„მუსიკა საზღვრებს გარეშე“ – მნიშვნელოვანი პროექტი
By

„მუსიკა საზღვრებს გარეშე“ – მნიშვნელოვანი პროექტი

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აქტიურად ხორციელდება საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები. ერთ-ერთია „მუსიკა საზღვრებს გარეშე“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის საერთაშორისო კონტაქტების განვითარებას, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული ურთიერთობების განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ხუთღდიანი საქმიანი ურთიერთობის შემდეგ, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.

ღონისძიებაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, ვიგოს უმაღლესი კონსერვატორიის (ესპანეთი), ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიისა (იტალია) და ტრაპიზონის მუსიკის აკადემიის (თურქეთი) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტის მხარდამჭერები აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი გახლდათ.

– ხუთი საოპერო პროექტი გვქონდა, წელს კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში განვახორციელეთ, რაც ამ ჟანრში პირველი პროექტია. ვფიქრობ, ეს ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი გამოცდილება, მნიშვნელოვანი გამოწვევა და სიძნელეების გადალახვის უნარების შეძენაც იყო, – აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა და საღამოს წამყვანმა, მუსიკისმცოდნე ხათუნა მანაგაძემ.

– დღევანდელი კონცერტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მუსიკას მართლაც არა აქვს საზღვრები. კონცერტზე ერთობლივად მოვუსმინეთ ესპანეთის, იტალიის, თურქეთისა და საქართველოს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მადლობა ხათუნა მანაგაძეს პროექტში ჩადებული დიდი შრომისთვის. მადლობა მათ, ვინც მას მხაში ედგა – ნინო ჩაიძესა და ნინო გოგოტიშვილს. კონცერტზე სტუმარ-მასპინძლებმა ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინეს. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება, – აღნიშნა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა ალაფიშვილმა.

კონცერტის შემდეგ ხათუნა მანაგაძემ მადლობის ბარათები გადასცა როგორც უცხოელ, ისე ქართველ მონაწილე სტუდენტებსა და პედაგოგებს. როგორც მან აღნიშნა, გაცვლითი პროგრამით ჩვენმა სტუდენტმა მარინა ვასილიევამ ნახევარი სემესტრი ვიგოს კონსერვატორიაში ისწავლა, ამჟამად იქ მეორე სტუდენტი მარიამ რამიშვილი სწავლობს, სულ მალე კი ესპანეთში დავით ურუშაძე გაემგზავრება.

– პროექტი მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისთვისაც, რადგანაც სხვა ქვეყნების კულტურასაც ვეცნობით, ამასთან, სტუდენტები კიდევ უფრო იზრდებიან და გამოცდილებას იღებენ. ესპანეთი პროექტში პირველად მონაწილეობს. გავეცანით ქართულ მუსიკას. ჩვენმა სტუდენტებმა ქართველებისგან გამოცდილება მიიღეს. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო იყო. თუ საშუალება მოგვეცემა, კიდევ ჩამოვალთ, – გვითხრა ესპანელმა პედაგოგმა ქრისტინა გარსია ლობამ.

– ვენეციის კონსერვატორიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ხათუნა მანაგაძესთან მესამე წელია ვმეგობრობ. მოხარული ვარ, რომ მეორედ ჩამოვედი ბათუმში. თქვენი ქალაქი ძალიან ლამაზია და მინდა აღვნიშნო, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ის წინ წავიდა, უფრო განვითარდა. განსაკუთრებულად მიყვარს ქართველი ხალხი, ძალიან უბრალოები, მხიარულები, მომღიმრები, სტუმართმოყვარეები არიან. მინდა ვთქვა, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. სურვილი მაქვს, ერთად კიდევ გავაკეთოთ პროექტები, – თქვა ვენეციის კონსერვატორიის პროფესორმა, პიანისტმა ჩეჩილია ფრანკინმა.

კონცერტის ბოლოს რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“ ყველამ ერთად შეასრულა.

პროექტი ახალი პროგრამებით მომავალშიც გაგრძელდება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *