,,ოქროს წიწილა“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში
By

,,ოქროს წიწილა“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მორიგი პრემიერა – ,,ოქროს წიწილა~ გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი კობა ფაცურია გახლავთ, მხატვარი – გიორგი გოგიტიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ირმა გოგელია, რეჟისორის თანაშემწე – ნინო მუხაშარია, მონაწილეობენ მსახიობები: სოფიო ცინცაძე, მინდია ჩოხარაძე და მერი დიასამიძე.

თეატრს პრემიერა მიულოცა აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა – ქალბატონმა ნინო ლოსაბერიძემ.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორ კობა ფაცურიას (რომელიც თოჯინების თეატრის მსახიობია) 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

სცენაზე თოჯინებით წარმოდგენილი ამბავი მელაკუდასა და მგლის მზაკვრული გეგმით იწყება. ისინი ქათმის ოქროს კვერცხს მოიპარავენ, მაგრამ კვერცხიდან დაბადებული წიწილა ყინჩა მათი ცხოვრების გზას სრულიად ცვლის. მგელი მასზე ზრუნავს და იგი წიწილას  მამასავით შეუყვარდება, ხოლო შურიანი მელაკუდა ცდილობს მათი მეგობრობის დარღვევას. საბოლოოდ, სიცრუესა და ბოროტებაზე სიკეთე იმარჯვებს. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სიყვარული, თავდადება და მეგობრობა.

– პრემიერამ ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც გვქონდა წარმოდგენილი. ეს პიესა არაერთხელ წარმატებით დადგმულა,  როგორც ბატონმა კობამ – ჩვენი თეატრის ვეტერანმა მსახიობმა გვითხრა. ჩვენ მას მთლიანად ვენდეთ და დარწმუნებულები ვიყავით, რომ სპექტაკლი გაამართლებდა. იგი 3+ წლის ასაკის ბავშვებისთვისაა და ვფიქრობ, ჩვენს რეპერტუარში თავის ადგილს დაიჭერს, – გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

– ეს სპექტაკლი მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მოხარული ვარ, რომ პატარებმა ძალიან კარგად მიიღეს. პიესა „ოქროს წიწილა“ შემთხვევით აღმოვაჩინე და ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორ ირაკლი კიკვაძეს შევთავაზე, ხომ არ დაგვედგა-მეთქი. წაიკითხა პიესა და ძალიან მოეწონა. დავიწყეთ მუშაობა, დაახლოებით ერთი თვე  გვქონდა რეპეტიციები. ძალიან ლამაზი დეკორაცია გვაქვს და ვფიქრობ, ბავშვები ისიამოვნებენ ამ სანახაობით. სპექტაკლში, თავდაპირველად, კარგად ჩანს, რომ მგელს წიწილა შესაჭმელად უნდოდა, მაგრამ შემდეგ მამობრივი ინსტინქტები იღვიძებს მასში, გარდაიქმნება და მის გულში დაბუდებული სითბო ყველაფერს ცვლის. ვფიქრობ, პრემიერა შედგა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩვენი პატარა მაყურებლები არიან, თუ მათ სპექტაკლი მიიღეს, ესე იგი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ისინი არიან ყველაზე კარგი შემფასებლები, – გვითხრა კობა ფაცურიამ.

– ეს პიესა, ისევე როგორც მაყურებლისთვის, ჩემთვისაც ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია, რადგან ასეთი განსხვავებული მგელი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, მოვახერხეთ ბავშვების და მგლის დამეგობრება. ამას განსაკუთრებული მიდგომა უნდა, რაც ალბათ შევძელით. სასიხარულოა, რომ ბავშვები ნაბიჯ-ნაბიჯ, მხიარულად, კარგი განწყობით მოგვყვებოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში მათთან ჩართულობაც გვაქვს – სცენიდან ვუსვამდით შეკითხვებს და ისინი გვპასუხობდნენ. მათთვის ეს იყო სასიამოვნო ურთიერთობა სპექტაკლის მონაწილეებთან. კმაყოფილი ვარ, რომ ბავშვების სიხარული გავიზიარე, – გვითხრა მინდია ჩოხარაძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *