ბათუმმა ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლა
ბათუმი წელს მეორედ მასპინძლობდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ ll საერთაშორისო ტურნირს.
ეროვნული სპორტის ეს სახეობა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული რომ ხდება, ამას ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა და ის სპორტული ჟინი ადასტურებს, რომელიც წელს ვიხილეთ. ქართველებთან ერთად, საკმაოდ ორგანიზებული, მებრძოლი და მომზადებული მოჭიდავეებით ჩამოვიდნენ ტურნირზე ირანელები, თურქები, აზერბაიჯანელები და სომხები.
– აჭარაში ქართული ჭიდაობის აღორძინების სათავეებთან ვიყავი და ვარ, – გვითხრა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ბიწკინაშვილმა, – მის განვითარებას და არეალის გაფართოებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი აჭარის ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ. უკვე რეგიონში 10-ზე მეტი სახელობითი და ხსოვნის ტურნირი, პირველობები ტარდება. არც ისაა შემთხვევითი, რომ ბათუმი წელს მეორედ მასპინძლობს იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ ll საერთაშორისო ტურნირს. სპორტის ეროვნული სახეობის ვეტერანს მიხარია, რომ მალე დადგება დრო, როცა ქართული ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობებში იქნება შეტანილი.
სამდღიანი ტურნირის ორგანიზატორებმა პირველი დღე მონაწილეთა დაბინავებას, მოჭიდავეების მომზადებას დაუთმეს. საზეიმო გახსნა მაღალ დონეზე გაიმართა. მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, გიორგი ბიწკინაშვილი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასლან ბალაძე, აჭარის ოლიმპიური კომიტეტისა და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ფულად აზიზოვი.
ჯემალ წულუკიძემ მადლობის ბარათები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ქართული ჭიდაობის ამაგდარებსა და იმ უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ხელს უწყობენ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. 2008-2010 წლებში დაბადებული ქართველი, ირანელი, სომეხი და თურქი ჭაბუკები 55, 60, 66, 73, 81 და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტი სპორტსმენი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ქართველ და უცხოელ მოჭიდავეებს ტოლი არ დაუდო სომეხმა ალექს ბალაიანმა და ოქროს მედალი მოიპოვა. სომხეთის წარმომადგენელი მიშა ჰოვსესიანი მეორე ადგილზე გავიდა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 55 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში მეორე ადგილები დაიკავეს ირანელებმა: ჰესა შაორმა და იუსუფ სემიჰ სეისემ. დანარჩენი საპრიზო ადგილები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ქართველმა მოჭიდავეებმა გადაინაწილეს. კერძოდ: 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ლაშა ადუაშვილი, დათო ხარებაშვილი; 60-ში – მიშიკო ოდოშაშვილი, გიორგი მებაღიშვილი; 66-ში- ბაჩო გიგანი, გიორგი კაპანაძე; 73-ში – იესო (ბესი) სამსიანი, ზურა ბებია, ლუკა ქუთათელაძე; 81-ში – ნიკოლოზ ჭყოიძე, გიორგი ხვადაგიანი; აბსოლუტურ წონაში – ოთარ ჯაფარიძე, გიორგი ქაშიბაია, საბა სამსიანი. წარმატებულ მოჭიდავეებს მედლები, სიგელები, ხოლო ოქროს მედალოსნებს – თასები, საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
– ტურნირი საინტერესო იყო,- გვითხრა ჯემალ წულუკიძემ, – მისასალმებელია, რომ ქართულ ჭიდაობას მიმდევრები ჰყავს მეზობელ ქვეყნებში და მათმა წარმომადგენლებმა ქართველ მოჭიდავეებს ტოლი არ დაუდეს. საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების სპორტული დელეგაციების ხელმძღვანელებს, მოჭიდავეებს, ქვეყნის 35 მუნიციპალიტეტს იმ დიდი თანადგომისთვის, რაც მათ 3 დღის განმავლობაში გამოიჩინეს. ასეთი თანადგომით ტურნირი მომავალში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

