ალეკო ელისაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილის მიმართ თავდაპირველად გამოძიება დაწყებული იყო 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუმცა ამჟამად მას ბრალი წარდგენილი აქვს უფრო მძიმე მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მუხლის სახელია ტერორიზმი. ეს არის გადაკვალიფიცირებული მუხლი. მანამდე გამოძიება დაწყებული იყო 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე პატიმრობას, თუმცა გადააკვალიფიცირეს. როგორც ჩანს, არ ეყოთ 3-დან 6 წლამდე სანქცია და აღნიშნული მუხლი უკვე ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. ალექსანდრე ელისაშვილს აცხადებენ ტერორისტად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ.
ადვოკატის განმარტებითვე, ალეკო ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება იყო მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. ის მიიჩნევს, რომ ჩაიდინა რაღაც ქმედებები, რომლებიც არ წარმოადგენს დანაშაულს, ეს არის მისი მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. ის უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და, ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. აქედან გამომდინარე, წარდგენილი მუხლი არის აბსურდული. რამდენი ადამიანი გახსენდებათ, მით უმეტეს პოლიტიკოსი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ, მით უმეტეს, ქმედება არ არის განხორციელებული და სისრულეში მოყვანილი. ალექსანდრე ელისაშვილი ქმედებას აღიარებს, თუმცა ის არ თვლის, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი. ამაზეა საუბარი. ის იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. ამ შემთხვევაში, მისი პოზიცია არის, რომ უსამართლო სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა არ არის დანაშაული“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.
დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, პროცესს ალიკო ელისაშვილი დაესწრება და დააფიქსირებს თავის პოზიციას. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გირაოს შევთავაზებენ. ცნობისათვის: ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.