ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი მიმდინარეობს
2 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმი რიგით მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს მასპინძლობს. ჩვენს ქალაქს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან სტუმრობენ.
ფორუმის პირველი დღე პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომელშიც ფრანგი, იტალიელი, პორტუგალიელი მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები, ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობდნენ.
წელს ფორუმის მთავარი თემაა „ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზეულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა“.
პანელური დისკუსიების დასასრულ, ფორუმის სტუმრებს ცნობილმა პორტუგალიელმა შეფმა ვასკო კოელიო სანტოშმა სპეციალური მენიუ შესთავაზა. მან ადგილობრივ მზარეულებთან ერთად კერძები ლაზური სამზარეულოს ინსპირაციით მოამზადა.
„გასტრო ბათუმი“ გრძელდება. დღეს და ხვალ მოწვეული შეფები ადგილობრივ მზარეულებს თევზის კულინარიულ მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „გასტრო ფორუმს“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით მესამე წელია ატარებს.
გალერეა


