უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის – ჯამში 44 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის განმავლობაში, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 152 მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას, რამაც დღეის მონაცემებით 1131 პირი შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადგენა და საქართველოდან გაძევება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა ღონისძიებების გზით.
გალერეა


