,,ახლა პოლიტიკური გარდატეხის ეპოქაში ვართ“
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში, გარკვეულწილად, წყდება ევროპის ბედი და რომ არა უკრაინელთა თავგანწირვა, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები ახლა პოლონეთის და რუმინეთის საზღვრებთან იქნებოდნენ განლაგებულნი, ცხადია, ევროკავშირსაც ულტიმატუმს წაუყენებდნენ გავლენის სფეროების დაუფლების თვალსაზრისით. ამასთან, ექსპერტთა მოსაზრებით, თუ უკრაინა დამარცხდა ამ ომში, ეს დასავლეთის მარცხი იქნება.
თითქმის მეოთხე წელია, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ასიათასობით დაღუპული, მილიონობით ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები და სოფლები – ეს ომის შედეგია. ცხადია, ყველა ომს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩნდება კითხვა: გაფორმდება თუ არა შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის?
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერების კონტექსტში განაცხადა, რომ მთავარი დათმობა, რაზეც რუსეთი წავა, იქნება ის, რომ ის უბრალოდ შეწყვეტს ომს. ,,მათი (ანუ რუსების) მთავარი დათმობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და მეტ მიწას არ დაიპყრობენ“, – აღნიშნა ტრამპმა. არადა, ამას აცხადებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც, წესით და რიგით, ზეწოლა არა უკრაინაზე, არამედ რუსეთის მიმართ უნდა განხორციელოს. სამწუხაროდ, აშშ რუსეთისადმი ლოიალობას ამჟღავნებს და ახალისებს მას ახალი აგრესიის დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, მოიშალა, დაკანონდა ოკუპაცია, გაერო, პრაქტიკულად, უუნარო ორგანიზაცია აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ღიად საუბრობს რუსული ოპოზიციის ლიდერი გარი კასპაროვი, რომელმაც დასავლეთი და აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის არასათანადო მხარდაჭერაში… ამიტომ არაა გასაკვირი რუსეთის პრეზიდენტის მუქარები კიევის მიმართ, მან კვლავ წამოაყენა პრეტენზიები, ითხოვს ოთხი ოლქის დაბრუნებას (რომელსაც უკრაინა აკონტროლებს) და ამბობს, რომ ომის შეწყვეტას მისი დაწყების ძირეული მიზეზების აღმოფხვრა სჭირდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ კრემლს რეალურად არც აინტერესებს სამშვიდობო გეგმის გაფორმება უკრაინასთან, პუტინის მიზანია უკრაინაში ქაოსი შეიქმნას, სამხედროები პოლიტიკურ ელიტას დაუპირისპირდნენ, ბზარი გაჩნდეს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და ამით ისარგებლოს რუსეთმა, ამავდროულად, სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია, რასაც კიევი და ევროკავშირი არ დაუშვებენ, ვინაიდან უკრაინის კაპიტულაცია მთელი ევროპის კაპიტულაციაა. სწორედ ასეთ აზრს ავითარებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი: „ჩვენ არ გვსურს მშვიდობა კაპიტულაციის გზით, არამედ გვსურს ევროპის ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობა ჩვენს დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა გერმანიის კანცელერმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის სამშვიდობო გეგმა ევროპელებმა 19 პუნქტამდე შეამცირეს, რაც რუსეთმა უარყოფითად შეაფასა და დასძინა, რომ კრემლისთვის 28-პუნქტიანი გეგმა, გარკვეულწილად, მისაღებია. ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: სამწუხაროდ, ფრონტზე მდგომარეობა უკრაინისთვის არასახარბიელოა, ვგულისხმობ იმას, რომ სამხედრო ინიციატივა რუსეთის მხარესაა. დონეცკის,ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქებში რუსეთმა რამდენიმე დასახლება დაიპყრო, რისი მიზეზიც არა იმდენად რუსული ჯარის სიძლიერე, არამედ საზარბაზნე ხორცის სიმრავლეა. როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთი დღეში მინიმუმ ხუთას ადამიანს კარგავს დაღუპულების და დაჭრილების სახით. გარდა ამისა, აშშ უკრაინას არ აწვდის ისეთ იარაღს, მაგალითად, ,,ტომაჰავკს“, რომელსაც შეუძლია რუსეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, არც თანამედროვე თვითმფრინავებს აძლევს, უფრო პირიქით, ემუქრება საერთოდ იარაღის არმიწოდებით, თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის. ამასთან, მნიშვნელოვანი კომპონენტია სანქციები. სამწუხაროდ, აშშ არ უწესებს მომაკვდინებელ სანქციებს რუსეთს, ვგულისხმობ იმას, რომ
