„არავითარი მესამე ძალა არ ჩანდა აქამდე და ახლა – მით უმეტეს“
By

„არავითარი მესამე ძალა არ ჩანდა აქამდე და ახლა – მით უმეტეს“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების დარეგულირება კვლავ პრობლემად რჩება, რა არის ამის მიზეზი? მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ მას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოეწყობა სურს, თავის მხრივ, ოპოზიცია ხელისუფლებას დიქტატორულ რეჟიმს ადარებს. დასტურად კი ბოლოდროინდელი ქმედებები მოჰყავს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით: მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე, დაპატიმრებულნი არიან ოპოზიციონერი ლიდერები, ასევე, მათი აზრით, ქვეყანა შორდება დასავლურ გეზს, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსულ სივრცეში დაბრუნებას. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთსაც აკრიტიკებენ, რომ არაფერი ვთქვათ, ურთიერთშეურაცხყოფაზე. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო მუხტი იკლებს, ამასთან დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობები უარესდება, რისი თვალსაჩინო მაგალითია ევროპარლამენტარების მძაფრი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისადმი. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
როგორ აფასებთ ბოლოდროინდელ სიტუაციას, რა ასპექტებს გამოყოფდით?
– დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ ე. წ. ხელისუფლება შინაარსობრივად რუსულია, მისი პროპაგანდა საზოგადოებაში ამკვიდრებს აზრს, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ მოცემულობა თავისთავად გვკარნახობს, რა მიმართულებითაა აუცილებელი კონტაქტი ადამიანებთან. მათ უნდა ავუხსნათ სრულიად რაციონალურად, თუ როგორ მარცხდება რუსეთი ჩვენისთანა პატარა ქვეყნებთან, ამის ბევრი მაგალითია ისტორიაში და თუნდაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები საკმარისია, რომ დავინახოთ, როგორ ხდება რუსული ინტერესების გაძევება რეგიონიდან.
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა, ქვეყანა კი ვითარდება, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– თანმიმდევრულ, განვითარებად რეჟიმს უკან, ბნელ წარსულში დაბრუნება მიაჩნია წინსვლად, შესაბამისად, ჩვენი წარმოდგენები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან!
მმართველი პარტია და ოპოზიცია რომ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი ერთმანეთ მიმართ, არახალია, მაგრამ უცნაურია ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ერთურთის ლანძღვა და მოღალატის ძახილი. . .
– ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ასე რომ, კინკლაობისთვის არ გვცალია და თუ ვინმე ღალატობს – მხოლოდ საკუთარ პრინციპებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში ისიც. ამიტომ სადაც რეჟიმს კომფორტს უქმნიან, იქ ჩვენი ადგილი არაა.
სხვათა შორის, ექსპერტები (ხუხაშვილი, საყვარელიძე) აცხადებენ, რომ ოპოზიცია დღეს ქვეყანაში ვერ ქმნის დღის წესრიგს და სატელევიზიო ოპოზიციად გადაიქცა, ამაზე რას ფიქრობთ?
– პრობლემები რომ არის, ცხადია, თუმცა სწორედ ესაა გამოწვევა, როგორ მოვახერხოთ ქვეყნის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან. ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა ხალხთან უშუალო კომუნიკაცია, თუმცა დღეს შექმნილი უჩვეულო მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა არჩევნები და პოლიტიკა, ზოგადად, გაუქმებულია, ახალი ფორმატის შექმნაზე გვიწევს ფიქრი.
რამდენად მოსალოდნელია ქვეყანაში მესამე ძალის გამოჩენა? ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტელიტის განახლება უნდა მოხდეს. . .
– არავითარი მესამე ძალა არ ჩანდა აქამდე და ახლა – მით უმეტეს. არის რუსული რეჟიმი და არიან ქართველი პატრიოტები.
სხვათა შორის, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, რას ფიქრობთ?
– არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია, ეს, პრაქტიკულად, უკვე ვიხილეთ. ნებისმიერი მსგავსი ცვლილება იქნება რეჟიმის შიგნით ან მის ორბიტაზე ძალთა გადაჯგუფების განმსაზღვრელი მხოლოდ.
როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე, მათ შორის, უპირველესად, თქვენი პარტია დასახელდა. . .
– დიქტატურა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს გამორიცხავს, ეს აქსიომაა. რეჟიმი ხალხის მოთმინებას ზომავს. თვისებრივად უპასუხისმგებლო და ქვეყნის იმიჯის დამანგრეველი ინიციატივაა.

