დღეს ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი იწყება
საქართველოს პრეზიდენტის, იუნესკოს პატრონაჟით, საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, დღეს საღამოს, ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, რომელსაც ჩვენი ქალაქი მეთორმეტედ უმასპინძლებს. წელსაც, ფესტივალი მსმენელს საინტერესო პროგრამას სთავაზობს.
გახსნის დღეს მსმენელთა წინაშე ლეგენდარული ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ წარსდგება. 3 დეკემბერს ცნობილი იაპონელი პიანისტის უსუი ტოშიკის სოლო კონცერტი გაიმართება. 4 დეკემბერს ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის „საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი შედგება.
5 დეკემბერს ვუნდერკინდ – პიანისტის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აჰმედ ალ ჰაშენის სოლო კონცერტი გაიმართება (დახურული ღონისძიება). ამავე დღეს, ბათუმის ზაქარია ფალიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საერთაშორისო კონკურსის French Riviera-ს ფინალისტი ბარბარე თათარაძე დაუკრავს.
6 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, ფესტივალის გრანდიოზული დასკვნითი საღამო გაიმართება, სადაც მსმენელი ლეგენდარულ „ქართულ ხმებს“ მოუსმენს.
მანანა ძიძიშვილი