„აჭარა – ბურჯი საქართველოის“ – რევაზ ჭაღალიძის ახალი წიგნი
„თომა ღაჯიბი“, „დურსუნ ბეგი“, „ურჩი მოძღვარი“, „ჭაღალიძეები“, „დედულეთი“, „მთიელი რაინდი“, „აქიფ ყიფიანი“, „მესაფლავე“, „ლეგიონერი“, „აჭარა- ბურჯი საქართველოის“ – ამ წიგნების ავტორია შუახეველი რევაზ ჭაღალიძე, რომელმაც 70 წელი უკან მოიტოვა. ის თავის შეგნებულ ცხოვრებას ქვეყნის სამსახურს ახმარს და სიამაყით შეუძლია განაცხადოს, რომ სადაც იმუშავა და რა საქმესაც ხელი მოჰკიდა, ყველგან და ყველაფერში ღირსეული კვალი დატოვა.
55 წლის წინათ, მთიელმა ჭაბუკმა ბათუმის ტყავნედლეულის საწარმოო გაერთიანებაში მუშად დაიწყო საქმიანობა. 30 წელზე მეტი დაჰყო ძალოვან სტრუქტურებში, საიდანაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე. სხვადასხვა წელს იყო შპს „ინტერსერვისის“, „დუპლექსის“, „ახალი ბათუმი ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი, 2016 წლიდან კი შპს „ენ ბი ჯი თაუერის“ (სამშენებლო კომპანია) დირექტორია. 2009-2017 წლებში აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო. ყველა საქმესთან ერთად, რევაზ ჭაღალიძის ნიჭიერება ქართულ სიტყვაშიც წარმოჩნდა. თანასოფლელი, 80-მდე წიგნის ავტორი, მწერალი, პროფესორი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერი რამაზ სურმანიძე იყო მისი გზამკვლევი და შემოქმედების შემფასებელი.

„ურჩი მოძღვარის“ შესავალში, რომლის რედაქტორიც ის გახლდათ, წერს: „ურჩი მოძღვარი“ მართლაც რომ ისტორიული ქმნილებაა, მისი სათავე კი საქართველოს ისტორიის სინამდვილეა. წიგნში გადმოცემულია ქართველთა ფათერაკიანი ცხოვრების გზები, მუხანათური მოპყრობა ოსმალო დამპყრობელთაგან, გამწარებული და გაუბედურებული ხალხის ყოფა-ცხოვრება იმ ავადსახსენებელ წლებში, როდესაც ყოველნაირი ხერხით ცდილობდნენ ქართველთა გამუსლიმანებას, მათი სულის გატეხვას, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს ეს. ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი კი თავად ამ წიგნის მთავარი გმირი – მოძღვარი მამა გიორგია, რომელიც ვერაფრით დააჩოქეს, ვერ დაიმონეს, ვერ გადააგვარეს და რჯული ვერ შეაცვლევინეს. მამა გიორგის მაგალითი ნათელი დადასტურებაა მთელი საქართველოს ღირსეული ცხოვრებისა“.
რევაზ ჭაღალიძის მოკრძალება კარგად ჩანს იმ სიტყვებში, რომელიც წიგნს წარუმძღვარა: „მწერლობა არაა ჩემი პროფესია, მე არც პროზაიკოსი ვარ და არც ლიტერატორი. როგორც იტყვიან, ამ საქმის მოყვარული მიმდევარი გახლავართ და უბრალოდ, ეს ჩემი გატაცებაა. ახალგაზრდობიდანვე რომ ამ სფეროში მეცადა ბედი, იქნებ სხვა შედეგისთვის მიმეღწია. მე, უპირველესად, ავტოინჟინერი, იურისტი, მშენებელი გახლავართ. ცხოვრების შეგნებული ნაწილი ამ დარგებში საქმიანობას მოვახმარე, ამიტომ, შესაძლოა, წიგნში ისე მხატვრულად არ არის წარმოდგენილი მოვლენები, როგორც ამას პროფესიონალები აკეთებენ. მიუხედავად ამისა, შევეცადე, გადმომეცა ღირსეული წინაპრების ფათერაკიანი თავგადასავლები, მათი გმირობა, თავდადება, სიყვარული ერის, ქვეყნის, რწმენის მიმართ.
მტრის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლა, თავგანწირვა, ლტოლვა თავისუფლებისთვის იმედია მომავლისა. ეს ყველაფერი მრავალჯერ მომისმენია აქაური ხანდაზმული ადამიანებისგან, რაც რეალობას შეესაბამება და საქართველოს ამ პატარა კუთხეში მცხოვრებ ქართველთა სამშობლოს დასაცავად თავგანწირვაზე მოგვითხრობს. თუ როგორ გამოვიდა ეს ყველაფერი, მკითხველმა თავად განსაჯოს“.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრს, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატს, „საპატიო შუახეველს“, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ქართული მწერლობის ამაგდარის ტიტულის მფლობელს, გაზეთ „კოლხეთის“ პროზის განყოფილების გამგეს, მწერლობაშიც საქმე კარგად მიუდის.
ცხრა წიგნის ავტორის დიდი შენაძენია წელს გამოცემული წიგნი: „აჭარა – ბურჯი საქართველოის“, სადაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს, მისი განუყოფელი კუთხის – აჭარის წარსული და დღევანდელობა.