თუ თქვენი პარტია აიკრძალება, გაქვთ შემუშავებული გეგმა, როგორ გააგრძელებთ საქმიანობას?

– ერთობის აუცილებლობაზე როდესაც  ვსაუბრობდით, ვიცოდით, ვინ გვებრძოდა რეალურად და, სხვებისგან განსხვავებით, ილუზიისგან დაცლილი გახლდით. რა პარტიულ განსხვავებასა და ფორმალობაზეა საუბარი, როცა სახელმწიფო სულს ღაფავს.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით არჩევნებს. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღო, შედეგი მმართველი პარტიის საზიანო იქნებოდა
– ეს სიცრუეა, რადგან ივანიშვილის პირობებში არავითარი არჩევნები არ ტარდება, გარდა ამისა, არალეგიტიმური ორგანოების მიერ დანიშნული ღონისძიება ვერ იქნება ლეგიტიმური.
როგორ ფიქრობთ, 4 ოქტომბრის დაანონსებულმა რევოლუციამ და განვითარებულმა მოვლენებმა რა პლუსები და მინუსები შესძინა ოპოზიციას?
– ყველა, ვინც 4 ოქტომბრის ორგანიზატორების მიმართ ნეგატივს თესავს, ჩვეულებრივად, რეჟიმის ორგანულ ნაწილად ყოფნაზე აწერს ხელს. 4 ოქტომბერი აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ისტორიაში. ლევან ხაბეიშვილი რუსული სტანდარტითაც აბსურდულ პატიმრობაშია, ასევე ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ყველა, ვინც ამ საქმეზე დააკავეს, ჩვენი დროის გმირები არიან, თითოეული მათგანისთვის სიტყვა ბევრად ძვირფასია, მავანთა არსებობაზეც კი.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ, მათი თქმით, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. . .
– სავარაუდოდ, ეს კრემლის პროტოკოლური მართვის სტილია. მოლდოვაში განცდილი ფიასკოს შემდეგ მარიონეტებს, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ახალი დავალება მიეცათ. სამარცხვინოა, როცა ასე ექცევიან ჩვენს ემიგრანტებს, რომელთა წილიც ქვეყნის მატერიალურ დოვლათში ძალიან დიდია.
ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშსაქართველოს ურთიერთობა უარესდება, მაგრამ ,,მეგობარი აქტიარ მიიღეს. ეს რას ცხადყოფს?
 – „მეგობარი აქტი“ არ მიიღეს, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ახალი წლის შემდგომ, სავარაუდოდ, შესწორების სახით დაემატება „თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“.
დაბოლოს, რუსეთუკრაინის ომი, როგორც ჩანს, ფინიშს უახლოვდება. აშშის სამშვიდობო გეგმაზე რას ფიქრობთ და, ამ მხრივ, დასავლეთი რამდენად დაინტერესებულია რუსეთის რეალური მარცხით?
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად რუსეთიც დაინტერესებულია საკუთარი მარცხით.  მათ ჩვენზე უკეთესად იციან თვლა: არც – სამხედრო, არც – მატერიალური, არც – ინტელექტუალური, არც – ადამიანური რესურსის თვალსაზრისით მიახლოებაც არ შეუძლიათ დასავლეთთან. შესაბამისად, ერთადერთი კანონზომიერი დასასრული იქნება რუსეთის მარცხი, რადგან ის ანტიცივილიზაციურ მდგენელს შეიცავს საკუთარ თავში, კეთილდღეობის განადგურება აქვს განზრახული, ამიტომაც დამარცხდება.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *