარებლად. ასეთი გვინდა, რომ ვიყოთ და ამისთვის გჭირდება ეკონომიკური განვითარება, ამისთვის გვჭირდება უკეთესი სოციალური პირობების შექმნა და ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მივალთ სტაბილურობამდე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.