„ლექსების გამოფენა“ – ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ტრადიციად იქცა
29-30 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“, ღონისძიება, რომელმაც ორწლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოუყარა თავი იმ ადამიანებს, ვისთვისაც სიტყვა შემოქმედებითი აზროვნების უმაღლესი ფორმაა.
კონკურსმა, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ ტარდება, ტრადიციულად, ერთად შეკრიბა პროზისა და პოეზიის ავტორები, ის საზოგადოება, რომელსაც უბრალოდ, ლიტერატურა ძალიან უყვარს.
წლევანდელი კონკურსზე 300-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი. შეფასება, როგორც ყოველთვის, ანონიმურად წარიმართა – ტექსტებს არ აწერია სახელი და გვარი, მხოლოდ ციფრები აქვს მინიჭებული, რაც ჟიურის წევრებს აძლევს საშუალებას, ორიენტირებული იყვნენ ტექსტის ხარისხზე, სიღრმესა და მთავარ გზავნილებზე. სწორედ ამ პრინციპმა ჩამოაყალიბა „ლექსების გამოფენის“, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური ლიტერატურული პლატფორმის, სანდო რეპუტაცია.
ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მაია მიქაია, ვახტანგ ღლონტი, ბექა ახალაია და გიზო თავაძე, პროზის 100-სიტყვიანი კონკურსის გამარჯვებული გახდა გვანცა ფიფია, ხოლო პოეზიაში პირველი ადგილი პაპუნა გიორგაძემ მოიპოვა.

ფესტივალის ავტორმა და ორგანიზატორმა ზაზა ფირცხალაიშვილმა „ლექსების გამოფენის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
– „ლექსების გამოფენა“ უკვე მეთოთხმეტედ აერთიანებს ავტორებს, რომელთაც სჯერათ სიტყვის ძალის. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის განახლება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ამ კონკურსს უკვე მრავალი წელია ერთგულად უჭერს მხარს. ვფიქრობ, სწორედ ნდობა და ანონიმური შეფასების პრინციპი ქმნის მის გამორჩეულობას, – აღნიშნა ზაზა ფირცხალაიშვილმა.
ფესტივალის არსებობის განმავლობაში, უკვე მე-14 კრებული გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც კონკურსის მეორე დღეს გაიმართა. წიგნში თავმოყრილია კონკურსის ოცეულში გასული ავტორების ტექსტები, რაც დამატებითი სტიმულია, რომ მომავალში ლიტერატურული კონკურსით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს „ლექსების გამოფენაში“, რომელიც არაერთხელ გამხდარა ახალი და საინტერესო ავტორების აღმოჩენის ადგილი.

ჟიურის წევრმა მაია მიქაიამ, რომელიც თავადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო კონკურსის მონაწილე, აღნიშნა:
„ლექსების გამოფენაში“ მონაწილეობა ყოველთვის პასუხისმგებლობასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული. ჟიურიში ყოფნა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, თუმცა, შეფასების პროცესში, ჟიურის პოზიციები თითქმის ემთხვეოდა. მჯერა, რომ თითოეულ ფინალისტს წინ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გზა ელის“.
პროზის გამარჯვებულმა გვანცა ფიფიამ კი გვითხრა, რომ მსგავსი ფესტივალები ახალგაზრდა ავტორების მოტივაციისა და თვითგამოხატვის ფორმირების მნიშვნელოვან პლატფორმად შეიძლება იქცეს.
„ლექსების გამოფენა“ განსხვავებული გამოცდილებებისა და გრძნობების მქონე ადამიანებს აერთიანებს ერთი იდენტობით – სიყვარულით ლიტერატურისადმი.
ჩემი ნაშრომი ზღაპრებზე იყო და სურვილზე, რომ თითოეული მათგანი არა სიტყვებით „ჭირი იქა, ლხინი აქა“, არამედ „ჭირი არსად, ლხინი ყველგან“ სრულდებოდეს. მინდა, ჩვენს რეალობასაც სწორედ ასეთი ფერი ჰქონდეს – თავისუფლების, ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდის“, – თქვა გვანცა ფიფიამ.
წლევანდელმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ლექსების გამოფენა“ არა მხოლოდ კონკურსი, არამედ ლიტერატურული ურთიერთობის, კლასიკური და თანამედროვე მწერლობის დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. იგი ერთი წლით და იმ იმედით დაგვემშვიდობა, რომ მომავალ წელს შეუფერხებლად დაბრუნდება, კვლავ გამოჩნდებიან ადამიანები, ინსტიტუციები და მხარს დაუჭერენ ტრადიციის გაძლიერებასა და გაგრძელებას, რომელმაც არსებობის მნიშვნელოვანი, 14 წელი გადალახა.
ნანა აბულაძე