წიგნის მთავარი რედაქტორია ქართული პოეზიის რაინდი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქართული კულტურის დესპანის მედლის „დიოსკურია 2005“, მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და მშვიდობის დროშის ორდენის მფლობელი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „ქალდეა-საქართველოსა“ და „კოლხეთის“ (ფაზისის) საერო, სამეცნიერო, საერთაშორისო აკადემიების პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პოეტიაკადემიკოსი, საქართველოს განათლებისა და ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა, „ვარძიის“, „აიას“ აკადემიების ნამდვილი წევრი, საპატიო ჩარგალელი, ზუგდიდელი, ხობელი, იყალთოელი, „კოლხური ფსალმუნების“ ორასტომეულის ავტორი, იურიდიულ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა საპატიო დოქტორი, პროფესორი ვაჟა ეგრისელი. მისი რედაქტორობა და ანოტაცია ნათლად მიგვანიშნებს, თუ რა მნიშვნელობის წიგნთან და როგორ ავტორთან გვაქვს საქმე.
„სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე, აჭარაზე და აჭარლებზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ბევრი დაიწერება კიდეც… აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. გარეშე მტრების ურიცხვი შემოსევის მიუხედავად, აჭარამ ბოლომდე შეინარჩუნა ქართული ეროვნული კულტურა, თვითმყოფადობა და ქართული ცნობიერება, ღირსება და სტუმართმოყვარეობა… აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენისა, საქართველო რომ ჰქვია, გაძლების და გამარჯვების ისტორია, თავის შენარჩუნების, არგაბოროტების და არდაბეჩავების, არამედ ტკივილის დამორჩილების, შეჩერების და ძალად ქცევის ისტორია. აჭარამ ბოლომდე შეინარჩუნა თავისი სახელი, წარსული, აწმყო და მომავალი. აჭარა, დღესდღეობით, თავისი კლიმატის, ლანდშაფტისა და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ტურიზმის მრავალ მიმართულებას ავითარებს. მათ შორისაა: საზღვაო, სამთო, სოფლის, ღვინის, საქმიანი, სათამაშო, გასტრონომიული და კულტურულ-ისტორიული ტურიზმი. რეგიონს ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. აჭარის მონახულება შესაძლოა როგორც საჰაერო, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით.
სწორედ აჭარას, მის თავდადებულ ხალხსა და კუთხეს ეძღვნება ბატონ რევაზ ჭაღალიძის მიერ შედგენილი წინამდებარე წიგნი, სადაც თავმოყრილია აჭარაში არსებული ყველა ტრადიცია და ზნე-ჩვეულება, გადმოცემულია აჭარის როლი საქართველოს მთლიანობაში და მოთხრობილია ყველაფერი აჭარაზე და აქაურებზე.
წიგნის შემდგენლის მიერ მოპოვებული მასალები ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებითა და შინაარსით. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი სამაგიდო წიგნი გახდება არა მარტო აჭარლების, არამედ მთლიანად მთელი საქართველოს ღირსეული მამულიშვილებისთვის“, – წერს ანოტაციაში ვაჟა ეგრისელი. მკითხველისთვის საინტერსო იქნება ცალკეული ქვესათაურისა და იმ ავტორების დასახელება, მეცნიერული კვლევები და სხვადასხვა სტატია, რომლებიც შეიტანა რევაზ ჭღალიძემ თავის წიგნში. ესენი არიან: ნადია ჯიბუტი, ვახტანგ ზოიძე, ზაზა შაშიკაძე და მირონ მახარაძე, ალექსანდრე ფრენკელი, გიორგი ყაზბეგი, სერგი მესხი, ზაქარია ჭიჭინაძე, შუშანა ფუტკარაძე, ნინო ბერძენიშვილი და კიდევ 20-მდე ავტორი.
ავტორმა თანასოფლელ მურმან ჭაღალიძის მიერ შეგროვებული „აჭარლების ნათქვამის“ და „ჭვანელთა მუღამები და ოხუნჯობანის“ წიგნში შეტანაც მიზანშეწონილად მიიჩნია, რაც ისტორიულ კვლევებთან ერთად, უკეთ წარმოაჩენს მისი მშობლიური ჭვანის ხეობის მოსახლეობის სიბრძნესა და იუმორს.
რევაზ ჭაღალიძე რამდენიმე წელია ბათუმიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. აჭარის მკვიდრთაგან იგი პირველი შეეცადა, ერთ წიგნად აეკინძა აჭარის წარსული და დღევანდელობა. ამ ნაამაგარზე ოთარ ურუშაძის ავტორობით, რეცენზიები დაიწერა გაზეთებში: „ლიტერატურული საქართველო“ და „სახალხო განათლება“.
წიგნი მოკრძალებული ტირაჟითაა დაბეჭდილი. კარგი იქნება მისი ხელახლა გამოცემა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს აჭარის ისტორიით, კულტურით, ეთნოგრაფიით, თუნდაც, კულინარიითა და ხალხური სიბრძნით დაინტერესებულ მკვლევრებსა და რეგიონის ვიზიტიორებს.
ოთარ ცინარიძე