„ლუკოილის“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება რამდენიმე თვით გადაიდო, ეს კი, ცხადია, რუსეთს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. ასევე, საყურადღებოა კორუფცია უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის სახელმწიფოებრიობაზე. არც ის არის დასამალი, რომ უკრაინელი მოქალაქეები გაურბიან სამხედრო სამსახურს. ყველა ეს გარემოება ნეგატიურად მოქმედებს უკრაინაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო შეხედულებებს ავითარებენ ანალიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
გიორგი კობერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:
– უკრაინა ტრამპის გეგმის თავის ვერსიას დასთანხმდა ანუ 28 მუხლიდან – 19 მოდიფიცირებულ მუხლს, შესაბამისად, ყველა ის პუნქტი, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი იყო, ამოღებული ან ჩასწორებულია. ეს ყველაფერი პოლიტიკური სვლაა უკრაინის ხელისუფლებისგან, რომ მას არ დაბრალდეს მშვიდობაზე უარის თქმა. სამაგიეროდ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე იქნება, რომელიც მაღალი ალბათობით არ დასთანხმდება გეგმის უკრაინულ ვერსიას, მას უკრაინის სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი განადგურება და ევროპის დასუსტება უნდა, უკრაინულ-ევროპული გეგმით კი ეს ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ომის ამ ეტაპზე დასრულება რთულად წარმოსადგენია, მით უფრო ზაპაროჟიეს ოლქში რუსების წინსვლის ფონზე. მოკლედ, რუსეთს სანამ სჯერა, რომ ომს ბრძოლის ველზე მოიგებს, მანამ ის მშვიდობაზე სერიოზულად არ დაიწყებს საუბარს. თუმცა მეორე ვარიანტი, ანუ სამშვიდობო გეგმის ხელმოწერა და მალევე პირობების დარღვევა, შეიძლება უარესი იყოს. ჩვენ გვახსოვს შეთანხმებები, რომელიც რუსეთმა დაარღვია, მათ შორის მინსკის და იალოვაისკის ტრაგედია, როდესაც შეთანხმებულ მშვიდობიან „მწვანე დერეფანში“ რუსებმა ვერაგულად ჩახოცეს უკრაინელი სამხედროები. რუსეთთან შეთანხმებული მშვიდობა ხშირად ახალი სისხლისღვრის წინაპირობაა. აშშ, როგორც დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი, თვითდესტრუქციაზეა გადასული. გავლენიანი გლობალური მოთამაშე და სუპერძალა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმის ქვეშაა. ზეწოლას ახორციელებდე მოკავშირეზე, კაპიტულანტურ პირობებს უყენებდე მას და მეორე ხელით ახალისებდე აგრესორს, ფინანსური ურთიერთობის აღდგენას ლამობდე, ომის დანაშაულებებისთვის ძებნილი პუტინი მეგობრობის კატეგორიაში გყავდეს და თან მიანიშნებდე, რომ ნატოს გაფართოება ცუდი იდეაა და საკუთარ პარტნიორებს სჯიდე ამის გამო, ნიშნავს, რომ დასავლური სამყაროსთვის ამერიკული პოლიტიკური საყრდენი არასაიმედო გახდა. თუმცა ამას ოფიციალურ დონეზე ჯერ მხოლოდ ცოტა აღიარებს და არც არის გასაკვირი – ევროპული საყრდენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მომდევნო წლებში რა იქნება, ეს არავინ იცის, რადგან ახლა პოლიტიკური გარდატეხის ეპოქაში ვართ…
გელა ირემაძე, პოლიტოლოგი:
– უდავოა, რომ რუსეთის გამარჯვება ან მარცხი უკრაინაში უამრავი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ეს მნიშვნელოვანად დააჩქარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს მესამე მსოფლიო ომისთვის მზად არის აშშ, ევროპა და მით უფრო რუსეთი… ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის წინააღმდეგ არის ამოქმედებული, მას ძალიან დააზარალებს, ეს უკვე აშკარად შეიმჩნევა. საყურადღებოა ამ მხრივ ის, რომ სანქციები დაუწესდა რუსეთის ეკონომიკურ გიგანტს – ,,ლუკოილს“, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი არტერიაა. რაც შეეხება სამშვიდობო გეგმას: რუსეთის მიზანია უკრაინის სრული კაპიტულაცია, ე. წ. 28-პუნქტიანი გეგმა ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა და ის, გარკვეულწილად, პროუკრაინული გახდა, რაც თავის მხრივ მიუღებელია რუსეთისთვის – ეს ქვეყანა ვერ ეგუება სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოებს. დაიდება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის, დრო დაგვანახებს, ერთი რამ კი ცხადია: უკრაინაში იტესტება დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემის მდგრადობა, ამიტომ თუ უკრაინა დამარცხდა, ეს დასავლეთის ეპოქალური მარცხი იქნება, რასაც იმედია, დასავლეთი არ დაუშვებს!
ლაშა ხომერიკი