ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა
By

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებები ბსუ-ში დილის 10 საათიდან მრავალფეროვანი პროგრამით დაიწყო, მოეწყო უნივერსიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა ,,ბსუ-90“, სპეციალურად მოწყობილ სამეცნიერო კარვებში სტუმრებმა უნივერსიტეტის საფაკულტეტო და კვლევითი მიმართულებების სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს.

დღის განმავლობაში დაგეგმილია  სპორტული შეჯიბრებები, ბსუ-ის ბენდის, უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ ,,თირინისა“ და აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, უნივერსიტეტის პირველი რექტორის – ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ. ასევე,  გაიხსნება აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის ბიუსტი და პროფესორ ამირან კახიძისა და პროფესორ გურამ ჩაგანავას სახელობის აუდიტორიები. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თანამშრომლები და სტუდენტები წარმატებული საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის სიგელებით დაჯილდოვდებიან.
დასკვნითი საიუბილეო საღამო დღეს, 4 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ღონისძიებას, რომელსაც  ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან,   განათლებისა და სპორტის სამინისტროს სიგელით სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის   პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდებიან. ასევე, უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის მედალი გადაეცემა აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს.

საზეიმო ვითარებაში აირჩევენ 17 საპატიო დოქტორს.
ღონისძიებაზე აჩვენებენ უნივერსიტეტის 90-წლიანი ისტორიის ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც მის განვითარებასა და მიღწევებს ასახავს.
საღამო საიუბილეო კონცერტით დასრულდება.

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *